მატჩის დღე! ნუთუ ეს მართლა შეგვიძლია? საქართველო VS ესპანეთი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი პლეი-ოფის ეტაპზე გადავიდა. ჯერაც დაუჯერებელია, რომ აქ საქართველოს ნაკრებიცაა და ახლა მისი მატჩის პრევიუს ვკითხულობთ. მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით - დღეს, 30 ივნისს, კიოლნის "რაინ ენერგიზე", თბილისის დროით 23:00 საათზე.

"ფურია როხამ" 2008 წლის შემდეგ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა პირველად მოიგო. ესპანელენს ჯერ გოლი არ გაუშვიათ, 4 "მშრალი" კარი კი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონიათ. საუბარია პერიოდზე, როცა ესპანელთა გლობალური ბატონობა მიმდინარეობდა. 

Sportall.Ge

დე ლა ფუენტემ მესამე ტურში როტაცია მოახდინა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. გიორგი მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირია
(3 გოლი, 1 საგოლე პასი). მისი და ხვიჩა კვარაცხელიას მძლავრი დუეტი მეკარე სიმონის გოლგაუშვებელ კარს სერიოზულად ემუქრება.

Sportall.Ge

წილისყრის ეს ნახევარი მძიმეა, მომდევნო პოტენციური მეტოქები გერმანია (მეოთხედფინალში) და საფრანგეთი (ნახევარფინალში) არიან, ასე რომ, ვილი სანიოლის გუნდს ყველანაირი წნეხი მოხსნილი აქვს.

ესპანეთის ნაკრებს ხანდახან ჩვევია, აუტსაიდერთან დამარცხდეს. ასეთი იყო მაროკო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, უფრო ადრე რუსეთი... ასეთ დროს ისინი სათამაშო უპირატესობას ფლობენ, რასაც ტაბლოზე ვერ ასახავენ...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებს ბოლო პერიოდში ერთი დიდი ჩავარდნა ჰქონდა და ეს ესპანეთის ნაკრებთან შინ (1:7) იყო. "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ ამბავს აღარ დაუშვებს. "ჯვაროსნების" კარისკენ ჩემპიონატში ყველაზე მეტი (71) დაარტყეს, აქედან კარში 24 წავიდა, "მამარდას" ანგარიშზე 20 "სეივია". რაც შეეხება "კვარას", მას ესპანელთათვის შინაც გატანილი აქვს და სტუმრადაც...

"ბეტისის" ფორვარდ აიოზე პერესისა და "რეალის" მცველ ნაჩოს თამაში საეჭვოა, მაგრამ უკეთ არიან. ესპანელთა რიგებში დანი ოლმო და ფერან ტორესი გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ სასტარტოში მაინც ლამინე იამალი და ნიკო უილიამსი იქნებიან. ანზორ მექვაბიშვილი დისკვალიფიცირებულია, სოლომონ კვირკველიასა და გიორგი წიტაიშვილს კი ახლა სასტარტოში ველით.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, ლაპორტი, კუკურელია - როდრი, პედრი, რუიზი - იამალი, მორატა, უილიამსი;

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი- კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

მსაჯი: ლეტექსიე (საფრანგეთი)

ღვთისავარ ანთაძე აახენი - კიოლნი

altკიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება

altიულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება

მკითხველის კომენტარები / 54 /
ბიჭებო არ უნდა იყოს არავითარი შიშის გრძნობა. თქვენ ისედაც უკვე დიდი გმირები ხართ. ითამაშეთ მთელი მონდომებით. თამაშში ჩადეთ სული და გული. ერთი რამ არ დაგავიწყდეთ ვისი გორისა ხართ. წინ ქართველებო ვძლიოდ მეტოქეს. თქვენ ეს შეგიძლიათ
ლექსო
29 ივნისი 2024 18:48
1
პორტუგალიასთან მამარდამ, ბიჭების ჟინით თამაშმა და ცოტა, ცოტა, იღბალმა მოგვაგებინა.. აი ესპანეთთან კი უფლის წყალობით და იმედით ვიყოთ და იქნება ჩვენ პატარა, ლამაზმა, და სტუმართმოყვარე ერმა გაიხაროს და, იქნებ ეს ერთიანობა ყველაფერში გაგრძელებულიყოს წინ ბიჭებოოოოოოო ლოცვა თქვით გასვლის წინ..
კახა
29 ივნისი 2024 21:20
0
45 წელია, მსოფლიოს და ევროს ჩემპიონატებს ვუყურებ და ვისთვის არ მიგულშემატკივარია, ბრაზილიას თავის დროზე, ჰოლანდიის გაბრწყინებებს, უფრო მეტიც, ერთ დროს, დამპყრობლების ნაკრებსაც კი ვგულშემატკივრობდით, რადგან ქართველებიც თამაშობდნენ იმ ნაკრებებში... დღეს და განსაკუთრებულობას ამ დღეების, ჩემთვის იქ, ადგილზე ყოფნა განაპირობებდა... პირველად ჩემს ცხოვრებაში, ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვუყურებდი გერმანულ საოცარ სტადიონებზე, პირველად ვმღეროდი 35-40 ათას ქართველთან და იმ გუნდთან ერთად, რომლებმაც ეს სასწაული დღეები გვაჩუქეს...ჩვენი ჰიმნისას გული ყელში გებჯინება, თვალებიდან თქეშად წამოსულ ცრემლებს ვერ იკავებ, მაგრამ მაინც ახერხებ ხმამაღლა დასჭექო თავუსუფლების სადიდებელი ჰიმნი... ამ გუნდმა უკვე გააკეთა სასწაული და პირადად მე განსაცვიფრელად კმაყოფილი ვარ, თან მჯერა რომ ბიჭების რწმენამ და მოტივაციამ მოიმატა, რადგან ხედავენ, რომ სწორედ მათი შრომის, ოფლის, ტკივილის შედეგია, როცა ასეთ ბედნიერ ერს ხედავენ, ასე, რომ გვიფრთხილდნენ ესპანელებიც და რაც მთავარია, - ჩვენი ჯვაროსნები ღირსეულად იბრძოლებენ, ამაში დარწმუნებული ვარ, წინ საქართველო!
პაატა
29 ივნისი 2024 15:27
3
Forza saqartvelooo!!!
Noa
29 ივნისი 2024 18:26
0
ხვიჩას და ჟორჟს ბევრი გოლების გატანას ვუსურვებ.
მოწინააღმდეგე გუნდებს ჩვენგან ბევრი სიურპრიზი ელის. ძალიან მაგრად ჩაატარებენ მომავალ მატჩებს ჩაკვე, კიტე, ლობჟანიძე, შენგელია, გოჩო, სიგუა, გველესიანი, ბუდუ.
რეალობა
29 ივნისი 2024 15:44
3
კოლხ~იბერიელნო, თქვენ თქვენი საქმე უკვე გააკეთეთ, უკვე გმირები ხართ.
ახლა თქვენი და თქვენი ქვეყნის სიხარულისთვის ითამაშეთ, ოღონდ თავდადებით, ისე თითქოს ბოლო თამაში იყოს.
აბა თქვენ იცით, სამშობლოს თქვენი სჯერა, წინ ევროპაში შესასვლელად და დასაპყრობად! ამინ.
მალხაზ ჯობავა
30 ივნისი 2024 10:01
2
რა გეშველებათ ამ სტალინისტებს, რა გიქნათ ამ სსრკ-ს ტყუილებმა ...
ნაპოლეონა უბედურს
30 ივნისი 2024 15:35
2
ამ ევროპაში არაფერი გვესაქმება,აი დაპყრობა კი იცოცხლე ულვაშას უკვე აქ ეგ ამბავი ჩატარებული
ნაპოლეონი
30 ივნისი 2024 12:55
8
ეს არარის ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი, ეს არის ჩვეულებრივად ანშლაგით შევარდნა ამ დიდ სცენაზე ისე როგორც ჩვენ ხასიათში ზის. ჩვენ ხო შუალედები არგვიყვარს ან ძაან ვინდომებთ და გამოგვდის ან ძალიან არ გამოგვდის. მართლა ვერ წარმოვიდგენდი ესეთ გამოსვლას ყველა ნეიტრალური გულშემატკივარი ჩვენ გვიჭერს მხარს, ესპანეთთან არაფერი ახალი ისევ ისეთი თავდადებით და ყველაფერი კარგად იქნება ღმერთით, მთავარია ბრძოლა ბრძოლა და კიდევ ერთხელ ბრძოლა.
)))
29 ივნისი 2024 14:50
1
რეალურად რომ შევხედოთ საკითხს და იმას თუ რაშია ჩვენი ნაკრების შანსი, გასაგები გახდება, რომ ესპანელებს თამაშის ტემპში ვერ ავყვებით, ამისთვის უბრალოდ ფიზიკური გამძლეობა არ იქნება საკმარისი, ვერც ბურთის ფლობასა და კონტროლში ვაჯობებთ, რაც თავიდანვე ნათელი იყო, შესაბამისად, ერთადერთ ტაქტიკაა ზონების მაქსიმალურად ამოქოლვა ჩვენს ნახევარზე და სწრაფი კონტრ ჩხვლეტების ორგანიზება. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ტაიმში გოლი არ მივიღოთ, მითუმეტეს სწრაფი. ამის მისაღწევად პირადად ჩემი აზრით პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ფლანგები ამოვუკეტოთ მოწინააღმდეგეს, რადგან თუ ჩავლილ შეხვედრებს გადავავლებთ თვალს,ნათლად დავინახავთ იმას, რომ მთავარი საფრთხეები ნიკო უილიამსისგან და ლამინ იამალისგან მოდის. საჭიროა განაპირა მცველების მაქსიმალური კონცენტრაცია + დაზღვევაზე 1-2 მეტრის რადიუსში მუდამ ერთი ფეხბურთელის ყოფნა. დაცვაში პრესინგზე სამივე ცენტრალური ნახევარცმველი (კიტე,ქოჩორა,ჩაკვე) ეფექტურად მუშაობენ, ამიტომ მათი როლი აღნიშნულ თამაშში შეუფასებელი იქნება და თუ გვარიანად გაირჯებიან, დიდია იმის შანსი, რომ ესპანეთსა პირველივე ტაიმში საწადელს ვერ მიაღწიოს. თუ ეს ასე მოხდა, მეორე ტაიმში ისინი ანერვიულდებიან, მეტ შეცდომას დაუშვებენ და უკან ზონებსაც მეტად მოაშიშვლებენ, რითაც კარგად უნდა ისარგებლონ ჩვენმა გამქცევმა ფეხბურთელებმა (კვარა,ჩაკვე,ჟორჟი). არ იქნებოდა ურიგო თამაში ძირითადში კარგად დასვენებულ ბუდუ ზივზივაძეს დაეწყო და პირველი 60-65 წუთის მანძილზე ეცადა მაქსიმალურად დაეღალა ჭიდაობით მოწინააღმდეგის ცენტრალური მცველები, რასაც მეორე ტაიმიდან დასვენებული მიქაუტაძის გამოსვლა მოყვებოდა და სისწრაფეებში უპირატესობის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი შედარებით დაღლილ ესპანურ დაცვის ხაზთან. თუ გამქცევებზეა საუბარი, რაღაც მომენტში ალბათ უპრიანი იქნებოდა ლობჟანიძის ან დავითაშვილის გამოყვანა მარჯვენა ფლანგზე. რაც შეეხება კვარაცხელიას, კარგი იქნებოდა ის ამ თამაშში შეძლებისდაგვარად გათავისუფლებულიყო დაცვითი ფუნქციებისგან და ძალები წინ, სწრაფი შეტევის ორგანიზებისთვის შემოენახა, რადგან ამ ნაწილში ის ფაქტიურად უალტერნატივოა.

ესპანეთი აღნიშნულ ევროზე პირადად ჩემთვის ფავორიტთა ტოპ სამეულში შედის გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად, რაც მათ დომინანტური თამაშით უკვე დაამტკიცეს და აღარაფერი დატოვეს ხორვატიისგან, უშანსოდ მოუგეს იტალიის ნაკრებს, ამიტომ ამ ბარიერის გადალახვა შეიძლება ჩემპიონობასთაც კი გავაიგივოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თუკი მათ წინაღობას დავძლევთ, ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებ გუნდში ავტომატურად ვხვდებით, რაც თავისთავად უკვე თავს ზემოთ ახტომა იქნება.
soc.press
29 ივნისი 2024 14:58
5
ბატონებო თქვენი გამკვირვებია: რატომ ერთხელ მაინც არავინ არ გაიხსენა ჩვენი ნაკრების "რუხი კარდინალი" - კიტე? და რატომ არ ახასიათებთ მის თამაშს პორტუ-იბერიელებთან? უკმაყოფილო ხართ? კიტე ხომ წელს გახდა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთერსო გუნდის - ავსტრიის შიდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი! მისი მოედანზე ყოფნა - "წელს" უმაგრებს კოლხ-ივერიელებს!
ვაჟა მასწავლებელი
29 ივნისი 2024 14:58
3
ჩვენ ვცხოვრობთ ზღაპარში, წარმოუდგენელია რაც ხდება, 1 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ეს ყველაფერი ალბათ არავინ დავიჯერებდით. რწმენას მოაქვს ეს ყველაფერი, ღმერთი გვეხმარება, რაც ვიტანჯეთ ამდენი წლის განმავლობაში მუდმივი წაგებით ნელნელა ვანაზღაურებთ. მთელმა მსოფლიომ გაგვიცნო ყველა ჩვენზე საუბრობს, ესპანეთთან წნეხის გარეშე და თითოულ ბურთზე თავი უნდა გაწიროს ყველა ფეხბურთელმა ღმერთი თქვენსკენ
ქართველი
29 ივნისი 2024 14:46
2
მხედველობაშია მისაღები ასეთი გარემოება: შეხვედრის არბიტრი ფრანგია, ასევე ფრანგია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ამიტომ მსაჯის სიმპათია ჩვენი ნაკრების მხარეს უნდა იყოს. თუ ეს მიზეზი არ იმუშავებს არის მეორეც, მსაჯი ფრანგია და რა თქმა უნდა ჩემიონატში საფრანგეთის გამარჯვება უნდა, ამიტომ მისთვის და საფრანგეთის ნაკრებისთვისთვის გაცილებით მომგებიანია შემდეგ ეტაპზე საქართველო გავიდეს და არა ესპანეთი. ბიჭებო ხომ ხედავთ მსაჯის სიმპათიის პრობლემა მე მოგიგვარეთ, დანარჩენს თქვენ უნდა მიხედოთ.
ჟორა გაბრიჭიძე
30 ივნისი 2024 10:35
0
ხო მარა ეგ მსაჯი რასისტია ზუსტად ვიცი და საფრანგეთის ნაკრები ეზიზღება იმის გამო რომ იქ ფრანგი არავინაა ლამის და . . . ასე რომ ფრანგი რომ იმსაჯებს ეგ უბედურებააა
ნაპოლეონი
30 ივნისი 2024 12:53
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული