როგორ უნდა მივიღოთ სარგებელი ტაილანდთან მატჩიდან - სანიოლი ისევ მთელ გუნდს შეცვლის?!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთი თვის პერიოდში ჯერ ანტირეკორდი (ესპანეთთან 1:7) დააფიქსირა, შემდეგ კი - რეკორდული (ტაილანდთან 8:0) გამარჯვება. მეტოქე რომ სუსტი იყო, ვიცით, ამიტომ ამ მატჩიდან სწორი დასკვნების გამოტანაა საჭირო, სარგებელი რომ მოვიღოთ და არა პირიქით, ცუდი სამსახური გაგვიწიოს.

მსგავსი ტიპის მოგებებს თავისი დანიშნულება აქვს. ასე რომ არ იყოს, გრანდები ამხანაგურად მხოლოდ ერთმანეთში ითამაშებდნენ. არ ვიცით, რა ამოძრავებდათ მაშინ, როცა მოწინააღმდეგე შეირჩა, ამჟამინდელ ვითარებაში კი ხასიათზე მოყვანის და სტატისტიკის გაუმჯობესების გარდა, "ერთა ლიგიდან" მონიჭებული პლეი-ოფის გზაზე ბევრს ვერაფერს შეგვძენდა. საკუთარ ძალებში
ზედმეტად რომ დავრწმუნდეთ, ამის საფრთხე რეალურია...

Sportall.Ge

რადგანაც ასეთი შეხვედრის განხილვისას, გამოსაფხიზლებლად კი, ნეგატივზე ჩაჭიდება რთულია, დადებითი პასაჟები გამოვყოთ. საქართველოს ნაკრებმა ორი ფორვარდით ითამაშა და ზურიკო დავითაშვილი ამ როლში მშვენიერი იყო. ნაკრებში, განსაკუთრებით, ძლიერი გუნდების წინააღმდეგ, ის ნახევარდაცვას აქტიურად ეხმარებოდა, კართან ახლოს კი მოძრავი, მებრძოლი, მწვავე და შედეგიანი იყო. მონღოლეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ სანიოლმა ნორვეგიასთან თითქმის ყველა მოთამაშე შეცვალა. ახლაც ვშიშობთ, რამე მსგავსი არ ვიხილოთ და თუნდაც ასე სუსტ მეტოქესთან აღმოჩენილი თუ შეძენილი უნარები განვითარების ნაცვლად, დავკარგოთ. გიორგი ჩაკვეტაძეზე არაერთი მსჯელობა გვქონდა, რომ არსებულ ტაქტიკაში მისთვის ადგილის პოვნა რთული იყო, რადგან მარცხნივ კვარაცხელია თამაშობს, "ჩაკვეს" ადგილი საყრდენი ზონა არაა, სანიოლი კი გამთამაშებლით არ გამოდის. ტაილანდთან ჩაკვეტაძისთვის იდეალური ადგილის ძებნის წარმატებული მცდელობა ვნახეთ, ის ორ ფორვარდსა და ნახევარდაცვას შორის მოძრაობდა, რამდენიმე მწვავე პასი გააკეთა, ორჯერ კი პარტნიორებს გაატანინა (ერთხელ კუთხურიდან). ვნახოთ, რა იქნება ცოტა უფრო უკეთეს ნაკრებთან, თემურ ქეცბაიას კვიპროსთან. აქაც იმავეს გავიმეორებთ, არ ვიცით, ფრანგ მთავარ მწვრთნელს რა მონახაზი აქვს, ტაილანდთან ხომ კიტეიშვილსა და კვეკვესკირს საერთოდ არ უთამაშიათ. ძველი გამოცდილებით, ისინი სასტარტოში ახლა უნდა მოვიაზროთ, კიტეიშვილი ნამდვილად მშვენიერ ფორმაშია, რასაც "კვეკვეზე" ვერ ვიტყვით.

ნახევარდაცვა განვიხილეთ და მიუხედავად იმისა, მოწინააღმდეგის დონიდან გამომდინარე, შეფასებას რომ ვფრთხილობთ, გიორგი ქოჩორაშვილის ბრძოლიუნარიანობას, აზრიან თამაშს და ტაქტიკასთან კარგად ადაპტირებას გამოვყოფთ. ტაილანდელთა მწვრთნელი პრესინგს კი გვიანონსებდა, მაგრამ მეორე ტაიმამდე მათ ეს საქმე არ გამოსვლიათ და ასეთ დროს ჩვენ ნახევარდაცვას ბოლომდე ობიექტურად ვერ შევაფასებთ. სანდრო ალთუნაშვილსაც აშკარა პროგრესი აქვს, ფიზიკურად ძლიერი, მოძრავი და პასის კულტურაში უფრო დახვეწილი გამოჩნდა, ხვიჩა კვარაცხელიას მშვენიერი "ასისტი" გაუკეთა.

Sportall.Ge

რაც შეეხება "კვარას", სანიოლმა თქვა, რომ მასთან გარკვეული ეპიზოდები განიხილა და ეს კარგია. შესაძლოა, როგორც მწვრთნელი, ვილი არ მოგვწონდეს, მაგრამ ის საფრანგეთის ნაკრებსა და "ბაიერნში" დიდი ფეხბურთელი იყო და მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. კვარაცხელიას ვარსკვლავური სენი ნამდვილად არ შეყრია, მაგრამ ასეთი ხასიათის მატჩებში მისი კალიბრის სპორტსმენს პუბლიკაზე თამაში სჩვევია. ამიტომ ვერ გაიტანა მან მეორე გოლი, როცა ყველაფრის გაკეთება შეეძლო და მეკარეზე ეფექტურად გადატარება მოინდომა. ხვიჩამ კარგი გაიტანა, რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი გვაჩუქა და ყველანაირად ეცადა, ბუდუ ზივზივაძე მინდვრიდან "მშრალად" არ გასულიყო, რაც სამწუხაროდ, არ გამოუვიდა.

ვინც მშრალი და ცუდი პერიოდი დაძლია, ეს გიორგი მიქაუტაძეა. საკმაოდ დიდი ხანი გავა და ამ რეკორდს "საფრთხე" არ დაემუქრება, ერთ მატჩში 4 გოლი ტაილანდზე სუსტ გუნდებთანაც რთული იქნება. მიქაუტაძეს გაუმართლა, რომ სასტარტოდან მან დაიწყო, რადგან პირველივე წუთებიდან ძალიან აგრესიულად შევუტიეთ. სანიოლმა "ჟორჟს" მოუწოდა, რომ "აიაქსში" თავის შანსს დაელოდოს და შესაბამისად გამოიყენოს.

Sportall.Ge

ახლა უკვე კვიპროსელებზე ვფიქრობთ, მათთან სხვა სტილის დაპირისპირება იქნება. ერთხელაც გავიმეორებთ, იმედია, სანიოლი ამ მატჩში მიღებულ ბენეფიტებს უფრო სრულყოფილს გახდის და ისევ მთელი გუნდის ცვლილებას არ ვნახავთ. მაგალითად, ძალიან გვაინტერესებს, ივა გელაშვილი ოფიციალურ მატჩში თავს როგორ წარმოაჩენას, მომავალში ის დაცვის მთავარ ღერძად წარმოგვიდგენია; გარკვეულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. მაგალითად, ირაკლი აზაროვმა "მოახერხა" და ასეთი შეხვედრის ბოლოს გაფრთხილება მიიღო. ის ადრე უზბეკეთთან ემოციებს აჰყვა, ამის გამო გააძევეს და მწვრთნელს ერთგვარად დასჯილიც ჰყავდა. ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, აზაროვი ახლა კარგ ფორმაშია, კვიპროსთან მისგან ბევრს ველით, მსგავს თემებზე დაკვირვება კი მთელ გუნდს მართებს. თემურ ქეცბაია ეცდება, პირველი ქულა თბილისში მოიპოვოს და ამისთვის უფრო მეტი დაგვჭირდება, ვიდრე კვიპროსელებთან სტუმრად გავისარჯეთ!..

altმიქაუტაძის პოკერი და ისტორიაში საქართველოს ნაკრების რეკორდული ანგარიშით გამარჯვება [VIDEO]

altვილი სანიოლი: კვარაცხელიასთან რამდენიმე ეპიზოდი განვიხილე, მეტს არ დავაკონკრეტებ - კვიპროსთან დილემა მაქვს

მკითხველის კომენტარები / 20 /
ამ თამაშის ერთაედრთი მიზანი სანიოლის მწვრთნელად დატოვებაა. საფეხბურთო მაფიას სურს ყველაფერი ისე გაგრძელდეს, როგორც აქამდე. ქართული ფეხბურთის ბედი ამათ არ ანაღვლებთ. ფულის ქაფვა გაგრძელდება.
გიორგი
15:06 13-10-2023
7
როგორც ყოველთვის საქმიანი და საქმის ცოდნაზე დაფუძნებული სტატიაა, ზომიერების დაცვით, სადღერგრძელოების გარეშე. ესე გააგრძელე.
გიორგი
17:21 13-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული