
რევოლუციას ამზადებენ რომანტიკოსები, ახდენენ ფანატიკოსები,
ხოლო მისი ნაყოფით ავაზაკები სარგებლობენ
ოტო ფონ ბისმარკი
ხოლო მისი ნაყოფით ავაზაკები სარგებლობენ
ოტო ფონ ბისმარკი
საქართველოს ნაკრების ორმა ბოლო მატჩმა ყველას ძალიან გაგვიცრუა იმედები და არა მხოლოდ შედეგმა, არამედ ყოვლად უსახურმა თამაშმა. ვიდრე უშუალოდ მიზეზებზე ჩემს მოსაზრებას მოგახსენებდეთ, მინდა რეაქციაზე გავამახვილო ყურადღება. რა თქმა უნდა, ასეთი წაგებების შემდეგ გულშემატკივართა უკმაყოფილება ბუნებრივი და გასაგებია, მაგრამ საქმე ისაა, რა მასშტაბები შეიძინა და სამწუხაროდ, პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახდა. სოციალურ ქსელებში ფეხბურთის ფედერაციის მიმართ დაიწყო კარგად ორგანიზებული კამპანია და როგორც აბსოლუტურად ნეიტრალურმა პირმა, უნდა აღვნიშნო, რომ ფედერაცია
ამისათვის მზად არ აღმოჩნდა და ვერავითარი კონტრზომა ვერ მიიღო. ფედერაციის მუშაობის ძირითადი განმსაზღვრელი სწორედ ნაკრები გუნდებია, მისი ასე ვთქვათ, აისბერგი კი - პირველი ნაკრები. თავისთავად, მსგავსი წარუმატებლობებიდან გამომდინარე, სფფ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა იმათ წინაშე, ვისაც საფეხბურთო რევოლუციის მოწყობა აქვს გადაწყვეტილი, მომენტის სათავისოდ გამოყენებას და საპროტესტო ტალღის აგორებას ცდილობს.

ახლა უშუალოდ განვლილ საშინელ შეხვედრებზე. ესპანეთთან დაპირისპირების წინ გამოქვეყნებულ წერილში ("რას უნდა ველოდოთ ესპანეთთან მატჩში, რა არის მეტოქის პრობლემა და ჩვენი უპირატესობა?") ხაზი გავუსვი, რომ სანამ „ჯვაროსნებში“ ფეხბურთელებს შორის კლასში უზარმაზარი განსხვავება იარსებებს, ვერ მოვახერხებთ დიდი მიზნებისთვის ბრძოლას და ლოკალური გამარჯვებებით დავკმაყოფილდებით. ეს უმრავლესობას არ მოეწონა, მაგრამ უნდა გითხრათ, არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელსაც უნდა, მკითხველს აამოს და მისთვის სასურველი პროგნოზი გააკეთოს. ამჯერადაც არაპოპულარული ვიქნები და ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ, ალბათ, ბევრისთვის მიუღებელს, თუმცა ხომ აქვს ყველას თავისი აზრის გამოთქმის უფლება? ჩვენ კომენტარებში ყველას მივეცით აზრის დელიკატურად გამოხატვის საშუალება და საერთოდ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და განსხვავებულ მოსაზრებას პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ.
მართალი გითხრათ, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდებთან დაპირისპირებისას დიდად ოპტიმისტურად არ ვიყავი განწყობილი და უფრო ნორვეგიასთან გასვლითი მატჩის დიდი ანგარიშით წაგებას ველოდი. მოხდა კი პირიქით. ორივეში მარცხი განვიცადეთ, ხოლო ესპანეთთან სრული კატასტროფა ვიხილეთ. ორი წლის წინ „ფურია როხასთან“ თბილისში 1:2 დავმარცხდით. მას შემდეგ ნაკრებმა წარმატებული სერია შემოგვთავაზა და თითქოს პესიმიზმის ნაკლები საფუძველი გაგვაჩნდა. მეც მეგონა, რომ ესპანეთს საკუთარ მოედანზე დიდ ბრძოლას გავუმართავდით. ფაქტია, ჩემი იმედი არ გამართლდა. მიზეზი: სანიოლმა უარი თქვა იმ ხუთმცველიან ტაქტიკაზე, რომელიც აქამდე ამართლებდა, ველოსიპედის გამოგონება სცადა და გამოჩნდა, რომ ვეტერანმა ფეხბურთელებმა უკანასკნელ ხანს სერიოზული რეგრესი განიცადეს. გავიმეორებ, დიდ გუნდებთან ტოლ-სწორად სათამაშოდ, ფეხბურთელთა ის რაოდენობა გვჭირდება, რომლებიც აუცილებელ შავ სამუშაოს შეასრულებენ, მეტოქეს სისწრაფესა და სხვა კომპონენტებში არ ჩამორჩებიან და მათთან ბრძოლაში პირწმინდად არ დაიჩაგრებიან.
რაც საკმარისი იყო ჩრდილოეთ მაკედონიის და ბულგარეთის დონის ნაკრებების დასაძლევად, საერთოდ არ აღმოჩნდა უფრო ძლიერ მეტოქეებთან წინააღმდეგობის თუნდაც მეტ-ნაკლებად გასაწევად საკმარისი. ასეთია სამწუხარო რეალობა და როდესაც შემადგენლობაში საკადრო ცვლილებებს მოვითხოვთ, გვავიწყდება, რომ ერთი საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელის მეორე საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელის შეცვლით არც არაფერი შეიცვლება. გვყავს მხოლოდ რამდენიმე მაღალი კლასის მოთამაშე, კიდევ რამდენიმე პერსპექტიული, რომლებიც ჯერ მაღალ დონეზე საასპარეზოდ მზად არ არიან და ვიდრე ასეთი მძიმე სურათია, რაიმე დიდ მიზანზე საუბარი ზედმეტია. ასეთია მწარე რეალობა - რაც უნდა რადიკალური ცვლილებები განხორციელდეს, ასეთი კლუბებით წარმოდგენილი კადრებით რაიმე ხელშესახებ წარმატებაზე იმედების დამყარება მართებული არაა. რატომ? უბრალოდ, ელემენტარულად, ამ მომენტისთვის მეტი არ შეუძლიათ.
გავუშვათ თუ არა სანიოლი? უმრავლესობის აზრს ვეთანხმები, რომ ის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი არაა, სერიოზული შეცდომები დაუშვა, მაგრამ მისი გამოცვლით პრობლემა არ გადაიჭრება. გავიხსენოთ, რამდენი მწვრთნელი გვყავდა, მუდამ ყველას გადაყენებას ვითხოვდით. ბოლო-ბოლო, ცვლილება ხდებოდა, ხოლო შედეგი ისევ და ისევ უარყოფითი გახლდათ. ე.ი. მხოლოდ მწვრთნელში არაა ჩვენი პრობლემა, ის გაცილებით ღრმაა და იქამდე ვერ გადაიჭრება, ვიდრე ჩვენი ფეხბურთელები კარგ გუნდებში სტაბილურად არ ითამაშებენ. ეს თეორემაც არაა, აქსიომაა.

რას ვერჩით ხვიჩა კვარაცხელიას? ბევრ გულშმატკივარს ქართული ფეხბურთისკენ გული სწორედ ამ ბიჭმა მოუბრუნა დ უკეთესი მომავლის იმედი გაუჩინა. ხუმრობა საქმე ხომ არაა, პირველივე სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა, მაგრამ ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, რამდენიმე თანამემამულეს გაუკვალა იტალიაში გზა, რომელთა შესახებ უცხოური გამოცემების წერილებში პირველ რიგში აღნიშნულია, რომ ის „კვარას“ თანამემამულეა. რაც შეეხება ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე არმონაწილეობას, ეს საკამათო თემაა. ჯერ ერთი, სხვებს მიეცათ თავის გამოჩენის შანსი და თანაც, ვფიქრობ, მძიმე სეზონის შემდეგ აღარ იყო სათანადო დონეზე სათამაშოდ მზად. კარგად ვხედავთ, როგორ უჭირს ფორმაში ჩადგომა, რამეთუ გასული სეზონის პირველ ნახევარს დიდი ფიზიკური ენერგია შეალია და ფსიქოლოგიურადაც დაიღალა. შიში მქონდა, დიდხანს ვერ დაიბრუნებდა ძველ კონდიციებს, რამეთუ ზაფხულში რაღაც თავის თავს არ ჰგავდა, თითქოს სისწრაფეც დაკარგული ჰქონდა, სისხარტეც, თითქოს მოედანზე მისი ორეული იყო, მაგრამ ოსლოში უკვე გამოჩნდა, რომ საქმე უკეთესობისკენ მიდის. ზოგიერთი მომედავება, რა გააკეთა ამისთანა ნორვეგიასთანო - ბევრს მუშაობდა, დაცვას ეხმარებოდა, შეტევაში თამაში იმიტომ არ გამოსდიოდა ჩვეულად, რომ მთელი გუნდი საკუთარ კარს იყო მიჯაჭვული და ბურთის მისაღებად ღრმად უკან ჩასვლა უწევდა. მაინც შექმნა ხუთი მომენტი, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. და ისმის კითხვა - რატომ შექმნა ეს ხუთი მომენტი მან და არა სხვამ? ვისაც ფეხბურთი ესმის, იმისთვის ეს ყოველივე ნათელია და დიდ ახსნა-განმარტებას არ საჭიროებს.
რისი იმედი უნდა გვქონდეს? ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან ვერ გავალთ, მხოლოდ უკანა კარიდან, ერთა ლიგიდან გაჭირვებით თუ გავაღწევთ. სამომავლოდ კი პერსპექტივა ჩანს, ოღონდ ამისათვის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა კარგ კლუბებში უნდა დაიმკვიდრონ თავი, სტაბილურად ითამაშონ და ოსტატობა დახვეწონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება ის ვაება, რასაც აგერ, უკვე თითქმის 30 წელია დაუსრულებლივ ვუყურებთ.
აი, სწორედ აქაა ჩვენი ფეხბურთის პრობლემათა საფუძველთა საფუძველი. ბავშვთა ფეხბურთის და საკლუბო აკადემიათა თანამედროვე დონეზე განვითარების გარეშე მუდამ მაჩანჩალათა შორის ვიქნებით. ამ საკითხის გადაჭრა კი ჩვენს სიტუაციაში ძალიან რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. დროულად გასაკეთებელია ბავშვთა და საკლუბო ფეხბურთის (თუნდათ დანიურის მსგავსი) განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური ბაზის შექმნა, რისი რესურსის მოძიება დიდი სურვილის შემთხვევაში გადაუჭრელი პრობლემა არ უნდა იყოს.
მიმომხილველი
რა რევოლუციაზე ლაპარაკობთ საერთოდ, ცხადაძის გაგდება და უცხოელი მწვრთნელის ჩამოთრევა როგორც 90 იანებში იყო იმ ძველი ბანძი 90იანების დროინდელი "კარუსელის" ხელახლა დატრიალება იყო რევოლუცია ისე ლაპარაკობთ ვითომ