სად არის საქართელოს ნაკრების გამოსავალი? - ვინ უნდა იფიქროს წასვლაზე და ამბიციები, რომლებიც ცუდ სამსახურს გვიწევენ...

AutoSharing Option
ბევრს იქნებ მარტივად მიაჩნია, ესპანეთის ნაკრებთან ასეთი განადგურების (1:7) შემდეგ, დაწერო - ყველას ხაზს გადაუსვამ და მიწასთან გაასწორებ. ასე სულაც არაა, ჩვენც გვაქვს ემოციები და გარდა ამისა, სასურველი არაა, ჯოხი კონკრეტულ ადამიანებს გადაატეხო და ვითარება ღრმად არ შეაფასო.

სიტუაცია მატჩამდე...

ვილი სანიოლის გუნდში ბოლო დროს რომ პრობლემებმა იმატა, ამას აქამდეც ვწერდით. ამიტომაც იყო, ბევრისთვის მოულოდნელად, შოტლანდიაში (0:2) წაგებული შეხვედრის შემდეგ რომ აღვნიშნეთ - "წვიმას ნურაფერს დავაბრალებთ". ზოგჯერ დამატებით ფაქტორებზე აპელირება მხოლოდ საკუთარი პრობლემებიდან გაქცევასა და არაღიარებას ნიშნავს. როგორ უპასუხა ფრანგმა
მთავარმა მწვრთნელმა ამ პრობლემებს სექტემბრის მატჩების წინ? - სანახევროდ. მათი დიდი ნაწილი, ვინც აშკარად კარიერულ რეგრესს განიცდიან, კვლავ გუნდში მიიწვია, თუმცა განაცხადში ახალი სახეებიც შეიყვანა. რამდენიმე დღის წინ შესაძლო რევოლუციურ ცვლილებებს აშკარად პესიმისტური თვალით შევხვდით.

სხვა მხვრივაც, ჩვენ ნაკრებს მწვრთნელის როლი და მნიშვნელოვანი სიახლის კვალი ვერ შევნიშნეთ. გასაგებია მათი სიძლიერე, თუმცა ესპანეთის ნაკრებს ორი წლის წინ თბილისში ბევრად მეტი წინააღმდეგობა გავუწიეთ. მალე ნორვეგიასთან დაპირისპირებაა, ამ მოცემულობით კი საქართველოს ნაკრები სექტემბერს მოუმზადებელი შეხვდა.

შემადგენლობა

ბევრი კი ვეცადეთ, სავარაუდო შემადგენლობის დროს მაქსიმალური მოწოდება ყოფილიყო, განაცხდაში მყოფ ახალგაზრდებს მეტი შანსი მიეღოთ, რაც არ მომხდარა.
სანიოლმა შეცვლა სათამაშო სქემა. თეორიულად, ის მთავარ ბრძოლას მინდვრის ცენტრში ელოდა და ფეხბურთელთა რაოდენობა იქ გაზარდა, თუმცა ამან მეტოქის ზეწოლა ვერ შეამცირა, დაცვაში კი მეტი სივრცე დავტოვეთ, რის გამოც მამარდაშვილის კართან ნამდვილი შტურმი მივიღეთ, გაუთავებელი იერიშები და ჩაწოდებები.

სანიოლს თავის დროს 3-მცველიანი ტაქტიკა დავუფასეთ, ამით ჩვენი ფლანგელები დაცვასა და შეტევაში თამაშს უკეთ აბალანსებდნენ, ახლა კი სწორედ ეს არ იყო, რამაც პრობლემები შექმნა. მაგალითად, გიორგი გოჩოლეიშვილის ძალიან სუსტი თამაში იქნებ მაშინ თავიდან აგვერიდებინა, თუკი სხვა ტაქტიკური სქემა გვექნებოდა.

ესპანელებს მინდვრის ცენტრში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, როდრის თამაშის სტილს და დამაჯერებლობას განსაკუთრებით გამოვარჩევთ. აქ ნამდვილად იყო შემთხვევა, როცა უბრალოდ თავს ზემოთ ძალა არ გვქონდა. მაგალითად, ლუკა გაგნიძეს თავი არ დაუზოგავს, ყოველთვის ცდილობდა ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიეღო, მაგრამ ის მართლაც სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა იმ ფონზე, როცა ბოლო დროს მოსკოვის "დინამოშიც" ცოტას თამაშობს. სამწუხაროდ, ვერ ხერხდება, ამ ბიჭს თავის გამოჩენის საშუალება სხვა დონეზე მიეცეს. არ გვინდა ისე გამოვიდეს, ცოტა სხვა შემადგენლობით გამარჯვების შანსი გვექნებოდა, ეს ვარაუდები და დაშვებებია, თუმცა ახალი სახეები ვერც მინდვრის შუაში ვიხილეთ, თუნდაც, გიორგი ქოჩორაშვილი.

მწვრთნელის მხრიდან არასწორი გადაწყვეტილება გამოდგა საბა ლობჟანიძის სასტარტოში დაყენება. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ანგარიშისა და სიტუაციის მიუხედავად, შეხვედრაში კარგად ვერც ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო.

და, მთავარი - მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ჯერ ახლა იწყებს, საბა საზონოვი ჩვენი ნაკრების დაცვის ცენტრში თამაშს უკვე იმსახურებს და ესეც კიდევ ერთი შეცდომა შემადგენლობის შერჩევაში. ის, რომ გიორგი გველესიანს შანსი არ მიეცა, აქამდეც აღვნიშნეთ.

Sportall.Ge

სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოღვაწეობა მეტ-ნაკლებად კარგად დაიწყო, შემდეგ კი ჩავარდნილი პერიოდი იყო. მაშინ ფრანგი ცოტა "აჭრილიც" კი მოგვეჩვენა, განსაკუთრებით ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად, სადაც უცნაურად გადახალისებული შემადგებლობა ვიხილეთ. ამას წაუგებელი სერია და ოპტიმალური ტაქტიკის შერჩევა მოჰყვა.

"ერთა ლიგა" ჩვენთვის იდეალური ტურნირი გამოდგა, მეტ-ნაკლებად ჩვენი დონის ნაკრებებთან წარმატებას მივაღწიეთ და ეს ცუდ სამსახურს იმაში გვიწევს, გუნდის რეალური დონის განსაზღვრა გვიჭირს, შემდეგ კი ამბიციები გვეძალება. ვილის, თითქოს, ფანტაზია ამოეწურა და მას სამწვრთნელო გამოცდილებაც არ აქვს, მისი დახმარებით მანევრირება შეძლოს. აპელირება კვლავ "ერთა ლიგიდან" მოპოვებულ პლეი-ოფზეა. ასე იყო ვაისის დროსაც, მანამდე ყველაფერი "გავატარეთ", ფინალის მოგების და ევროპირველობაზე გასვლის შანსი გვაქვსო.

სანიოლი მაინც ნაკლებად გვიცნობს. საქართველოს ნაკრები სულ ასეთი გუნდი იყო, ფსიქოლოგიაზე დიდად დამოკიდებული. ახლა მოკლე დროში მათი ამ ემოციური მდგომარეობიდან გამოსვლა იმავე მწვრთნელის მხრიდან რთული ამბავი იქნება. კი ბატონო, შორს არაა 12 სექტემბერი და დაველოდოთ, იქნებ სასწაული ხდება, თუმცა ბევრი მწვრთნელი პარასკევის საღამოს გადადგებოდა. საქმე მხოლოდ ერთ მარცხში არაა, ეს უფრო სიტუაციის ლოგიკურ და არასასურველ ფინალს ჰგავს, რომლის დასრულება რაც უფრო გაიწელება, მიწაზე უფრო დაენარცხები, შემდეგ კი წამოდგომა ორმაგად გაჭირდება...

ფეხბურთელები

ვსაუბრობთ ზოგად პროგრესზე, უკეთეს კლუბებში მყოფ ჩვენებურებზე, მაგრამ თავს იქნებ სწორედ აქ ვიტყუებთ. ჯერ ერთი, გუნდური ელემენტებია მთავარი და წარმატებას ეს განსაზღვრავს, ამავდროულად კი რამდენიმე ფეხბურთელის პროგრესით ყველაფერს ვერ შეცვლი. უმეტეს შემთხვევაში, საქმე დაბალი დონის ჩემპიონატებთან გვაქვს, მერე რა, რომ საუდის არაბეთსა და აშშ-ში რონალდო და მესი არიან, მერე რა რომ ხანდახან ავსტრიაშიც გაგვაქვს, კვიპროსშიც და სლოვაკეთშიც. ვერც იმას ვიტყვით, რომ შემადგენლობა ამა თუ იმ ქვეყნის დონის მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, ასეთი პერიოდები გვქონია და მას თავისი უარყოფითი აქვს.

ესპანეთთან მატჩის სტარტიდანვე იგრძნობოდა, რომ წარმატების რწმენა არ არსებობდა, ორბურთიანი ჩანორჩენის შემდეგ კი ვერცერთი ჩვენებურის სახეზე კარგს ვერაფერს ამოიკითხავდი.

Sportall.Ge

ვეტერანები

მხოლოდ ესპანეთის ნაკრების მაგალითი მოვიყვანოთ. გასაგებია, მათ დიდი არჩევანი აქვთ, თუმცა თუნდაც მხოლოდ ძველი დამსახურების გამო, ნაკრების განაცხადში რამოსი, ბუსკეტსი თუ ალბა ახლაც რომ იყვნენ, ამის გამო ქვეყანას არავის შეყრის. ვხედავთ, როდის ასრულებენ სანაკრებო კარიერას. ზოგჯერ ამ პროცესს რაც უფრო გაწელავ, კრიტიკა და წარსულში განცდილი ემოციების განელება იმატებს. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ჟურნალისტებსაც უჭირთ, გულშემატკივრებსაც, მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც. უჭირდათ ბრაზილიაშიც, გერმანიასთან განადგურების შემდეგაც. ამას სჭირდება ცოტა გამბედაობა, ამავდროულად, ტაქტი.

არც ისაა სასურველი, კონკრეტული გვარები ჩამოვწეროთ, თუმცა არც რაღაც ზოგადი და აბსტრაქტული საუბარიცაა გამართლებული. საქართველოს ნაკრებშიც უკვე მეკარის ჩანაცვლებაც მოხდა, რომლებიც ყველაზე დიდხანს თამაშობენ და ლოგიკურად, ეს ხაზი ახლა დაცვაში უნდა გაგრძელდეს. შუა შესარჩევში ამის გაკეთებას მიზანშეწონილად არ ჩავთვლიდით, ჯგუფიდან გასვლის შანსები რომ შენარჩუნებული გვქონდეს. ამავდროულად, ყაზახეთის ნაკრებთან ოპტიმალურ შემადგენლობაზე აქედანვე უნდა ვიფიქროთ, იქ უკვე შეცდომები აღარ გვეპატიება. არც ისე უნდა გამოჩნდეს, ყველა უბედურებას, რაც ესპანეთის ნაკრებისგან მივიღეთ, მხოლოდ კაშია-კვირკველიას დუეტს ავკიდოთ, როცა რგოლებს შორის ამხელა წყვეტაა და შენს საჯარიმოში ასე ცხელა, შეცდომების დაშვების ალბათობაც მეტია და დაჩაგვრისაც.


კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიაზე ნამდვილად ცალკე უნდა ვისაუბროთ, რადგან მის მიმართ მოლოდინი ძალიანაა გაზრდილი. ისევ იქედან უნდა დავიწყოთ, რომ მხოლოდ ინდივიდუალიზმით დიდი წარმატებები არ მოდის, თანაც, ახლა "კვარა" იდეალურ ფორმაში არაა. ჩვენი გუნდის ზოგადი დონისა და თამაშიდან გამომდინარე, მას იმ დრომდე, სანამ ანგარიშში ჩამორჩენა ძალიან გაიზარდებოდა, ჩვენ ლიდერს რამდენიმე კარგი ეპიზოდი ჰქონდა. ხვიჩა თანაგუნდელებს მუდმივად ესაუბრება, ამშვიდებს, რჩევებს აძლევეს, ახალისებს, ის ამ მხვრივაც გაზრდილია. 

ცოტა სხვა მოცემულობაში, კვარაცხელიასგან კიდევ უფრო მეტს ვნახავდით. ესპანელები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ის კუთხეში მიემწყვდიათ და ამ დროს "ნაპოლის" ფეხბურთელის გრძელ პასებს, რომელიც გაცილებით თავისუფალი თანაგუნდელებისკენ მიდიოდა, შესაბამისი გაგრძელება არ ჰქონდა...

იმედია, ამ შოკიდან ყველანი გამოვალთ, მანამდე კი კარგად უნდა განვსაზღვროთ, თუ რაა ჩვენთვის მთავარი. გვახსოვს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თემურ ქეცბაიას ტაქტიკით უკმაყოფილო ვიყავით, ახლა თითქოს ის განცდა იყო, რომ არაფრის დათმობას ვაპირებდით და კატასტროფულად დავამთავრეთ. ზოგჯერ მართლაც შედეგზე თამაში გვჭირდება, იშვიათად, მაგრამ "ღირსეული წაგებაც" არაა ცუდი, უფრო მთავარი კი მწვრთნელის ხედვა და მრავალფეროვნებაა, რაც ასე ვერ დავინახეთ!..

altისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

altსანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

მკითხველის კომენტარები / 81 /
მრავალფეროვნება კრეატიულობა გუნდს არ ეტყობა რო სანიოლის ხელში წინ წავა. საქართველოს ნაკრებს ჭირდება ქართველი მწრვთნელი თან მეტად დიდი მოტივაციით და მეტი თავდაჯერებით მეტი კომუნიკაციით.არიან მწვრთნელები საქართველოში მაგალითად შოთა არველაძე.ცხადაძე თუ არადა არგენტინელი ან ბრაზილიელი მწვრთნელი რომლებიც უფრო ახლოს ქართულ მენტალიტეტთან.
ქომაგი
18:19 12-09-2023
1
მე თუ მკითხავთ, ყველაზე მეტი ხელის შემშლელი იმისა რომ ეროვნული ნამდვილ ბრძოლის უნარიან გუნდათ ჩამოყალიბდეს კვარაცხელიაა, თავისი უსასრულო ამბიციით და სიდიადის ტკბობით,თანაგუნდელების მიმართ. სამწუხაროდ მასში ამ თვისების ჩამოყალიბებას ჩვენც გულშემატკივრებმაც და მედიამაც ხელი შეუწყო,როდესაც დაუმსახურებლად, ქართული ნაკრებში შედეგობრივი დამსახურების გარეშე ლამის ქართული ფეხბურთის დასაწყისად და დასასრულათ მოვნათლეთ,ასევე ათასი რჯულის ფეიკები დავიჯერეთ კვარს უძლეველობაზე. ეჭვ გარეშეა რომ მისი დონის ფეხბურთელი დღეისათვის ქართველებს არ გვყავს და არც ჩანს უახლოეს მომავალში,რა შეუძლიათ ჩვენს-გაგნიძეს,Dავითაშვილს,ბოჩოლეიშვილს,მექვაბიშვილს,საზონოვს და სხვა ახალბედებს კი გამოჩნდა....სჯობდეს იქნება კვარამ საერთოდ უარი თქვას ნაკრებში თამაშზე, როგორც მხითარიანმა და არსებული კონტიგენტით იქნებ ჩამოყალიბდეს საშუალოსთან მიახლოვებული ბრძოლის უნარიანი გუნდი......კვარასთან ერთად ეს შეუძლებელი მგონია....
SOSO
11:45 11-09-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული