"რატომ არის სანიოლი გასაშვები?" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების შოტლანდიაში (0:2) მარცხს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერე მეტრეველი "ფეისბუქპოსტით" გამოეხმაურა:

"რატომ არის სანიოლი გასაშვები?

გასაგებია, რომ ჯერ საქართველოს ისევ არ ჰყავს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი, რომ შოტლანდიას და მსგავს გუნდებს უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავთ კარგ ჩემპიონატებში და ა. შ. ბევრი რამეა გასაგები, მაგრამ აქ მთავარი კითხვა სხვაა: შეგვიძლია თუ არა ამ ფეხბურთელებით უკეთესი გუნდის გაკეთება, ვიდრე დღეს გვყავს და უკეთესად თამაში (თორემ შოტლანდიისთვის აქამდე ორჯერ მოგვიგია)?

მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია და ამიტომ ვაკრიტიკებთ სანიოლს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ხშირად
არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მივყვეთ კონკრეტულად:

1) სტრატეგია: ბევრს ჰგონია, რომ საქართველომ, რადგან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ გვყავს, გასვლით შეხვედრებზე ძლიერ გუნდებთან სულ დაცვაზე ორიენტირებული შემადგენლობა უნდა დააყენოს. არადა, დაცვით შემადგენლობას მაშინ აქვს აზრი, თუ გუნდმა დაცვაში თამაში იცის და გოლს არ უშვებს. საქართველომ კი დაცვაში თამაში არ იცის და არც არასდროს იცოდა. როცა მეტოქეს ბურთს ვუთმობთ, გოლს ყველა შემთხვევაში ვუშვებთ, 11 მცველიც რომ გვყავდეს მოედანზე. დაცვა არაა ჩვენი საქმე: ამიტომ საქართველო უნდა თამაშობდეს ერთი სტრატეგიით: საუკეთესო თავდაცვა შეტევაა. არ გამოგვდის დაცვიდან თამაში და გვჭირდება ისეთი მწვრთნელი, ვინც იმას გვათამაშებს, რაც გამოგვდის.

ასევე ბევრს ჰგონია, რომ კარგმა მწვრთნელმა ყველა კარგი ფეხბურთელი ერთბაშად არ უნდა გაიყვანოს მოედანზე და რამდენიმე კოზირი "სახელოში“ უნდა ჰქონდეს დამალული, რომ მერე თამაში გააძლიეროს. ამაში არის ლოგიკა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში აქაც იგივე პრობლემაა: სანამ ამ კოზირების გამოყენებამდე მივა საქმე, როგორც წესი, მანამდე იმდენი გოლი გვაქვს გაშვებული, რომ მატჩის ბოლო 15 წუთი კარგი თამაში აღარ გვყოფნის (კვიპროსთან იყო გამონაკლისი, რადგან საოცრად გაგვიმართლა და ორჯერ ხარიხას გაარტყეს, თორემ ის ორივე გოლი რომ გასულიყო, ზურიკოს და "ლობჟანას" ბოლოში შემოყვანა როგორ გვიშველიდა, კი ვნახავდით). ამიტომ ჩვენს ნაკრებს სჭირდება ტაქტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ყველა საუკეთესო პირველივე წუთიდან გვყავდეს მოედანზე.

შესაბამისად, ჩემი, როგორც რიგითი გულშემატკივრის აზრით, სანიოლის სტრატეგია ამ მატჩებისთვის იყო მცდარი;

2) ტაქტიკა და შემადგენლობა: მცდარმა სტრატეგიამ მცდარი და არასწორი ტაქტიკის და შემადგენლობის შერჩევამდე მიიყვანა მწვრთნელი. მან რატომღაც პირდაპირ შოტლანდიაში გადაწყვიტა სპალეტის საყვარელი ტაქტიკა 4-3-3 ეცადა.

თავიდან შემადგენლობა რომ ვნახეთ, ბევრი დაიბნა, რა ტაქტიკით აპირებდა მწვრთნელი თამაშს, მაგრამ იმ წვიმასა და ტყლაპოში რისი გარჩევაც შეიძლებოდა, იმის მიხედვით, ასე იდგნენ ფეხბურთელები: დაცვა: მარჯვნივ - კაკაბაძე, ცენტრში - კაშია და კვირკველია და მარცხნივ - დვალი. ნახევარდაცვაში სამი საყრდენი: კვეკვესკირი, გაგნიძე და კიტეიშვილი და სამი შემტევი: მარცხნივ კვარა, მარჯვნივ ლობჟანიძე და ცენტრში მიქაუტაძე.

სრულიად გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ბატონმა ვილიმ შოტლანდიაში ასეთი ექსპერიმენტის ჩატარება. აქამდე გუნდს 3-5-2 ტაქტიკით ან 3-4-3-ით ათამაშებდა ხოლმე. სამი ცენტრალური მცველი თითქოს დაცვის მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ნორვეგიასთან თამაშის ბოლოს 4-4-2 მოსინჯა და ამანაც გაამართლა და ახლა ეს 4-3-3 საიდან მოიტანა?

საბოლოოდ კი ყველაზე დიდი პრობლემა მარცხენა მცველად დვალის დაყენება აღმოჩნდა. ამან ჩვენს თამაშს გამოუსწორებელი დაღი დაასვა და აი, რატომ:

ერთი მხრივ, მესმის, რატომ შეაჩერა მასზე არჩევანი სანიოლმა და არა აზაროვზე, რადგან უნდოდა მოედანზე რაც შეიძლება მეტი ტანმაღალი მცველი ჰყოლოდა, რომ შოტლანდიელებს სტანდარტულებიდან არ გაელაღათ (თუმცა ამან ვერ გვიშველა და პირველი გოლი მაინც სტანდარტულიდან მივიღეთ), მაგრამ შეტევაში სრულად ჩავარდა მარცხენა ფლანგი. დვალი ცენტრალური მცველია და თუ ასე უნდოდა, ბევრი მაღალი ჰყოლოდა მოედანზე, ეთამაშა სამი ცენტრალური მცველით და ფლანგზე აზაროვი დაეყენებინა?

ის, რომ ფლანგზე დვალი იდგა და მას იერიშებში ჩართვა არ ეხერხება, ამან შედეგად კვარაცხელიას პასიურობა მოიტანა. კომენტატორებიც გაოცებულები კითხულობდნენ პირველ ტაიმში, კვარაცხელიას პასს რატომ არ აძლევენო? არ აძლევდნენ კი არა, ვერ აძლევდნენ. დვალი შეტევაში ვერ ერთვებოდა აქტიურად და კვარაცხლიამდე ვის უნდა მიეტანა ბურთი? რადგან დვალი შეტევაში პასიურობდა, შეტევა უფრო მეტად მარჯვენა ფლანგიდან იწყებოდა. იქ კაკაბაძე იდგა, რომელსაც შეტევაში ჩართვები მეტად ეხერხება და შედეგად ბურთი იყო უფრო მარჯვნივ და ცენტრში, ვიდრე მარცხნივ. როდის ათამაშდა კვაარცხელია? როდესაც დვალი გავიყვანეთ და გოჩოლეიშვილი შემოვიყვანეთ. "გოჩო" წინ აქტიურად წავიდა და კვარაცხელიასთან ბურთიც უფრო ხშირად აღმოჩნდა. ანუ მწვრთნელის ამ ერთმა მცდარმა გადაწყვეტილებამ ჩვენი საუკეთესო ფებურთელი მატჩის დიდი ხნის განმავლობაში უფუნქციოდ დატოვა. ეს იყო მწვრთნელის ყველაზე დიდი შეცდომა.

რაც შეეხება ნახევარდაცვას: მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შეცდა, საერთო ჯამში გაგნიძემ კარგად ითამაშა და კიტეიშვილთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა ჩვენს გუნდში. კვეკვესკირი კი ისევ ვერაფრით გამოირჩა. რატომ არ შეიძლებოდა კვეკვესკირის ადგილზე დამდგარიყო გაგნიძე და იქ, სადაც გაგნიძე იდგა, თავიდანვე ეთამაშა ზურიკო დავითაშვილს? ასე ხომ ჩვენი ნახევარდაცვა უფრო მობილური და მოძრავი იქნებოდა? მერე, როცა ზურიკო გამოვიდა, უკვე ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა.

არასწორმა სტრატეგიამ და არასწორად შერჩეულმა შემადგენლობამ მიგვიყვანა ცუდ თამაშამდე, უფრო სწორად, უსუსურ თამაშამდე, რაც ყველაზე მეტადაა გულდასაწყვეტი, თორემ გლაზგოში წაგებით, ვის არ წაუგია?

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სანიოლმა ვერაფრით მოახერხა ჩვენი გუნდისთვის პრესინგი ესწავლებინა, არადა, პრესინგის გარეშე დღეს ფეხბურთს აღარავინ თამაშობს. ჰოდა, მარტივი კითხვაა: რა სარგებლობას ველით მწვრთნელისგან, ვინც გუნდს ამდენი ხნის განმავლობაში პრესინგის თამაში ვერ ასწავლა?

P.S. თუ ფედერაცია სანიოლს ახლავე ვერ გაუშვებს, მაშინ კონკრეტული პირობა მაინც უნდა წაუყენოს; არა ჯგუფში მეორეზე ან მესამეზე გასვლა, არამედ უფრო კონკრეტული: თუ ამ შესარჩევი ციკლის ბოლოს ნაკრებს არ ეცოდინება პრესინგის თამაში, როგორც თანამედროვე გუნდს, მაშინ წავა და ერთა ლიგის თამაშებისთვის გუნდს ახალი მწვრთნელი მოამზადებს (აგერ, სპალეტი უმუშევარია). სხვა შემთხვევში ჩვენ "ერთა ლიგიდანაც" ვერ გავალთ."

altწვიმას (ყველაფერს) ნუ დავაბრალებთ - ნაცნობი პრობლემები საქართველოს ნაკრებში და თაობა, რომელიც სინანულს არ უნდა იწვევდეს!..

მკითხველის კომენტარები / 127 /
მერაბ ჯერ მწვრთნელობის ლიცენზიაზე იფიქრე და მერე იპროფესორე , ვილი თავის საქმეს მიხედავს და ღმერთის წყალობით ერთა ლიგასაც მოვიგებთ
gio9
12:26 05-09-2023
0
ქეცბაია დააბრუნეთ
darwin
13:34 27-06-2023
2

სიახლეები პოპულარული