იტალიური მედია დეტალურად გადმოსცემს "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე მიღწეულ წარმატებას და აღწერს, თუ როგორი სიხარული სუფევს ამჟამად საქართველოში. ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიასთან დიდებულმა თამაშმა და ნამატჩევს მისმა Rai Sport-თან ნათქვამმა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა "ნაპოლიში", იმდენად დააფრთხო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომ მეორე დილით 7 საათზე გადაფრინდა გერმანიაში და თან სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, გენერალური დირექტორი ანდრეა კიაველი და ადვოკატი მატია გრასანი იახლა.
დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ განაცხადა, რომ შეხვედრა დიუსელდორფის აეროპორტის მახლობლად სასტუმროში შედგა, ორ საათს გასტანა
და პოზიტიური შედეგი გამოიღო.
ANSA-ს მტკიცებით, მინი-სამიტზე კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა და კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა შესთავაზეს, რაც ძალიან მაღალი თანხის გადახდის შედეგად იქნება შესაძლებელი და რაც მომავალში სატრანსფერო ბაზარზე დიდი წინადადებების მიღების საშუალებას მისცემთ.
"რეპუბლიკის" ცნობით, შეხვედრამ დადებითი შედეგები გამოიღო, რადგან საკმაოა ფეხბურთელის პსჟ-ის მიერ გადაბირების საშიშროება და მხარეები მოლაპარაკებებს ევროპირველობის შემდეგ განაახლებენ.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მოთხოვნა გააჟღერა, რომელიც "კვარას" გუნდის პროექტში ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებს და ქართველს ვერ შეელევიან.
ამასთან დაკავშირებით რადიო Marte-ს ეთერში ჟურნალისტმა ენრიკო ფედელემ ისაუბრა: "წარმოგიდგენიათ, "ნაპოლის" ოთხი ხელმძღვანელი გერმანიაში ხვიჩასთან სასაუბროდ ჩავიდა. ამ სიშორეზე ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად წავიდნენ. წინასწარი შეთანხმება რომ არ ჰქონოდათ, არ გაემგზავრებოდნენ. ასეთ საკითხებში საკმაო გამოცდილება მაქვს, ვიცი, ადრე შეცდომები იქნა დაშვებული, ეს ცუდი მმართველობის შედეგია, ზოგიერთი დეტალი კონფიდენციალურად უნდა დარჩეს, მაგრამ ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი და მთავარი კვარაცხელიასა და დი ლორენცოს გუნდში დატოვებაა".