საქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შესახებ წლის დასაწყისიდანვე ვღელავთ, მარტში ხომ ევროპის ჩემპიონატთან ისევ ახლოს ვიქნებით (კვლავ "ერთა ლიგიდან") და იმედი გვაქვს, თბილისში ამჯერად საწადელს ავისრულებთ. დარჩენილ დროში ბევრი საუბარი იქნება, კრიტიკაც და ქებაც, ჩვენ კი რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფთ და მასზე გესაუბრებით...

Sportall.Ge

ბალანსი

ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ, ფიზიკურთან ერთად, ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც უნდა ვიფიქროთ. პოლუსური აზროვნება, რაც საკმაოდ ხშირად გვახასიათებს, სასარგებლო ვერ იქნება. რას ვგულისხმობთ? - ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა არც ის უნდა იფიქროს, "ერთა ლიგიდან" ბოძებულ ნახევარფინალში ლუქსემბურგის დამარცხება და გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობა
მარტივიაო და არც ის უნდა დაუშვას, დისკვალიფიცირებულ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე რა გვეშველებაო. რატომ? - ერთი მხრივ, დამატებითი წნეხი, რაც პლეი-ოფებს ისედაც თან სდევს, ჩვენს ბიჭებს უფრო დაძაბავს და მეორე - ჩრდ. მაკედიასთან იმ დაწყველილ ფინალამდე, ლიდერის არყოფნაში, წარმატების არც ფეხბურთელებს სწამდათ, არც მწვრთნელს და დიდად, არც გულშემატკივარს; მსგავსი აღარ უნდა დავუშვათ!..

განწყობის თემაზე კიდევ ერთ მაგალითს დავასახელებთ. ესაა ამონარიდი სტატიიდან, რომელიც ფინალში პოტენციურ მოწინააღმდეგესთან, საბერძნეთის ნაკრებთან ბათუმური მარცხის (0:2) შემდეგ გამოქვეყნდა - "როგორც ჩანს, ჩვენს ფეხბურთელებს დამატებითი პასუხისმგებლობა მოტივაციას უზრდის კი არა, პირიქით - ძაბავს და საკუთარი თავს შესაძლებელზე უარესად წარმოაჩენინებს. ამჯერად ბათუმში მომხდარი ტრაგედია არ აღმოჩნდა მიზეზი, რის გამოც მოთამაშეები საკუთარ თავზე მაღლა ახტებოდნენ."

Sportall.Ge

მოლოდინი

რა თქმა უნდა, ევროფორუმზე უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ ამავდროულად, ვითარებას რეალურად უნდა შევხედოთ და შესაბამისი, ადეკვატური მოლოდინები დავისახოთ. ვინც ამ სიტყვების უკან "გაპრავებას" და "თავის დაზღვევას" დაინახავს, უბრალოდ, არაობიექტური იქნება.

მაინც რას ვგულისხმობთ? საქართველოს ნაკრებს მოკლე დროში ორი ამ რანგის მატჩის მასპინძლობა მოუწევს, რასაც მათ შორის ემოციებისა და რესურსების გადანაწილება სჭირდება. უნდა შევთანხმდეთ, რომ ახლა მთავარი შედეგია და ამისთვის ყველაფერი "მოსულა". სადაც თითოეული შეცდომის ფასი დიდია, იქ ვერც განსაკუთრებულად შემტევ ტაქტიკას მოვითხოვთ და ვერც მხოლოდ თვალსასეირო სანახაობაზე ვიფიქრებთ. ეგაა, ვილი სანიოლის მხრიდან შესაბამისი, წარმატების მომტანი სქემა უნდა ვნახოთ, მხოლოდ "ბრძოლით ბედნიერების" დრო ახლა არ იქნება!..

კიდევ ერთი ამბავი ისაა, რომ გადამწყვეტ მატჩში საბერძნეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით თუ ბოლო დროს ძალიან თანამედროვედ მოთამაშე ყაზახებს, მზად უნდა ვიყოთ, რომ მიზნის მისაღწევად დიდი ჯაფა დაგვადგება. გასაგებია, ხვიჩა კვარაცხელია გვყავს; გვესმის, მამარდაშვილისა თუ ჩაკვეტაძის დიდი იმედი გვაქვს, მაგრამ ყველაფერი გუნდურად გადაწყდება. მთავარია, როგორც სტრატეგიულად, ასევე ფიზიკურად, ყველაფერი დავდოთ.

Sportall.Ge

შემადგენლობა

ვილი სანიოლმა მოღვაწეობის დასაწყისში ნაკრების კარი საკმაოდ ბევრ დებიუტანტს თამამად გაუღო, მოგვიანებით კი ასე ნაკლებად იყო. "ერთა ლიგის" ჯგუფური ეტაპის დასრულებისა თუ გასული წლის სექტემბერში კატასტროფული შედეგების შემდეგ ჩვენ როგორც სამწვრთნელო, ასევე საკადრო ცვლილებების აუცილებლობაზე ვწერდით, თუმცა იმასაც აღვნიშნავდით, რომ ეს თუკი მაშინ არ განხორციელდებოდა, შემდეგ გვიანი იქნებოდა; მაშინ, როცა 2024 წლის დასაწყისში ამხანაგურების ფანჯარაც არ არსებობდა, პლეი-ოფისთვის მოსამზადებლად ხომ ცოტა დრო რჩებოდა.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, შემადგენლობაში განსაკუთრებულ ცვლილებებს, ფაქტობრივად, არ ველით; მათ შორის, არც საშუალო ასაკის შემცირებას. ახლა ყველამ უნდა ვისურვოთ, ფრანგი მთავარი მწვრთნელის გზამ მიზნამდე მიგვიყვანოს. ამის მიუხედავად, რამდენიმე ახალი ფეხბურთელის გამოჩენა სავსებით შესაძლებელია, მით უმეტეს, როცა ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას ჩანაცვლება მოგვიწევს. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ 21-წლამდელთა ნაკრები ევროპირველობაზე კარგად გამოვიდა.

Sportall.Ge

კადრები და შესაძლო სიახლეები

ფაქტია, "ჯვარიანების" საკადრო რესურსი უკეთესის სურვილს ტოვებს; ლეგიონერთა უმეტესობა იდეალურ კონდიციებში არ იმყოფება.

მეკარის საკითხი მოგვარებულია, გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ ფორმაშია; ცუდია, რომ დავით ხოჭოლავა მომჯობიმებას ვერ ასწრებს, მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ის უალტერნატივოა; საბა საზონოვის პროგრესი აშკარაა და მას "ჯვაროსნებში" აქამდეც მეტი დრო უნდა მიეღო; მშვენიერია ოთარ კიტეიშვილის მომჯობინება და ამხანაგურ შეხვედრებში 90 წუთით დატვირთვა; გიორგი ჩაკვეტაძის სტაბილურობა, მაგრამ გიორგი ქოჩორაშვილის ტრავმა გვანერვიულებს; კარგია ბუდუ ზივზივაძის გოლები, თუმცა ფორმაში მყოფი გიორგი მიქაუტაძე აუცილებლად გვჭირდება...

გულშემატკივრებში ახლა ორ შესაძლო სიახლეზე მსჯელობენ. პირველი კონტანტინე მარადიშვილის ამბავია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება მიიღო. ფაქტობრივად, გამოვრიცხავთ, სანიოლმა ასეთი მნიშვნელივანი შეხვედრების წინ ნაკრების დებიუტანტისთვის სათამაშო დრო გამონახოს. ამიტომ, მოდით, ამ თემას, რომელზედაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ახლა ნუ გავააქტიურებთ... მეორე გიორგი არაბიძეა. ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ ის ფედერაციის "შავ სიაში" არ იმყოფება. გასული სეზონის შედეგების მიხედვით, გიორგი სანაკრებო სიაში ყოფნას იმსახურებს, ეს უდავოა!..

Sportall.Ge

გარემო

კონსტრუქციული შენიშვნები მისაღები უნდა იყოს, სხვა მხრივ კი, 21 და 26 (იმედია!) მარტის მატჩებისთვის მაქსიმალურად ერთიანად უნდა მოვემზადოთ. გარემოს როგორც შეხვედრამდე, ასევე მის განმავლობაში, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ფეხბურთის ფედერაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, ამ მხრივ პრობლემები არ შეიქმნას.

ბილეთების რეალიზება ის ამბავია, რომელიც ყველაფრის დასაწყისია. ვისურვებთ, ეს პროცესი გამართულად წარიმართოს და გულშემატკივართა ნერვული სისტემა არ "შეიწიროს". ამავდროულად, ფასებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, საკუთარი მოედნის ფაქტორი სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ და ისე არ უნდა მოხდეს, ჩვენი ფეხბურთელები ამან უფრო დაძაბოს. დისკვალიფიკაციის დროს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდთან ერთად ყოფნას დიდი მნიშვნელობა ექნება...

დაბოლოს, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უკანასკნელ ხანს შემადგენლობაში ბევრ ცვლილებას არ გვთავაზობს. სავარაუდო თერთმეტეულზე სასაუბროდ ჯერ ადრეა, ისე კი, ლუქსემბურგთან სანიოლისგან ამ ფეხბურთელებს ველით - (3-4-1-2) - მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია (C), ლოჩოშვილი - კაკაბაძე, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, აზაროვი - ჩაკვეტაძე - დავითაშვილი, ზივზივაძე.

altევრო 2024-ის წილისყრა. საქართველოს ნაკრები ტურნირზე გასვლის შემთხვევაში F ჯგუფში მოხვდება

altხვიჩას არყოფნა - რა არ "პრავდება", ჟურნალისტების როლი და რისი გამეორება აღარ უნდა დავუშვათ!..

altლევან კობიაშვილი: ეს არ უნდა მომხდარიყო - ჩასაფრებული ადამიანები ცდილობენ, ფედერაციასა და კლუბებს შორის გაუგებრობა იყოს

მკითხველის კომენტარები / 50 /
რა აზრი აქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, მაინც ყველა თამაშს წავაგებთ
დდდ
29 იანვარი 2024 13:17
32
მაშინ არ გავიდეთ საბერძნეთი და ჩეხეთი მოიგებს ყველა თამაშს ან უნგრეთი შეიძლება თურქეთმა მოიგოს ყველა თამაში!! შენ ალბათ გულდაწყვეტილი იყავი 21 ევროპა საქართველოში როიყო რააზრიაქო იძახდი მოი.ალი თავი უიმედოობის გამო
giorgi
29 იანვარი 2024 14:00
4
მამრდაᲨვილი- დაცვა-კაკაბაᲫე,კაᲨია,ლოᲩოᲨვილი.ნახევარდაცვა ცენტრᲨი ქოᲩორაᲨვილი,კიტეიᲨვილი.ფლანგებზე აზაროვი,გოᲩოლეიᲨვილი.გამᲗამაᲨებელი ᲩაკვეტაᲫე.ორი ფორვარდი მიქაუტაᲫე და ზივზივაᲫე( ან ზურიკო).სქემა 3-4-1-2
რეალი
29 იანვარი 2024 12:47
6
5 მცველით ლუქსემბურგთან?
გიორგიპირველი
29 იანვარი 2024 17:11
0
არაბიძე ყოველმიზეზის გარეშე გამოსაძახებელია
მანჩო
29 იანვარი 2024 12:16
9
არაბიძე აუცილებლად გამოიძახონ ნაკრებში.
მიქაუტაძე მარტამდე ფორმას აღიდგენს. უნდა იყოს სასტარტოში.
მარჯვენა ფლანგზე გოჩოლეიშვილი უნდა იყოს.
ქ. გ.
29 იანვარი 2024 12:06
7
გული ცუდს მიგრძნობს.
temo M
29 იანვარი 2024 12:01
22
სანიოლს თმა გაუთეთრეს ,მალე იმასაც გაიგლიჯავს და მერე წავეედიმეო იტყვის.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
29 იანვარი 2024 11:52
7
Arabidze nakrebshi
Jeko
29 იანვარი 2024 11:48
5
კაშია-კვირკველია-კვეკვესკირი არ გამოგრჩეთ არსად! დიდი ცისარტყელა დროშა ხომ არ გამოვფინოთ სტადიონზე ავტორო რომ ჩვენი გურამიკო გავამხნევოთ?)))) ტიაგო სილვა ასაკს უმაღლესი კლასის ხარჯზე აკომპენსირებს, თუმცა შეცდომებს უკვე მაინც ხშირად უშვებს და კაშიას და კვირკველიას კლასი ახალგაზრდობაშიც არ ჰქონდათ და ეხლა ხომ საერთოდ, ამას დამატებული კვეკვესკირი, მაინდამაინც უნდა დაგვღუპონ გადამწყვეტ მომენტში თუ რატომ არ ვეშვებით ამ ხალხს
llcl
29 იანვარი 2024 11:37
14
დაცვაში საზონოვი და კალანდაძე კვირკველიასა და ლოჩოშვილის ნაცვლად. ნახევარდაცვაში არაბიძე კვევკვესკირის ნაცვლად
და ჰიმნის მერე აუცილებლად დაუკარით სიმღერა "თავისუფლება ლომთა ხვედრია-ან გამარჯვება ანდა სიკვდილი"-დამიჯერეთ იმუშავებს განწყობაზე დადებითად
inviz9
29 იანვარი 2024 11:26
6
შეცდომები რომელიც აქამდე დავუშვით:
1. ბებერი დაცვის იმედად ყოფნა. არსებობენ ხანში შესული მცველები, რომლებიც გამოცდილებით აკომპენსირებენ სიჩქარის ნაკლებობას. სამწუხაროდ ასეთი მცველები არ არიან ჩვენი ვეტერანები. ახალგაზრდებს კი არ მისცა შანსი სანიოლმა, რომ შეთამაშებულიყვნენ და გამოცდილება დაეგროვებინათ.
2. არაბიძის ფაქტორის არ გამოყენება. გადამწყვეტ მომენტში არაბიძეს შეუძლია თამაშის თავზე აღება და უპირატესობის შექმნა. ზოგჯერ მგონია, რომ იმიტომ არ მისცა შანსი, რომ თავის კარგად წარმოჩენის შემთხვევაში "ვიღაცის" ძმაკაცი ამოვარდებოდა. ამის გამო ქვეყანამ არ იზარალოს.
ქუთაისელი
29 იანვარი 2024 10:53
9
არაბიძის ნაკრებში გამოუძახებლობა მე ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაული მგონია.
კაკო
29 იანვარი 2024 11:24
9
ჯარიმის ნორმალურად შემსრულებელიც არ გვყავს და ასეთ დრო არაბიძის არ გამოძახება დაუშვებელია.... ძველი დროა ნაკრებში ჩემიანი იმისიანი... რაც იციან და რაც მოსდგამთ იმას აკეთებენ აბა მაგათმა სხვა არ იციან და.. შეისისხორცეს ეგეთი მიდგომა.. იმდენ უაზრო ფეხბურთელს იძახებენ საქართველოს ჩემპიონატიდან რომ ვინც ღირსია იმათ ვერ და არ იმჩნევენ. გასაყრელები არიან დიდიან პატარიანად
რონი
29 იანვარი 2024 11:18
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული