ერთი დღე მატჩამდე! როგორი გუნდია საბერძნეთის ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონობის 20 წელს აღნიშნავს

AutoSharing Option
ოთხი წლის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კვლავ აქვს შანსი, ევროპის ჩემპიონატზე "ერთა ლიგის" გზით გავიდეს. ეს ტურნირი სულ მესამედ ჩატარდა, თითქოს "საჩვენოა", მაგრამ მთავარი წარმატებისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. დღეს ფინალური მეტოქის, საბერძნეთის ნაკრების ირგვლივ ვისაუბროთ, გადამწყვეტი მატჩი მოახლოვდა...

ცუდი ბალანსი

ოქროს საწმისისა თუ ბერძნული კოლონიზაციების შესახებ ისტორიულ რაკურსს ამჯერად თავს ავარიდებთ და საქართველო-საბერძნეთის ნაკრებების ურთიერთშეხვედრებს შევეხებით. ბალანსი ჩვენთვის იმდენად ცუდია, სტატისტიკის მოყვანაც რომ უსიამოვნოა, მაგრამ ერთხელაც ნავსი უნდა გატყდეს!.. ირლანდიელებთან ფრესაც ვერ ვახერხებდით და მივაღწიეთ (ჯერ გამარჯვება არ გვაქვს), უელსელებს ჩვენ
ვჩაგრავდით და ბოლოს თბილისში დავმარცხდით...

"ჯვაროსნებს" სასურველი შედეგისთვის უფრო დიდ ნაკრებებთან მიუღწევია, ვიდრე საბერძნეთია (ისე, ევროპის ჩემპიონები კი არიან და ეს ზუსტად 20 წლის წინ შეძლეს), მაგრამ ისინი უხერხული მოწინააღმდეგის კატეგორიაში გადიან...

ადრე თემურ ქეცბაიას მშვენიერი გოლი იყო, თუმცა, მაინც წაგება... ფინალურ მეტოქესთან პირველად ფრეს (1:1) 2010 წელს, სტუმრად მივაღწიეთ. ქეცბაიას გაწვრთნილი ნაკრები ალექსანდრე იაშვილმა სტარტზევე დააწინაურა. ეს ის ჯგუფური ეტაპია, როცა თბილისში ხორვატიას ვაჯობეთ; ბერძნებთან შინაც ვიგებდით, დავით თარგამაძის გოლით და ხუთწუთიან ინტერვალში დავმარცხდით, გამარჯვების დარტყმა კი 2004 წელს, ბერძენთა ტრიუმფალური ევროპის ჩემპიონატის ფინალის გმირმა ანგელოს ხარისტეასმა შეასრულა.

რისი გახსენებაც არ გვინდა - 2005 წლის ზუსტად 26 მარტს თბილისში წავაგეთ (1:3), შოთა არველაძეს კი ტრიბუნებიდან უსტვინეს (ბურთი ცუდად ამოიტანა, რაც გოლად დაგვიჯდა) და იძულებული იყო, მოედნიდან გასულიყო... ახლა გულშემატკივრობის მხრივ აშკარად პროგრესი გვაქვს!..

სანიოლის დრო

ბოლო მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენ და ბერძნები ისევ ერთ ჯგუფში ვიყავით. ორივე შეხვედრაში მაყურებლის გარეშე ვითამაშეთ. ჯერ სალონიკში, სადაც ოთარ კაკაბაძის ავტოგოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მანამდე ცოტათი პასიური იყო, ზუსტად 2 წუთში ბერძნებს დაუვიწყარი გოლი გაუტანა; რაც შეეხება ბათუმურ დაპირისპირებას, ამ ქალაქში დატრიალებული ტრაგედიის გამო გულშემატკივართა სტადიონზე არშეშვება ბოლო მომენტში გადაწყდა. მაშინ დავწერეთ, რომ სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში საქართველოს ნაკრებს საკუთარ თავზე მაღლა ახტომა და ზედმეტ პასუხისმგებლობასთან გამკლავება უჭირს. იმედია, ახლა, პირველ რიგში, ეს შეიცვლება!..

ის შეხვედრა კიდევ სხვა რამის გამოც იყო მნიშვნელოვანი. მის შემდეგ სანიოლმა ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა და შემდეგ გუნდიც და გიორგი მიქაუტაძეც უკეთ აათამაშა. ხსენებულ მატჩში გიორგი მხოლოდ მაღალი ჩაწოდებების ამარა იყო და მოედნიდან ნაადრევად გაიყვანეს. ამ დაპირისპირებაში არაერთმა ისეთმა ფეხბურთელმა ითამაშა, ახლა განაცხადშიც რომ არ არიან - ხოჭოლავა, გიორბელიძე, აბურჯანია, ლობჟანიძე, გვილია, ოქრიაშვილი; ლორია უკვე სათადარიგოა, კანკავა კი ნაკრებში დაბრუნდა. გოლები დასანანად, 90-ე და 95-ე წუთებზე გავუშვით...

Sportall.Ge

დღევანდელობა

საბერძნეთის ნაკრები და მისი მთავარი მწვრთნელი გუსტავო პოიეტი ტაქტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ურუგვაელი გუნდს სამი მცველითაც ათამაშებს და ოთხითაც, ორფორვარდიანი ტაქტიკაც დამუშავებული აქვს და სამიც... რთული სათქმელია, ის საქართველოს ნაკრებთან რას გადაწყვეტს. ასე რომ, პოიეტისა და სანიოლის ტაქტიკური დუელი მთელი მატჩის განმავლობაში საინტერესო იქნება.

საბერძნეთის ნაკრებს რეალიზაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს და თუკი კარში ურტყამენ, საკმაოდ კარგადაც. მაგალითად, საფრანგეთის ნაკრებთან (ბოლო ამხანაგური მარტამდე) ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში კარში ორივე დარტყმა გოლად აქციეს. 

ბერძნები ფიზიკურად კარგად მომზადებულები არიან, ტემპის კონტროლი მშვენივრად გამოსდით, იერიშებს კი ხშირად ფლანგური ჩაწოდებებით ქმნიან. ყაზახებთან განსაკუთრებით აქტიური მარჯვენა ფრთა ვნახეთ...

შემადგენლობა

ბერძნები საშუალო და უფრო მაღალი დონის კლუბებში საკმაო წარმატებით გამოდიან. მათზე ამპლუების მიხედვით გესაუბრებით.

მეკარე ოდისეას ვლახომიდოსს "ნოტინგემ ფორესტში" სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ ის ნაკრებში გამორჩეულია;

დაცვის ხაზში მთავარი კაცი "ვესტ ჰემის" ცენტრალური მცველი კონსტანტინოს მავროპანოსია. პრემიერლიგაშია მარჯვენაფლანგელი ჯორჯ ბალდოკი, "ლივერპულელ" ციმიკასს კი ყველა იცნობს (მას დაცვაში სისუსტეები აქვს, რაც უნდა გამოვიყენოთ). პანტელის ხაციაკიდოსი იტალიაში, "კალიარის" რიგებში, ცოტას თამაშობს;

Sportall.Ge

ნახევარდაცვის ლიდერი ანტონიოს ბაკასეტასია. "პანათინაიკოსელი" შუა ხაზში ყველგანაა და შედეგიანიცაა. ყაზახებს თურქეთში მოთამაშე დიმიტრიოს კურბელისმაც გაუტანა. ასე რომ, ბერძენთა ნახევარდაცვას ჩაშლაც შეუძლია და შეტევაც;

საბერძნეთის ნაკრებში ფორვარდის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. ყაზახების კარი "პანათინაიკოსის" თავდამსხმელმა ფოტის იონადისმა აიღო, რომელმაც ცოტა ხნის წინ მთავარ მეტოქე "ოლიმპიაკოსს" დუბლი შეუსრულა. მეორე ტაიმში შეხვედრაში აშშ-ში ლობჟანიძის თანაგუნდელი გეორგიოს გაკუმაკისი ჩაერთო, რომელსაც თავადაც გააქვს (თერთმეტმეტრიანებსაც ასრულებს) და ცოტა ხნის წინ საბას საგოლე პასი შეუსრულა, თანაც, ძალიან მაღალი კლასის. ნახევარფინალში არ უთამაშია "ალკმარიის" ბომბარდირს, ვანგელის პავლიდისს (სატრანსფერო ფასი 22.2 მილიონი), რომელიც მიმდინარე სეზონში 23 შედეგიანი დარტყმის ავტორია. 

საქართველოს ნაკრებს თავისი უპირატესობები გააჩნია და მთავარმა მწვრთნელმა კარგად უნდა განსაზღვროს, ის როგორ უნდა გამოიყენოს. ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ბერძნებს სტუმრად სიტუაციის კონტროლის საშუალება არ უნდა მივცეთ, ამავდროულად კი, კონტრშეტევებზე შანსებს აუცილებლად მივიღებთ...

ევროზე უნდა ვითამაშოთ!..

altსაუკეთესოს გარეშე - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მწვრთნელის შეფასება

altროცა ყველაფერი სანიოლის სცენარით მიდის - ხვიჩას დაბრუნება და გადამწყვეტი მატჩი

მკითხველის კომენტარები / 50 /
გასასვლელად დიდი ალბათობით სულ მცირე 2 ბურთის გატანა დაგვჭირდება. რას ვგულისხმობ მიხვდება ვინც ყაზახეთის კარში ბერძნების მე-2 და მე-3 გატანილი ბურთები ნახა. ასე რომ წინ თამაშის მაღალ ინტენსიობას უკან ინტენსიური და მაქსიმალურად ყურადღებიანი დაცვა უნდა შევუთავსოთ.
გიორგი
19:05 25-03-2024
1
ქომაგებო, ქართველებო თუ გვინდა რომ ადვილად მოუგოთ ბერძნებს. ამაღამ 2-საათზე ბერძნების სასტუმროს წინ,მარტყოფის ველზე დავცხოთ გამაყრუებელი ყიჟინა....ხმაური,ქართული სიმღერები.ცეკვები გნიასი.დოლი.დუდუკი.გიტარა.ზურნა და ასე შემდეგ რომ მეტოქე არ დავაძინოთ მოსვენება არ მივცეთ მთელი ღამე და დღე...გარწმუნებთ უეჭველი მოუგებთ...
არსენა
15:48 25-03-2024
10

სიახლეები პოპულარული