ტრიბუნებზე ინდივიდუალური სკამების ნაცვლად, ფიცარნაგები იყო დაგებული, და სტადიონი ბევრად მეტ მაყურებელს იტევდა. მოგვიანებით, კომფორტმა დაჩაგრა რაოდენობა.
გინახავთ დადუმებული ორასი ათასი ადამიანი, გაყინული პირისახითა და არაფრისმთქმელი მზერით?!
ბრაზილიური საფეხბურთო წრეები ყველაფერს მუასირ ბარბოსას აბრალებდნენ. ახლა ვინღა გამოარკვევს, იქნებ მართლებიც იყვნენ.
განსხვავებით სხვა ტურნირებისაგან, რომელთა ფინალი ერთმატჩიანია, 1950 წლის საფეხბურთო ჩემპიონატს ოთხი ფინალისტი ჰყავდა, რომლებსაც ერთმანეთში წრიული სისტემით უნდა ეთამაშათ. მასპინძელმა ბრაზილიამ
ბრაზილიის დამარცხება მარაკანას სტადიონზე? ალბათ მხოლოდ ყველაზე მეოცნებე ურუგვაელები თუ გაივლებდნენ, გულის ყველაზე მიყრუებულ კუნჭულში. მარაკანაზე, სადაც მატჩს ოფიციალური მონაცემებით 173.000 ადამიანი დაესწრო, ზოგიერთი არაოფიციალური ცნობით კი 200.000-სსაც გადასცდა.
როგორ უნდა დაამარცხო აშკარა ფავორიტი მასპინძელი, რომელმაც ფინალამდე 21 გოლი გაიტანა? ამასთან დაკავშირებით ურუგვაელთა კაპიტანს თავისი გეგმები ჰქონდა.
ობდულიო ვარელამ, მატჩის დილას, ადგილობრივი პრესის უამრავი ეგზემპლარი იყიდა, სადაც ბრაზილიის ნაკრები მატჩამდე გამოაცხადეს გამარჯვებულად, სააბაზანოში დააფინა და თანაგუნდელებს მოუწოდა, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ჟურნალ-გაზეთებისთვის.
მოტივაცია საკმარისი არააო და მწვრთნელის ტაქტიკაშიც ჩაერია კაპიტანი. ხუანიტო კი გადასარევი კაცია, მაგრამ ცდება, დღეს თუ დაცვაში ჩავდექით, ესპანეთის და შვედეთის ბედს გავიზიარებთო, გუნდელებს უთხრა.
მატჩი დაიწყო, ყოჩაღად იგერიებდნენ ბრაზილიელთა შეტევებს ურუგვაელები და ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მატჩის განახლებიდან ორიოდ წუთში ბრაზილიელთა შემტევმა, ფრიაკამ, ურუგვაელებს გაუტანა და ყველამ იფიქრა, რომ ურუგვაი გატყდა. ყველამ, გარდა კაპიტნისა. ვარელამ ბურთი ცენტრში დადო და თქვა: ახლა მოგების დროა!
აქედან კი იწყება პატარა ურუგვაული ზღაპარი, რომელსაც ათეული წლები მოიგონებენ, რომელსაც ბავშვებს ძილის წინ მოუყვებიან.
66-ე წუთზე ურუგვაიმ პირველი გოლი გაიტანა, და იმედის მცირე ნაპერწკალი გააჩინა.
ერთ ინტერვიუში, მატჩის მთავარი ტრიუმფატორი ალსიდეს გიდჟა ურუგვაიში გატარებულ ახალგაზრდობაზე ყვება. თურმე ბავშვები ხშირად ჭარბი რაოდენობის გამო, თხუთმეტი თხუთმეტის, ან ოცი ოცის წინააღმდეგ თამაშობდნენ. თუ საოცარი დრიბლინგი არ გქონდა, ამდენ ხალხს რას მოატყუებდიო, ღიმილით იხსენებს ჩემპიონი.
ვინ იცის, რაზე ფიქრობდა, როცა მატჩის დასრულებამდე 11 წუთით ადრე მარჯვენა ფლანგზე ბურთი მიიღო, ბიგოდე მოატყუა და კარისკენ დაიძრა.
მირბოდა საოცარი სისწრაფით, მირბოდა თავდავიწყებით, მირბოდა თავისი ოცნებებისკენ და ალბათ გრძნობდა როგორ მისდევდა ათი საუკეთესო ბრაზილიელი, მთელი მარაკანა და ალბათ, მთელი ბრაზილიაც. მიზანს კი მხოლოდ ერთი ზუსტი, ძლიერი და გამოზომილი დარტყმა აშორებდა. . .
გაივლის დრო, და მოასირ ბარბოსას არაერთხელ შეახსენებენ, რომ 1950 წლის ფინალში, გოლი ახლო კუთხეში გაუშვა. ბევრი წლის შემდეგ, ერთ ინტერვიუში თქვა, ბრაზილიაში პატიმრობის მაქსიმალური ვადა 30 წელია. მე კი უკვე 50 წელია ციხეში ვარო. ეს ფოტოც სიმბოლურია, კარის ბადე თითქოს ციხის გისოსების ფორმაშია სტილიზებული. . .
ურუგვაი კი გაჩემპიონდა. მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად. ვნახოთ, მომავალში თუ დაიბადებიან ობდულიო ვარელა და ალსიდეს გიდჟა . . .
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ბექა ზივზივაძემ