"ჯვაროსნები". გადაჭარბებული მოლოდინები - ვიდრე საკადრო პრობლემა არ გადაიჭრება, მხოლოდ ლოკალური გამარჯვებების მოპოვება იქნება შესაძლებელი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში გუშინ ნორვეგიასთან წაგებას გადაურჩა. ყველას თავისი აზრი აქვს და ეს უბრალოდ ჩემი მოსაზრებაა, შესაძლოა და ალბათ, სუბიექტური. ნათქვამია, კამათში იბადება ჭეშმარიტებაო, მაგრამ მგონია, კამათისას უფრო ნერვებს ვიშლით, რამეთუ როდესაც ადამიანს რაღაცის სჯერა ან რწმენაშია, ძნელია გადაარწმუნო და ამად არ ღირს. მით უმეტეს, ჩვენში ყველა ჩინებულად ერკვევა ორ „რამეში“ - ფეხბურთსა და პოლიტიკაში. უბრალოდ, ყველას აქვს უფლება, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და ჩემს მოკრძალებულ აზრს მოგახსენებთ. მოგახსენებთ ყოველგვარი შელამაზებისა და გადაპრანჭული ფრაზების გარეშე, მარტივ ენაზე.
მეც ყველა თქვენგანის მოსაზრებას სიამოვნებით გავეცნობი, პატივისცემით მოვეკიდები და თხოვნა მექნება, ერთმანეთის მიმართ მეტად დელიკატურები ვიყოთ.

მახსოვს, 1994 შემოდგომაზე როგორი აჟიოტაჟი იყო, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მაშინ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვასთან სახლში 0:1 დავმარცხდით. შეხვედრის წინ გაზეთ "11X11"-ში წერილიც გამოვაქვეყნე - „როგორია ჩვენი შანსები?“ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ყოველ ციკლს იმედგაცრუება მოჰქონდა, ჯერ უფრო ნიჭიერ ფეხბურთელთა ინდეფერენტულობის გამო, შემდეგ ნიჭიერი თაობაც აღარ გვყავდა და მარცხი „ჯვაროსნების“ წესად იქცა. გადის დრო და მაინც ჯიუტად გამოუსწორებელ ოპტიმისტებად ვრჩებით, ყოველ ჯერზე ვიწყებთ საუბარს მირაჟულ შანსებზე, რასაც კვლავ იმედგაცრუება მოჰყვება და ასე გრძელდება უსასრულოდ. დიდ ტურნირებზე მონაწილეთა რაოდენობაც გაზარდეს, ერთა ლიგიდან იქ უკანა შესასვლელი კარიდან მოხვედრის შესაძლებლობაც მოგვცა უეფამ, მაგრამ ჯერ ამ ძღვენით ვერა და ვერ ვისარგებლეთ.

და 40 წლის შემდეგ (ათვლას იქიდან ვიწყებ, როდესაც დავით ყიფიანმა თამაშს თავი დაანება) ხვიჩა კვარაცხელიას სახით ქართულ ფეხბურთში კვლავ გამოჩნდა არაორდინარული ფეხბურთელი, რომელმაც რაღაც განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველი გაგვიჩინა. რა თქმა უნდა, განვლილ პერიოდში იყვნენ ჩინებული მოთამაშეები, თუმცა ასეთი კლასისა და შემართების მქონენი - არა. ეგაა, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და საფეხბურთო გაზაფხულიც ვერ დაგვიდგა. საკმარისი აღმოჩნდა, კვარაცხელიას ავადმყოფობის გამო ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ეთამაშა, რომ თბილისში დავმარცხდით და ისევ ვერ გავაღწიეთ დიდ საერთაშორისო ტურნირზე.

კვლავ დაიწყო ახალი ციკლი, მორიგი იმედებით აღსავსე, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის ჯგუფში იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. ამასობაში ევროშესარჩევმაც აიღო სტარტი და საინტერესო გახლდათ იმის ნახვა, სინამდვილეში რანი ვართ და რისი მიღწევა შეგვიძლია, რამეთუ ერთია ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის ძლევა და სრულიად სხვა კონტინენტის ძლიერ გუნდებთან ტოლ-სწორად ჭიდილი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ნოემბერში „ჯვაროსნებმა“ მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმში შვედეთის საკმაოდ ძლიერ გუნდს 2:0 მოუგო, თუმცა ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ ლოკალური გამარჯვება იყო, ვინაიდან სისტემურში გადასასვლელად საკმარისი საკადრო რესურსი არ გაგვაჩნია. გვყავს რამდენიმე კარგი ფეხბურთელი (უპირველეს ყოვლისა, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე), მაგრამ ნაკრები დაბალანსებული არაა, ანუ არ გვყავს 11 სრულფასოვანი მოთამაშე, რომლებიც იმ შრომატევადი სამუშაოს შესრულებას მოახერხებენ, რაზეც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან ნამატჩევს ილაპარაკა. მთელ რიგ პოზიციებზე საშინელი ჩავარდნაა. როგორც ამბობენ - მითხარი როგორი ნახევარდაცვა გყავს და გეტყვი, როგორი გუნდი გყავს. ნორდებთან საქართველოს ნაკრებს ნახევარდაცვა არ ჰყავდა. უბრალოდ არ ჰყავდა. ეს ფაქტია. ბურთს ვერავინ იჭერდა, ტემპს ვერ არეგულირებდა, თამაშს ვერ წარმართავდა, გადაცემებს ვერ აკეთებდნენ, კვარაცხელიას და მიქაუტაძეს ბურთის მისაღებად ღრმად უკან უწევდათ ჩასვლა და ა.შ.

Sportall.Ge

საერთოდაც, შეუიარაღებელი თვალითაც იმდენი ხარვეზი დავინახეთ, ამაზე მსჯელობას აზრიც არ აქვს. უნდა დაეყენებინა თუ რა სანიოლს გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში? მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩაკვეტაძე სამწუხაროდ, საკუთარი თავის მხოლოდ აჩრდილია - დრიბლინგში, კარში დარტყმაში, შავი სამუშაოს შესრულებაში - ტექნიკა და ბურთის ფლობის უნარი არ დაუკარგავს და არ მგონია, სხვაზე ნაკლებად სასარგებლო ყოფილიყო. „სლოვანში“ მის რამდენიმე მატჩს ყურადღებით ვუყურე, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ ძველი ფორმა ვერ დაიბრუნა, თუმცა ჯერჯერობით ნაკრების ნახევარდაცვის ცენტრში მასზე კარგი ფეხბურთელი ელემენტარულად არ გვყავს.

არ მიყვარს მწვრთნელების კრიტიკა და მათ საქმეში ჩარევა, ისინი შეკრებაზე უკეთ ხედავენ, ვის რა შეუძლია, მაგრამ გავკადნიერდები და ვიტყვი: გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა საზონოვი, ლუკა გაგნიძე და ლუკა ლოჩოშვილი უკვე იმსახურებენ ძირითად შემადგენლობაში თამაშს. რა თქმა უნდა, ეს სრულად ვერ გადაწყვეტს ყველა პრობლემას, მაგრამ ამ ახალგაზრდებს თავიანთი ენერგიითა და ენთუზიაზმით ახალი სისხლის შემოტანა შეუძლიათ. ყოველ შემთხვევაში, ფიზიკურად მაინც არ დაიჩაგრებიან. ამ დროს სწორედ „ფიზიკა“ წარმოადგენდა ნორვეგიასთან პრობლემას, როდესაც თითქმის ყველა პირველ ბურთსა და ორთაბრძოლას ვაგებდით, რაც არცაა გასაკვირი და ისევ და ისევ საკადრო პრობლემასთან მივდივართ. ასევე ძირითადში თამაშს იმსახურებს გამოცდილი საბა ლობჟანიძეც.

ჯერ კიდევ ვლადიმერ ვაისი ამბობდა, ნახეთ, როგორ კლუბებში არიან ქართველი ფეხბურთელებიო. სამწუხაროდ, ბევრი იმ საშუალოზე დაბალი კლასის გუნდშიც ვერ ხვდება ძირითად შემადგენლობაში და როდესაც სანაკრებო დონეზე ისეთ მეტოქეებს ვუპირისპირდებით, რომლებიც ტოპ 5 ლიგის მოთამაშებითაა დაკომპლექტებული, ხარვეზები კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება - ისინი გაცილებით გამართულად თამაშობენ, დისციპლინირებულად, გადაწყვეტილებებს დროზე იღებენ, სწრაფად გადაადგილდებიან, ცარიელ პოზიციაზე იხსნებიან, ლამის ყველა კომპონენტში გვჯაბნიან და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მინიმუმ ერთი სრულფასოვანი საბრძოლო თერთმეტეული არ გვეყოლება.

თორემ, ნორვეგია რომ ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, ეს მეორე ნახევარში დავინახეთ, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა მწვავედ შეუტია; არც ესპანეთი აღარაა ძველებურად გრანდი და გალიდერებულ შოტლანდიას მით უმეტეს ვერ ვუწოდებთ გრანდთა გრანდს. თითქოს მათ დონეზე გასასვლელად სულ ცოტა გვაკლია, მაგრამ არავინ იცის, განსხვავება „ამ ცოტაში“ რამდენ ხანში აღმოიფხვრება და ნუ ვეძებთ მუდამ დამნაშავეს მწვრთნელში. დიახ, მან გუშინ შემადგენლობის დაყენებისას შეცდომა დაუშვა, მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ, მზადაა კი საქართველოს ნაკრები დიდი ამოცანების გადასაჭრელად? მგონია, ჯერ არა. იქნება ცალკეული გამარჯვებები, ღმერთმა ინებოს და შეიძლება ერთა ლიგიდან ევროპირველობაზეც გავიდეთ, მაგრამ თვისობრივი ნახტომის განხორციელება შეუძლებელია, სანამ მწვრთნელის განკარგულებაში სრულფასოვანი თერთმეტეული არ იქნება, ხოლო იქამდე ხანდახან მივაღწევთ  წარმატებებს, რაც სამომავლოდ იმედის დაუსრულებელ საფუძველს არ მოგვიშლის.

ამიტომ, ნუ გვექნება გადაჭარბებული მოლოდინები. საბედნიეროდ, გამოჩნდა ჩვენი ახალგაზრდების უკეთეს კლუბებში გადასვლის პერსპექტივები და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება უფრო დიდ მიზნებზე ოცნება. ოცნება, რომელიც მარტო ოცნება კი არ იქნება, არამედ რეალობაში გადაიზრდება და უკვე კონკრეტული, მაღალი ამოცანების გადაჭრა გახდება შესაძლებელი.

altშოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა - ამ ჯგუფში შანსი საქართველოსაც ექნება, თუ...

altსოლბაკენი: საქართველის ნაკრებს სიურპრიზი არ შემოუთავაზებია

altსანიოლი: ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ - ცვლილებების შემდეგ თამაში გადავარჩინეთ

alt"გაგვიჭირდა - შედეგი ნორმალურია" - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თამაში შეაფასეს

altვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება საქართველოს ნაკრებიდან

altსაქართველოს ნაკრებმა მძიმე მატჩი ნორვეგიასთან ფრედ დაასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 90 /
სანიოლს არ მოსწონს ჩაკვეტაძე,სამაგიეროდ ძალიან მოსწონს დავითაშვილი და აბურჯანია,მე კიდე ცალფეხა ჩაკვე მირჩევნია ორივეს!!!!!
სოსო
29 მარტი 2023 18:38
2
სანიოლსაც მოსწონს ჩაკვეტაზე სეხნიავ.იცის მისი შესაძლებლობები და ისიც,რომ ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა კრიზისიდან.ისიც იცის რომ ფიზიკური ორთაბრძოლების შიში, ჯერ კიდევ აქვს გიოს და მის გადასალახავად კიდევ სჭირდება დრო.რატომ არ უშვებ,რომ სწორედ მის ფსიქოლოგიას გაუფრთხილდა?ორჯერ მასზე დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ ბრძოლა,როცა ჩანს,რომ საკმაოდ პატარა ფიზიკურ კონტაქტზეც კი,ეცემა ჯარიმის მოლოდინში და ჰამბურგში თამაშის დროსაც,ძალიან უჭირდა კონტაქტური ბრძოლა,გიოსთვის შესაძლოა ახალი ტრავმის მიზეზიც გამხდარიყო.თუ ბრძოლას აერიდება,ჩვენ გავლანძღავდით(მაგისი დიდოსტატები კი ვართ),თუ იბრძოლებდა მაშინ კი,საკუთარი თავისთვის უნდა ეჯობნა და შესაძლოა კვლავ ტრავმაც მიეღო(ფიზიკური,ან ფსიქოლოგიური).ჩვენ ხომ არ ვიცით,მისი ჯანმრთელობა რამდენად მყარია.თამაში თუ წაგვივიდოდა,კიდევ შეიძლება შემოეშვა,მაგრამ ისეთი დაძაბული ბრძოლა წავიდა,სანიოლი უბრალოდ ვერ გარისკავდა.აგერ,ირაკლი აზაროვსაც როგორ გაუჭირდა ფიზიკურად და ბოლოს,ტრავმაც მიიღო.სანიოლმა გასულ წელსაც დაამტკიცა,რომ კარგი მწვრთნელია და ამ თამაშშიც,ცუდი დასაწყისის შემდეგ,შესძლო და გადააწყო გუნდი,სხვა სისტემაზე.
სოსო
29 მარტი 2023 19:30
4
ვინც აბურჯანიას ფეხბურთელობა დააბრალა :( ტიპი შეტევაში უკან ტრიალდება და მეკარეს აძლევს პასს,იმაასაც არაზუსტს :) ჯობს ახალგაზრდები დააყენოს,ვიდრე პენსიონერები.
დავითი
29 მარტი 2023 20:18
0
როგორც ვაისი ვერ ელეოდა გვილიას ნახევარდაცვის ცენტრში, ისე ვერ ელევა სანიოლი აბურჯანიას. აბურჯანიამ თითქმის ყველა თამაში ჩააგდო, მონღოლეთთან ვერ გაქაჩა და ნორვეგიასთან რო ჩააგდებდა იასნი იყო. ჩაკვე ან გაგნიძე უნდა დაეყენებინა
xd
29 მარტი 2023 20:19
1
მთელი თამაშის განმავლობაში შეგრძნება მქონდა თითქოს ნორვეგიელები მინდორზე მეტნი იყვნენ,სადაც კი ბურთი იყო იქ აუცილებლად პირველი ნორვეგიელი იყო.შეიძლება ტექნიკა არ გქონდეს,საფეხბურთო ინტელექტით არ ბრწყინავდე,მაგრამ ცოტა რომ გაინძრე,თავისუფალი ადგილი მონახო ასე ძნელია?ჩვენები აუტსაც რომ აწოდებდნენ არავინ არ იხსნებოდა,მეტოქის ზურგ ეფარებოდა,ალბათ ქარს რომ არ წაეღო.ფეხბურთი გუნდური თამაშია და მინიმუმ 8 ფეხბურთელი მაინც უნდა გყავდეს ნორმალური,სამ მკვდარს კიდევ აიტანს გუნდი,მაგრამ 8 მკვდარი ნამეტარია!
გურულო
29 მარტი 2023 16:56
2
ყველა კომენტარი ამოვიკითხე და ვერავისგან ვერ ვნახე გამოსავალი. კი იყო ცალკეული მცირე რჩევები, მაგრამ ძირითადი მაინც ჩემი აზრით რამოდენიმე ხარვეზია სასწრაფოდ აღმოსაფხვრელი რაც შეუიარათებელი თავითაც თვალშისაცემია. 1) ფიზიკა, რასაც სანიოლი კი არა კაპელო და ლობსნოვსკი 4-7 დღეში გუნდს ვერ გაუუმჯობესებს. მეორე ტაწტიკა და უბურთოდ მოძრაობა. და მესამე შაბედნიეროდ 5 შეცვლა გვაქვს ახალი წესებით გამოიყენე მაქსიმალურად . ტაიმი მოიკლას თავი ვისაც სირბილი და პრესიმგი ევალება .მეორე ტაიმი შეცვალე და ეხლა იმან მოიკლას თავი. და მთავარი მამაცხონებული, მიქაუტაძე გარბის ცენტრ მცველთან ბურთის ასართმევად მსრცხნივ კვარას აყავს მცველი რათა პასის შემთხვევაში მოაწციოს წნეხში ამ დროს სხვა დანარჩენი იყურებს ეს ორი კაცო როგორ ებრძვის ოთხ მცველს. წადი შენც გაიქეცი აიყვანე მესამე , მეოთხე მცველი . აიყვანე ნახევარმცველები და ასეყურადღებით პრესინგში მოაქციე, ნუთუ ამას მწვრთვნელის მითითება უნდა? ყურადღება და მონდომება უნდა.
და მთავარი თუ ფეხბურთელიბაზე ამბიცია და პრეტენზია გაქვს დადე თავი და დამაჯერე რომ ორი ტაიმი შეგიძლია სირბილი, არა და ტაიმი შენ ითამაშე ტაიმს მე ვითამაშებ და ნუ გეწნება ძირითადის ამბიცია. პირველი შენ მეორე მე . ან პურიქით ეს უკვე სანიოლმა გადაწყვიტოს როდის ვისთა ვის რომელ ტაიმში დააყენებს
შოთა
30 მარტი 2023 03:35
0
კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდა,გახსოვთ ხვიჩას ესპანეთთან რომ გაატანინა აი ეგეთი პასებით ვერავინ მოამარაგა ნორვეგიასთან ხვიჩა,კრიატიული ფეხბურთელები გვინდა, ამის პოტენციალი ჩაკვესაც აქვს!!
გიორგი
29 მარტი 2023 17:46
3
ძალიან არასწორი შემადგენლობა იყო დაყენებული, მოედნის ცენტრი ფაქტიურად იმათი იყო ბურთის დამჭერი და ამტანი შემტევებამდე არავინ იყო და იმიტომაც იყო განცდა რომ თითქოს მეტნი იყვნენ ისინი პირველ ტაიმში, ცენტრი საერთოდ იმათი იყო.... არა და რამხელა რესურსი გვქონდა ცენტრი ჩვენი ყოფილიყო ჩაკვეტაძის და გაგნიძის დაყენებით, ფლანგებზე მცველებს აყენებს შემტევებად და მართლა შემტევები სკამზე ყავდა ლობჟანიძის წიტაიშვილის და თუნდაც გოჩოლეიშვილის სახით..... აი ჩაკვეტაძე ხო საერთოდ უნიკალური შემთხვევაა რა, ყოველ გამოძახებაზე არ ათამაშებს და სულ ერთი და იგივე კომენტარი აკერია პირზე მზად არაა, როგორ არაა მზად კლუბში 90 წუთი თამაშობს სულ და მონღოლეთთანაც ეგ ამწვავებდა ყველაზე მეტად. ნახე პირველ ტაიმში დაგვახიეს ბურთი თავზე ცენტრი წაგვართვეს და არც მაშინ შემოგყავს... ვინ იღებს ამ სულელურ გადაწყვეტილებებს? დავიჯერო მხოლოდ სანიოლი???!!!
pirlo
29 მარტი 2023 17:26
2
ჩემო კარგო ვაჟა ქუთელია, თუ არაა ჩვენი ნაკრები დიდი ამოცანების გადასაჭრელად მზად, მაშინ მითუმეტეს მშვენიერი ახალგაზრდები გვყავს სათადარიგოში და ისინი ვათამაშოთ და შევქმნათ მომავლის გუნდი, (რომელიც 1-2 წელიწადში ნამდვილად შედეგს დადებს) ვიდრე ეს არაფრისმაქნისი პენსიონერები ვათამაშოთ.
მეორე კიდე, ყველა რო ჩაკვეტაძის თამაშს ითხოვთ ჩემსავით, ტრიბუნების მიერ იძულებით მოთხოვნილი შეცვლები არ გინახიათ მსოფლიო სტადიონებზე თუ არ გაგიგიათ ჰა, ჰოდა თქვე ოჯახაშენებულებო იმ 20 000-ს სტადიონზე მჯდომ გულშემატკივრებს არ შეგეძლოთ ერთი ხუთი წუთი მაინც გეყვირათ აუცილებელ შეცვლებზე. ან იქნებადა ის ჩამოსული ფრანგი, სულაც ვერ ბედავს თავისთვის საჭირო შემადგელობის დაყენებას.
მალხაზ ჯობავა
29 მარტი 2023 18:59
4
უბრალოდ კარგი კი არა იდეალური სტატიაა. რაც არ უნდა იფილოსოფოსონ ფეხბურთელი გვყავს ერთი. ხვიჩა კვარაცხელია. მამარდაშვილი არაა მაღალი დონის მეკარე, ხშირად ხელიდან უვარდება ბურთი,რაც გუშინ მოუვიდა ორჯერ. გოლი ბრწყინვალე შესრულებული იყო, მაგრამ არც გააკეთა ნახტომი, ვერ მოახდინა რეაქცია. დანარჩენები ყველა ერთია. ერთ თამაშში შეიძლება ერთი სჯობდეს, მეორეში მეორე. საერთოდ მთელი ქვეყანა წარსულით ცხოვრობს, ილუზიები, ფანტაზიები სჭირს უმრავლესობას ყველაფერში. გუშინ ჩვენ კი არ ვეთამაშეთ ფრე, არამედ ნორვეგიამ ვერ მოგვიგო სასწაულად. ორჯერ ცარიელ კარში აცდენილი ბურთები იშვიათობაა. საერთოდ როცა რეალურად აფასებ ჩვენს ნაკრებს და მის შანსებს, გამოხტებიან ვიღაცეები და გეტყვიან ფეხბურთის აზრზე არ ხარო. თამაშის წინ სულ ოპტიმისტური კომენტარებია, თამაშის შემდეგ მიდის შეურაცხყოფა ფეხბურთელების მწვრთნელების მსაჯების. საკვირველი კიდევ ისაა რომ ყველამ იცის თუ როგორი შემადგენლობით უნდა ეთამაშა ნაკრებს. მოკლედ უახლოეს მომავალში ჩვენი ნაკრები ვერ მიიღებს მონაწილეობას ვერცერთ დიდ ტურნირზე, სიმართლე გითხრათ ასეთი ნაკრებით,არც მინდა, რადგან ვიცი რომ ძლიერ ნაკრებთან უბრალოდ გავნადგურდებით.
დავით 67
29 მარტი 2023 18:56
7
შეუძლიათ იფრინონ,მეორეში სირცხვილი ჭამონ და ეგრე გრძელდება ყოველთვის 30წელზე მეტია. ამას თავის მიზეზები აქვს. ჩვენი შანსი ისევ და ისევ ერთა ლიგაა,სადაც გაცილებით ცოტა თამაშია და არასტაბილურობამ შეიძლება იმდენად არ იმოქმედოს.ამ ჯგუფში ობიექტურად, ოსლოში და გლაზგოში ზოზინა ცენტრით შანსი არ გვაქ,მაგრად წავაგებთ ,განსაკუთრებით ოსლოში. არც ის მგონია რომ კვეკვესკირი ან აბურჯანია სკამზე დასვას კრიშავენ ორივე ფეხბურთელს ნაკრებში. ან კობახიძეს როგორ იძახებენ, ტიპი დინამო ბათუმის კაპიტანია და ამ დროს ბათუმის სკამზეც არ დავსვავდი,ყოველ ორ ტურში თელავებთან და გაგრებთან იდირკება და ეხლა ნაკრებიო ))))))))) ლოჩოშვილმა ორი წელი რომ გამოტოვოს კობახიძეს მაინც აჯობებს.
დავითი
29 მარტი 2023 16:30
2
ნამდვილად კარგი სატატიაა და მომინდა მეც ჩემი აზრი გამოვთქვა. კი მართლაც ყველას ''ძალიან მაგრად'' გვესმის ფეხბყრთი და პოლიტიკა ავტორის თქმის არ იყოს. მე ეს ორივე რაღაცით გადაჯაჭულიც მგონია ისე გვანან ერთმანეთს. ეს 30 წელია ორივეგან ერთ ადგილზე ვტრიალებთ. ბოდიშით ცოტას რომ გადაუხვევ, მაგრამ ის ვითომ სწრაფვა სიკეთისკენ ვინ იცის ბოლო ბოლო ასრულდეს. თუმცა ამდენი ხანის წვალებას იმ ყველა მთავრობამ ერთი და იგივე ''შეცდომა'' დაუშვა სასამართლო და ძალოვნები ყველამ თავისთვის დაიქვემდებარა. ამიტომ გაიწელა ჩვენი გზაც აქმადე სანამ ევროპას ძალიან არ მოუნდა საქართველო როგორც გამტარი. ახლა კი ფეხბურთზე და რატომ გვანან ჩემი გაგებით ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთს ჩვენთან. ამ 30 წელში მე და ბევრს გვახსოვს ნიჭიერი და იმედის მომცემი ფეხბურთელები, შემადგენლობაც საკმაოდ დაკომპლექტებული და მწვრთნელებიც სხვა კალიბრის წარმატებული თუ სახელოვანი მწვრთნელებიც. აქ აღარ ჩამოვთვლი ბევრი იყვნენ ასეთები. მართლა ჯადო გვჭირს თუ არ ვიმსახურებთ ევროპაზე ან მსოფლიოზე მოხვედრას? მართლა არ გვყავს 11 ისეთი ფეხბყრთელი შემადგენლობაში რომ ვერ გავქაჩავთ ასეთ დიდი ტურნირზე თუნდაც მოხვედრას? მოდით მოვიგონოთ ის ნაკრებები რომლებმაც შეძლეს და არც ჩვენზე დიდად წინ არ იყვნენ. ლატვია ევროპაზე ძოძუაშვილმა გაიყვანა სტარკოვთან ერთად თუ გვარი სწორად მახსოვს. იმ პერიოდში ტოპმელერიც გვაყავდა მერე კუპერიც ან შებრუნებით რა მნიშვნელობა აქვს? არც ერთი ფეხბურთელი არ მახსოვს მილევსკი და პახარსის გვარების დარდაა. ყველა უსახელოები იყვნენ და ასეთებად დარჩნენ, მაგრამ ისროტია შექმნეს. ისნალდია, ალბანეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ადრეული ნორევიაგიას ასეთები არ ყავდათ მაგრამ ძლიერი ნაკრები ყავდათ. იგივე მაკედონია ჩვენს მაგივრად მოხვდა. რატომ ხდება წლებია ასე? თევზი თავიდან ყროლდება და ჩვენ ტაქტიკაზე, ხან მოთამაშეების ფორმაზე ანაც მათ ძირითადში ადგილის მართებულობაზე ვლაპარაკობთ. ეს 30 წელია გვესმის და ვლაპარაკობდით რომ ნაკრებში ხდება ის, რაც არ ხდება არსად დედამიწის არც ერთ ქვეყანაში. ამაზე ხან მძაფრად ვრეაგირებთ და მერე ისევ მივჩუმათდებით, როგრც ყოველთვის და ასე მთავრდება ყოველთვის, ყველა ფედერაციის დროს. ნორვეგიელებს, ინგლისელებს ან გერმანელებს ვერ აუხსნი, როგორ შეიძლება ვინმე ფეხბურთელმა რამით ''დააინტერესოს'' ფედერაციის ფუნქციონერი და ასე მიიწვიონ ნაკრებში. ჯერ საქრთველო მითხარით ფეხბურთის რუქაზე და მერე იქ გამაზვით მოხვედრილი ბალასტებით იმ ინგლისს ან თუნდაც ნორვეგიას გვინდა მოუგოთ. ეს ყველამ ვიცით მაგრამ ვითომ არ ვიცით. აი ზუსატდ ისე. ის იქ ბუჩქებში რომ ზის და ყველაფერს აკონტროლებს და ვითომ არვინ არაფერი ვიცით, მაგრამ ყველამ ყველაფერი ვიცით. მოკლედ იგივე სასმართლოა და ფედერაცია ყოველთვის თავი და თავი აქ. ამოტომ ვამსგვასებ პოლიტიკას და ფეხბურთს საქართველოში ერთმანეთს. გაჭრილი ვაშლივით გვანან ჩემი აზრით. უბრალოდ მითხარით როგორ შეიძლება თავდამსხმელმა 2-3 წელი ნაკრებში ითამაშოს და ბურთი ვერ გაიტანოს? გახსოვთ რამდენს ვყვიროდით იმ თავდამსხმელზე? ისეთი ''წარჩინებული იყო თავის საქმეში'' რომ დატოვეს ფედერაციაში, მგონი ნაკრებს კურირებს ფედერაციაში როგორც მახსოვს. ასე გრეძელდება 30 წელია ესტაფეტა გადადის ხელიდან ხელში. ამაზე არვინ არაფერს წერთ და აღარც ლაპარაკობთ. იმ ჩამოთვლი ქვეყნებში ეს არ ხდება და ამიტომ არის განსხავავება ჩვენში ასეთი დიდი. აქაც ფეხბურთში ბოლო ბოლო პოლიტიკის არ იყოს ფეხბურთშიც იმედი მაქვს ასრულდება და გავალთ ევროპაზე. მე და ბევრ ჩემნაირს ოცნების ბიჭი დაგვებადა და მოგვევლინა ამ ქვეყანაზე, დათოს შემდეგ მე მეჯერა რომ ეს მოხდებოდა, ეს მარტო ოცნება არ იყო. მე მჯერა რომ პლეი ოფიდან გავალთ და ამას ჩვენი ნაკრების ბიჭები ხვიჩას წინამძღოლობით გააკეთებენ. მაგრამ თევზის თავი მაიც მყრალი და მიუღებელი უნდა იყოს ჩვენთვის. ამაზე კი თქვენ ჟურნალისტებმაც უნდა დაწეროთ სხვა და სხვა ფორმით. უნდა მოიკვლიოთ მოსაკვლევი ჟურნალისტურად. ფეხბყრთში ჩაწყობილი საქმეები ხომ გასკდა აქ ჩვენ ჩემპიონატში რამოდენიმეჯერ? ნურაფრის გეშინიათ, აგერ ჩვენ მეზობელ გაცილებით ჩაბანძებულ ღორისტანში უტკინი მარტო იბრძვის და თავისი მაყურებელიც მრავლად ყავს. თქვენ კი მშვენიერი გუნდი ხართ კარგი ჟურნალისტებით რასაც სპორტალ.გე ქვია. ჩვენ მართალის მთქმელთან ერთად ვიქნებით ყოველთვის ყველანაირ პლატფორმაზე.
G.LA
29 მარტი 2023 19:48
3
სტატია ხომ კარგი იყო, რადგან მწვავე და ზუსტი კრიტიკა გაისმა, მაგრამ თქვენი კომენტარი არანაკლებ მესიამოვნა, რადგან სწორედ ეს ჩრდილოვანი საფეხბურთო პოლიტიკაა ზუსტად, რომ ხელს უშლის ქართული ფეხბურთის განვითარებას. ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია, რომ ეს მანკიერი და უღირსი მიდგომა აღმოიფხვრას, რასაც ქვია ,,გამაზვები" და ა.შ... დაინტერესდით ჟურნალისტები ამ საკითხით, ადრე თუ გვიან გასკდება და გამოჟონავს ეს სიმყრალე ფედერაციიდან და გავიგებთ თუ ვინ და როგორ ამუხრუჭებდა ათწლეულები ქართული ფეხბურთის განვითარებას...
თორელი
29 მარტი 2023 21:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული