მშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში გასვლაზე მონტენეგრო 3:1 დაამარცხა.

მწვრთნელმა სანიოლმა ოპტიმალურთან მიახლოებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა. ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა ინიციატივას, ჯერ მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მეკარე მიატოვიჩმა მოიგერია, ცოტა ხანში კი კიტეიშვილმა „ჯვაროსნები“ დააწინაურა. შემდეგ ჩაკვეტაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე კვარაცხელია გაიყვანა, მაგრამ მას მცველმა დრეშკოვიჩმა დაასწრო და ხიფათი განმუხტა. აქედან მოყოლებული, თამაში გათანაბრდა, მეტოქის შეტევები მოვიგერიეთ და სწრაფი კონტრიერიშისას მიქაუტაძე, რომელიც მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მცველმა წააქცია. მერე ხვიჩამ მიქაუტაძე შესანიშნავი პასით მიატოვიჩთან ერთი-ერთზე გაიყვანა და მან შანსი ხელიდან არ გაუშვა. მასპინძლებმა პირველად
კარში მხოლოდ 38-ე წუთზე დაარტყეს, მაგრამ მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კიტეიშვილი დაშავდა და კვეკვესკირმა შეცვალა. ოთარმა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა და იმედია, სერიოზული ტრავმა არ მიუღია. მერე „კვარა“ მეურვეს გაექცა და მახვილი კუთხიდან გატანა მეკარემ არ დაანება. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, გადაცემა უკეთეს პოზიციაში მყოფი მიქაუტაძისთვის გაეკეთებინა. ამას მონტენეგროელთა შეტევა მოჰყვა და ოსმაიჩს ახლო მანძილიდან მამარდაშვილმა არ გაატანინა, ხოლო შეცვლაზე შესულმა იოვეტიჩმა მალე ანგარიში შეამცირა. შემდეგ ალთუნაშვილის კარგი პასით მიქაუტაძე საჯარიმოში შეიჭრა და მისი დარტყმული ბურთი მიატოვიჩმა მოიგერია. 83-ე წუთზე დავითაშვილი მცველს დაუსხლტა, რომელმაც საჯარიმოში წააქცია, თუმცა ზივზივაძემ გაიტანა და პენალტის დანიშვნა საჭირო არ გახდა. მორიგი იერიშისას ზურიკოს მეკარემ არ გაატანინა და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ევრო 2024-ზე ამაღლებული განწყობით გაემგზავრება.

სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას უკვე ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს - 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან.

პოდგორიცა. „პოდ გორიცომი“
მონტენეგრო - საქართველო 1:3
გოლები: 0:1 კიტეიშვილი (10), 0:2 მიქაუტაძე (33), 1:2 იოვეტიჩი (68), 1:3 ზივზივაძე (83)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, გველესიანი, დვალი, ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 80), შენგელია (წიტაიშვილი 66), ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი 66) , კიტეიშვილი (კვეკვესკირი 50), კვარაცხელია (დავითაშვილი 80), მიქაუტაძე (ზივზივაძე 80)

მკითხველის კომენტარები / 77 /
ჩერნოგორია,რა თქმა უნდა ჩვენნაირ ფორმაში ვერ იქნება,მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ასე საგრძნობი უპირატესობით თამაში.როგორც იქნა,შეტევაში დამუშავებული კომბინაციები და სქემები გამოჩნდა და შედეგიც სახეზეა.ამდენი ზუსტი დარტყმა როდის გვქონდა სერიოზულ მეტოქესთან,აღარ მახსოვს.გველესიანს კლასი ეტყობა,თუმცა შეცდომებიც ჰქონდა და აშკარაა,რომ მცველებთან შეთამაშება აკლია.ეს მისი სანაკრებო დებიუტი იყო და ეს არც არის საკვირველი,თუმცა შეტევაში საგოლე პასი მიითვალა და მის თავდაჯერებულობას ესეც დაეხმარება.მეორე ამხანაგური მატჩი რომ არ გაუქმებულიყო,გველესიანი იმასაც ითამაშებდა და რა თქმა უნდა უკეთესად შეეწყობოდა გუნდს.კვირკველიას დიდი ხანი გაუცდა და ჯერ არ ვიცით,პირველ თამაშზე რამდენად იქნება მზად.ასე რომ მაგ პოზიციაზე შესაძლოა პრობლემები გვქონდეს.პირველ ტაიმში საყრდენი ზონა ძალიან კარგად მოქმედებდა და კარში დარტყმა,მეტოქეს არ დავანებეთ.მეორე ტაიმში,კიტეიშვილის გასვლის შემდეგ,კარის წინა ზონები გაგვეხსნა და ძალიან ბევრჯერ დავარტყმევინეთ.ამან დაცვის ცენტრში გაამწვავა არეულობა და ისე გამოვიდა რომ თამაშის კონტროლი დავკარგეთ.მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი,ჩემი აზრით ჩაკვე იყო,რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა და ერთადერთი,კარზე უშუალო მუქარების შექმნაა,თვითონ რომ არ აკეთებს და მხოლოდ პასებით კმაყოფილდება.დარწმუნებული ვარ,ამ ჩემპიონატის მიმდინარეობისას კარშიც დაარტყამს და თუ გაიტანა,მერე ყველა ნახავს,რა შეუძლია ჩაკვეს.მისი ადგილი,პრემიერლიგაშია.კიტე რომ შეუცვლელია,მისმა შეცვლამაც დაგვანახა,ფლანგებზე შენგელია და კაკაბაძე,ნორმალურად გამოიყურებოდნენ,პირველ ტაიმში მაინც.შემტევები კი მართლაც კარგები იყვნენ.ადრე თუ თამაშის გასაძლიერებლად,მიქაუტაძე გამოიყვანა,ბუდუ კი ძირითადში იყო,წუხელ ადგილები გაცვალეს და ორივემ კარგი გოლები გაიტანეს.ესე იგი,ორივე ვარიანტში,მათი იმედი უნდა გვქონდეს.ზურიკოც აქტიურად შემოვიდა უკანიდან დიდებული პასის შემდეგ,თვითონაც მშვენიერი გარღვევით შეტევა საბოლოოდ გოლამდე მიიყვანეს.კვარა თავისას აკეთებდა და საგოლე პასიც მიითვალა.აშკარა იყო,რომ რაც შეეძლო ბოლომდე არ აწვებოდა.მეორე ტაიმში,როცა პასი არ გააკეთა და თვითონ დაარტყა,ანგარიშის გამო მისცა თავს უფლება.თვითონაც ძალიან უნდოდა გატანა და დაარტყა,მაგრამ ერთი წუთის შემდეგ,უკვე დასარტყმელი არ დაარტყა და პასი გააკეთა,წინა მომენტის დანაშაულის შეგრძნების გამო.ოფიციალურ თამაშში თავს უფლებას არავინ მისცემს,ასეთი რამე გააკეთოს.რა ვიცი.რაც ვნახე,დღეს საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერი გუნდია,ვიდრე საბერძნეთთან იყო,თუმცა მეტოქეებიც უფრო ძლიერები გვყავს და წინასწარ გულზე მუშტის ბრაგუნი,არ გამოვა,მაგრამ არც არავისი უნდა გვეშინოდეს.ჩვენ უკვე შეტევითი პოტენციალი გვაქვს და დაცვაშიც სტაბილურად თუ დავდექით,რაღაცა კი უნდა გამოგვივიდეს.ჩერნოგორიელებს მადლობა ტაბლოზე გამოტანილი გზის დალოცვის და იმის გამოც,საკუთარ მოედანზე დამარცხების მიუხედავად,უხეშობა რომ არ იკადრეს.სულ კი მეშინოდა.ვუსურვებ,მომდევნო ჩემპიონატზე,ისინი გახდნენ,ჩემპიონატის დებიუტანტები.ჩვენ ბიჭებსაც წარმატებულ თამაშს ვუსურვებ გერმანიაში და ძმებო გულშემატკივრებო,ვინც გერმანიაში უყურებთ ამ თამაშებს.სხვა გზა არაა,ჩვენს ნაცვლადაც თქვენ უნდა დაიხეთქოთ ყელები და არ აგრძნობინოთ ბიჭებს,რომ გერმანია სავსეა თურქებით და მეტი გულშემატკივარი ეყოლებათ სტადიონზე.აქ კი ვჭამთ,ერთმანეთს,მაგრამ იმ საჰაერო ორმოში ჩავარდნილი თვითმფრინავის მგზავრების და ეკიპაჟისა არ იყოს,სადაც აუცილებელია,იქ უნდა გავერთიანდეთ და როგორც ის თვითმფრინავი ამოათრიეს,ისე მივაწვეთ და გავატანინოთ ლელო,ჩვენ ბიჭებსაც.საქათველოს ნაკრები და მისი გულშემატკივარი!ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ვიბრძოლებთ.ღმერთი გვეწეოდეს.
სოსო
15:07 10-06-2024
1
გუშინდელი თამაშის მერე დავითაშვილი აღარ მევასება!
ჯერ ერთი: იღორა და საგოლე პასი არ გააკეთა,
მეორე: არც გოლის დროს აპირებდა პასს და არც მიულოცა,
და მესამე: 9 ნომერი მაისურა მიისაკუთრა დაუსახურებლად!
მამამისმა სჯობია ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კურკურს თავის ბიჭს ჩაუკურკუროს რომ მაგისი ძველბიჭობა და ეგოიზმი არევს სიტუაციას ნაკრებში და საბოლოოდ ისევ მაგასვე ავნებს.
ეძმაკაცემა კვარს და მამარდას და სხვებს ზემოდან უყურებს , ბიჭები ითმენენ ისევ კვარას მამარდას და საქმის ხათრით, მარა მგონია რომ კაშია, კვეკვესკირი და სანოილი უნდა დაელაპარაკონ და მიაყენებინონ ერთი ადგილი.
ქეცბას რომ აიგნორირებდნენ ხოლმე მისი თაობის თბილისელი ვარსკვლავ ბიჭუნები იმას მაგონებს ეს სიტუაცია და სანიოლმა უნდა მიხედოს ამ სიტუაციას. ასე არ ივარგებს!
სათქმელი ახლა უნდა ითქვას რომ ჩაგიგუბებიათ მდორე წყალი პირში და ხმას არავინ იღებთ!
ბს
14:35 10-06-2024
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული