"ჯვაროსნები". გადაჭარბებული მოლოდინები - ვიდრე საკადრო პრობლემა არ გადაიჭრება, მხოლოდ ლოკალური გამარჯვებების მოპოვება იქნება შესაძლებელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში გუშინ ნორვეგიასთან წაგებას გადაურჩა. ყველას თავისი აზრი აქვს და ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა, შესაძლოა და ალბათ, სუბიექტური. ნათქვამია, კამათში იბადება ჭეშმარიტებაო, მაგრამ მგონია, კამათისას უფრო ნერვებს ვიშლით, რამეთუ როდესაც ადამიანს რაღაცის სჯერა ან რწმენაშია, ძნელია გადაარწმუნო და ამად არ ღირს. მით უმეტეს, ჩვენში ყველა ჩინებულად ერკვევა ორ „რამეში“ - ფეხბურთსა და პოლიტიკაში. უბრალოდ, ყველას აქვს უფლება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ. მოგახსენებთ ყოველგვარი შელამაზებისა და გადაპრანჭული ფრაზების გარეშე, მარტივ ენაზე.
მეც ყველა თქვენგანის მოსაზრებას სიამოვნებით გავეცნობი, პატივისცემით მოვეკიდები და თხოვნა მექნება, ერთმანეთის მიმართ მეტად დელიკატურები ვიყოთ.

მახსოვს, 1994 შემოდგომაზე როგორი აჟიოტაჟი იყო, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მაშინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვასთან სახლში 0:1 დავმარცხდით. შეხვედრის წინ გაზეთ "11X11"-ში წერილიც გამოვაქვეყნე - „როგორია ჩვენი შანსები?“ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ყოველ ციკლს იმედგაცრუება მოჰქონდა, ჯერ უფრო ნიჭიერ ფეხბურთელთა ინდეფერენტულობის გამო, შემდეგ ნიჭიერი თაობაც აღარ გვყავდა და მარცხი „ჯვაროსნების“ წესად იქცა. გადის დრო და მაინც ჯიუტად გამოუსწორებელ ოპტიმისტებად ვრჩებით, ყოველ ჯერზე ვიწყებთ საუბარს მირაჟულ შანსებზე, რასაც კვლავ იმედგაცრუება მოჰყვება და ასე გრძელდება უსასრულოდ. დიდ ტურნირებზე მონაწილეთა რაოდენობაც გაზარდეს, ერთა ლიგიდან იქ უკანა შესასვლელი კარიდან მოხვედრის შესაძლებლობაც მოგვცა უეფამ, მაგრამ ჯერ ამ ძღვენით ვერა და ვერ ვისარგებლეთ.

და 40 წლის შემდეგ (ათვლას იქიდან ვიწყებ, როდესაც დავით ყიფიანმა თამაშს თავი დაანება) ხვიჩა კვარაცხელიას სახით ქართულ ფეხბურთში კვლავ გამოჩნდა არაორდინარული ფეხბურთელი, რომელმაც რაღაც განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველი გაგვიჩინა. რა თქმა უნდა, განვლილ პერიოდში იყვნენ ჩინებული მოთამაშეები, თუმცა ასეთი კლასისა და შემართების მქონენი - არა. ეგაა, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და საფეხბურთო გაზაფხულიც ვერ დაგვიდგა. საკმარისი აღმოჩნდა, კვარაცხელიას ავადმყოფობის გამო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ეთამაშა, რომ თბილისში დავმარცხდით და ისევ ვერ გავაღწიეთ დიდ საერთაშორისო ტურნირზე.

კვლავ დაიწყო ახალი ციკლი, მორიგი იმედებით აღსავსე, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის ჯგუფში იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. ამასობაში ევროშესარჩევმაც აიღო სტარტი და საინტერესო გახლდათ იმის ნახვა, სინამდვილეში რანი ვართ და რისი მიღწევა შეგვიძლია, რამეთუ ერთია ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის ძლევა და სრულიად სხვა კონტინენტის ძლიერ გუნდებთან ტოლ-სწორად ჭიდილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ნოემბერში „ჯვაროსნებმა“ მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმში შვედეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს 2:0 მოუგო, თუმცა ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ ლოკალური გამარჯვება იყო, ვინაიდან სისტემურში გადასასვლელად საკმარისი საკადრო რესურსი არ გაგვაჩნია. გვყავს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი (უპირველეს ყოვლისა, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე), მაგრამ ნაკრები დაბალანსებული არაა, ანუ არ გვყავს 11 სრულფასოვანი მოთამაშე, რომლებიც იმ შრომატევადი სამუშაოს შესრულებას მოახერხებენ, რაზეც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან ნამატჩევს ილაპარაკა. მთელ რიგ პოზიციებზე საშინელი ჩავარდნაა. როგორც ამბობენ - მითხარი როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. ნორდებთან საქართველოს ნაკრებს ნახევარდაცვა არ ჰყავდა. უბრალოდ არ ჰყავდა. ეს ფაქტია. ბურთს ვერავინ იჭერდა, ტემპს ვერ არეგულირებდა, თამაშს ვერ წარმართავდა, გადაცემებს ვერ აკეთებდნენ, კვარაცხელიას და მიქაუტაძეს ბურთის მისაღებად ღრმად უკან უწევდათ ჩასვლა და ა.შ.

Sportall.Ge

საერთოდაც, შეუიარაღებელი თვალითაც იმდენი ხარვეზი დავინახეთ, ამაზე მსჯელობას აზრიც არ აქვს. უნდა დაეყენებინა თუ რა სანიოლს გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში? მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩაკვეტაძე სამწუხაროდ, საკუთარი თავის მხოლოდ აჩრდილია - დრიბლინგში, კარში დარტყმაში, შავი სამუშაოს შესრულებაში - ტექნიკა და ბურთის ფლობის უნარი არ დაუკარგავს და არ მგონია, სხვაზე ნაკლებად სასარგებლო ყოფილიყო. „სლოვანში“ მის რამდენიმე მატჩს ყურადღებით ვუყურე, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ძველი ფორმა ვერ დაიბრუნა, თუმცა ჯერჯერობით ნაკრების ნახევარდაცვის ცენტრში მასზე კარგი ფეხბურთელი ელემენტარულად არ გვყავს.

არ მიყვარს მწვრთნელების კრიტიკა და მათ საქმეში ჩარევა, ისინი შეკრებაზე უკეთ ხედავენ, ვის რა შეუძლია, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი: გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა საზონოვი, ლუკა გაგნიძე და ლუკა ლოჩოშვილი უკვე იმსახურებენ ძირითად შემადგენლობაში თამაშს. რა თქმა უნდა, ეს სრულად ვერ გადაწყვეტს ყველა პრობლემას, მაგრამ ამ ახალგაზრდებს თავიანთი ენერგიითა და ენთუზიაზმით ახალი სისხლის შემოტანა შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად მაინც არ დაიჩაგრებიან. ამ დროს სწორედ „ფიზიკა“ წარმოადგენდა ნორვეგიასთან პრობლემას, როდესაც თითქმის ყველა პირველ ბურთსა და ორთაბრძოლას ვაგებდით, რაც არცაა გასაკვირი და ისევ და ისევ საკადრო პრობლემასთან მივდივართ. ასევე ძირითადში თამაშს იმსახურებს გამოცდილი საბა ლობჟანიძეც.

ჯერ კიდევ ვლადიმერ ვაისი ამბობდა, ნახეთ, როგორ კლუბებში არიან ქართველი ფეხბურთელებიო. სამწუხაროდ, ბევრი იმ საშუალოზე დაბალი კლასის გუნდშიც ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში და როდესაც სანაკრებო დონეზე ისეთ მეტოქეებს ვუპირისპირდებით, რომლებიც ტოპ 5 ლიგის მოთამაშებითაა დაკომპლექტებული, ხარვეზები კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება - ისინი გაცილებით გამართულად თამაშობენ, დისციპლინირებულად, გადაწყვეტილებებს დროზე იღებენ, სწრაფად გადაადგილდებიან, ცარიელ პოზიციაზე იხსნებიან, ლამის ყველა კომპონენტში გვჯაბნიან და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მინიმუმ ერთი სრულფასოვანი საბრძოლო თერთმეტეული არ გვეყოლება.

თორემ, ნორვეგია რომ ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, ეს მეორე ნახევარში დავინახეთ, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა მწვავედ შეუტია; არც ესპანეთი აღარაა ძველებურად გრანდი და გალიდერებულ შოტლანდიას მით უმეტეს ვერ ვუწოდებთ გრანდთა გრანდს. თითქოს მათ დონეზე გასასვლელად სულ ცოტა გვაკლია, მაგრამ არავინ იცის, განსხვავება „ამ ცოტაში“ რამდენ ხანში აღმოიფხვრება და ნუ ვეძებთ მუდამ დამნაშავეს მწვრთნელში. დიახ, მან გუშინ შემადგენლობის დაყენებისას შეცდომა დაუშვა, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ, მზადაა კი საქართველოს ნაკრები დიდი ამოცანების გადასაჭრელად? მგონია, ჯერ არა. იქნება ცალკეული გამარჯვებები, ღმერთმა ინებოს და შეიძლება ერთა ლიგიდან ევროპირველობაზეც გავიდეთ, მაგრამ თვისობრივი ნახტომის განხორციელება შეუძლებელია, სანამ მწვრთნელის განკარგულებაში სრულფასოვანი თერთმეტეული არ იქნება, ხოლო იქამდე ხანდახან მივაღწევთ  წარმატებებს, რაც სამომავლოდ იმედის დაუსრულებელ საფუძველს არ მოგვიშლის.

ამიტომ, ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინები. საბედნიეროდ, გამოჩნდა ჩვენი ახალგაზრდების უკეთეს კლუბებში გადასვლის პერსპექტივები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება უფრო დიდ მიზნებზე ოცნება. ოცნება, რომელიც მარტო ოცნება კი არ იქნება, არამედ რეალობაში გადაიზრდება და უკვე კონკრეტული, მაღალი ამოცანების გადაჭრა გახდება შესაძლებელი.

altშოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა - ამ ჯგუფში შანსი საქართველოსაც ექნება, თუ...

altსოლბაკენი: საქართველის ნაკრებს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია

altსანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

alt"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

altვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ნაკრებიდან

altსაქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 90 /
სანიოლმა თქვა, ხვიჩას დონის ფეხბურთელი ჯერ არ მყოლია და არვიცი მის მიერ დატოვებული სივრცეები როგორ გამოვიყენოო.
ჩემი აზრით ზუსტად ასახა რეალობა მისმა ნათქვამმა. საქართველოსაც არ ჰყოლია მისი დონის სპორტსმენი და არ იცის როგორ მოიქცეს მის მიმართ, გააღმერთოს და ხატებზე მიახატოს თუ ზედ გადაუაროს და ფეხქვეშ გათელოს.
რეალურად ამ ბიჭს ჭირდება ადეკვატური რეაქცია გულშეატკივრის, კარგად თამაშის შემთხვევაში აღნიშვნა და ცუდად თამაშის შემთხვევაში ჯანსაღი კრიტიკა, ან გვერდით დგომა.რათქმაუნდა კრიტიკას ვერავის აუკრძალავ.
რაც მის მიმართ ხდებოდა და ხდება არის სრული მარაზმი. როგორ ვთქვა, მეზიზღება სანაკრებო პაუზებითქო...
როცა ჩამოდის მაშინვე გორდება მის მიმართ შავი პიარი. ვიღაცა ნაგავი პოლიტიკოსი ფოტოს გადასაღებად შეეტენება, ვიღაცა მისი გამოსახულებით ხატს შექმნის, ვიღაცა ავტოგრაფს თხოვს და ათასს რომ მოუწერს ხელს, ათასმეერთეს თუ ვერ მოუწერა, ის გალანძღავს აუცილებლად.
არ გვყოლია ამ დონის ვარკსვლავი და არ იცის ერმა როგორ მოექცეს მას.

თამაშს რაც შეეხება, ბოლომდე იბრძოლა ყველა მომენტზე და სული და გული დადო ნაკრებისთვის. ვიღაცეები ბედნიერად გაბღენძილები წერდნენ, გოლი ვერ გაიტანაო და უხაროდათ. აი როგორ ამოკეტეს ვიკინგებმაო.
ედეგორმა ორი მეტრიდან რომ ააცილა, ნეტა ნორვეგიელი გულშემატკივარი თუ იყო ეგეთი ბედნიერი საინტერესოა.
რათქმაუნდა ყველას არ ვგულისხმობ მაგრამ ამ ტოქსიკურ საზოგადოებაში არაფერი აღარ რჩება გაულანძღავ-გადაუთელავი, ვისაც ეს მოსწონს და ამის მიმართ პროტესტი არ უჩნდება მშურს მისი.

რაც თავი მახსოვს, სულ რაღაცას ვაპროტესტებ ამ ქვეყანაში მაგრამ საშველი არაფერია მაინც.

ახლა ისევ მის ფეხის დაცდენას ელოდებიან. იმედია არ ექნება საქართველოსთან შეხება ფეხბურთის გარდა. როგორც სხვა ფეხბურთელები ისე უნდა ჩამოვიდეს ნაკრებში, ითამაშოს, წავიდეს..
კარგი იქნება თუ ცივ შხაპს გადაასხამს ყველას, ვისაც მასთან პოზიორობა მოუნდება ბობოლებიდან.

5 თვის წინ გადაღებული ფოტო ისევ თავიდან რომ გამოჭიმა ზოგიერთმა ბობოლამ და თავიდან ალანძღინეს ეს ბიჭი ხალხს, მაგაზე კომენტარს ვეღარ ვაკეთებ, გული მერევა ამ პოპულიზმით უკვე.
Skeleton
29 მარტი 2023 17:57
6
ფედერაცია გაზარდე ამხანაგური თამაშების რაოდენობა, რომ ნაკრები შეთამაშდეს! თქვენ გინდათ ოფიციალური თამაშიც მოიგოთ და ნაკრების მოთამაშეებიც შეთამაშებული იყვნენ!? მაგრე არ გამოვა! მონღოლეთი და ტაილანდი! ამას რა დავარქვათ!? წელიწადში ორი ამხანაგური თამაში! ბოლობოლო შექმენით მეორე ნაკრები ეროვნული ლიგიდან და ათამაშეთ მონღოლეთისნაირ ნაკრებებთან! ტაქტიკურ მონახაზს მაინც დაამუშავებთ შეკრებაზე!
მწვრთნელი
29 მარტი 2023 17:01
3
ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ის ფაქტი, რომ ნაკრებში ბევრია ისეთები, ახალგაზრდული ნაკრების ასაკს რომ აკმაყოფილებს. მამარდაშვილი, აზაროვი, გოჩოლეიშვილი,გაგნიძე,კვარაცხელია, დავითაშვილი,მიქაუტაძე...მალე ალბათ ვეტერანებს მადლობა უნდა ვუთხრათ, შეუცვლელის შთაბეჭდილებას უკვე არავინ ტოვებს. თუმცა მათი ჩანაცვლება ერთბაშად ვერ მოხდება, მათი შემცვლელები უნდა გყავდეს კარგად მომზადებული. რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა უნდა მოხვდეს კარგ ევროპულ გუნდში, ამისთვის ჩვენმა კლუბებმა რაღაცას უნდა მიაღწიოს ევროთასებზე. ამაში არანაირი წარმატება არ გვაქვს, ჩვენ კი გვინდა ნორვეგიისნაირ ნაკრებთან ფავორიტები ვიყოთ
merabi-1960
29 მარტი 2023 17:47
1
თუ ეხლანდელი ნაკრები არაა მზად დიდი მიზნებისთვის მაშინ ააცმევინეთ კაშიას კვეკვეს აბურჯას და მათნაირებს ნაკრებიდან გაუხნათ გზა გოჩოლეიშვილის საზონოვის გაგნიძის და მისნაირ კლასიან ახალგაზრდება გამოცდილებას მაინც შეიძენენ და 5წელში მაინც გამოგვადგებიან! მაგრამ მერე ფული როგორღა აკეთოს ფედერაციამ?!
რონი
29 მარტი 2023 20:00
4
მაპატიეთ, მაგრამ ეს ფრე ნორდების დამსახურება უფრო იყო, ვიდრე ჩვენი ბიჭების. სწორედ მათ უნდა ვუთხრათ მადლობა, რომ დაცვაში არ ჩადგნენ და შენარჩუნებაზე არ ითამაშეს, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც, სწორედ შეტევაში გართულებს გამოეპარათ მიქაუტაძეზე გაკეთებული გადაცემა, რომელსაც გოლი მოჰყვა.
ჟორა
29 მარტი 2023 18:44
2
ტოპ ჩემპიონატის მეორე ლიგა ბევრ აღმოსავლეთ ევროპულ უმაღლეს ლიგას ჯობია, მაგრამ საქმე მაინც ბანალურ პრობლემაშია. ადრე თუ სსრკ-დან ჩვენს ფეხბურთელებს არ შეეძლოთ ტოპ ლიგებში გადასვლა, რომელიც მათ პროფესიულად გაზრდიდა, ახლა თითოოროლა თუ მიდის ტოპ ლიგაში, ისიც კვარა წავიდა, მამარდაშვილი, ასევე გაგნიძეს და საზონოვს შეუძლიათ, მაგრამ ეს არაა საკმარისი!
ერთი რამ უნდა დაიმახსოვროს ყველამ, უნდა რაღაც თამასამდე გაიზარდოს ეროვნული ჩემპიონატის დონე და უმთავრესი, პირველივე დაძახილზე, როგორც ადრე კიევის დინამოში ხდებოდა და ახლა დნიპროსა და შახტარში ხდება, ფეხბურთელი არ უნდა წავიდეს კვიპროსში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ჯანდაბაში! სანამ ფეხბურთის დონე არ გაიზრდება, როგორც სერბეთსა და ხორვეტიაში და ევროტურნირებზე ჩვენი კლუბები შორს ვერ გავლენ, მანამდე ასე ერთ ადგილას ვიბუქსავებთ, თუმცა მიმაჩნია, რომ ნაკრებს ნორვეგიასთან მეტის გაკეთება შეეძლო, მაგრამ განვლილს ვეღარ გამოვასწორებთ და თუ კარგად ვითამაშებთ და ჩვენს თამაშს ვიპოვით, მაშინ არაფერია შეუძლებელი. უყურებ ნორვეგიას და ტოპ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებითაა გაძეძგილი და ჩვენ? მათ მსგავსად რომ ჩვენი ბიჭები მსგავს ჩემპიონატებში თამაშობდნენ ვისზე ნაკლები ნაკრები ვიქნებოდით? მაგრამ სტატიის ავტორისა არ იყოს ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინები. ნამდვილად აქვს ზოგიერთ ფეხბურთელს ტოპ ჩემპიონატში გადასვლის შანსი, მაგ. გოჩოლეიშვილს, გაგნიძეს საზონოვს და ღმერთმა ხელი მოუმართოთ!
ლაშა
29 მარტი 2023 17:16
0
ლობოტკა გვჭირდება ნახევარდაცვაში
შმოლა
29 მარტი 2023 20:13
3
დავითაშვილმა რა გააკეთა როგორი პასი არ მისცა კვარაცხელიას თავის უახლოეს მეგობარს,ძალიან მიმბაძველი და ქერქეტა ბიჭია,ჩაკვეს რო ეთამაშა ამას იზავდა?!რა მოგწონს ამ დავითაშვილში სანიოლ???
ბექა
29 მარტი 2023 19:34
3
კარგია ქულა რონავიღეთ, არაუშავს არ გამოგვივიდა თამაში, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რო არ შეგვიძლია თამა და ესაა ჩვენი მაქსიმუმი, თქვენი არ ვიცი მაგრამ მე იმედიანად ვარ.
buxrika
29 მარტი 2023 19:01
6
კარგი სტატიაა
გიო
29 მარტი 2023 16:39
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული