უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილით მიმართა და საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე წარმატებული ასპარეზობა მიულოცა.
თქვენ და თქვენს ეროვნულ ნაკრებს გილოცავთ ყველაზე წარმატებულ დებიუტს! თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ, - ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ UEFA-ს პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინისგან მიიღო.
UEFA-ს პრეზიდენტი ხაზს უსვამს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ ეს ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის წყაროა.
„UEFA EURO 2024 დასრულდა ერთთვიანი, უმაღლესი ხარისხის საფეხბურთო სანახაობის შემდეგ. ჩვენ ნამდვილად
ვიგრძენით, თუ რას ნიშნავს, იყო "ევროპის გულში ფეხბურთით გაერთიანებული" და მიხარია, რომ ეს თქვენთვისაც დაუვიწყარი გამოცდილება აღმოჩნდა. ჩვენთვის დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა და ტურნირით გამოწვეული ემოციების გაზიარება.
ევროპის ჩემპიონატმა უდავოდ აჩვენა ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩების მნიშვნელობა, რადგან ეს არის ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის წყარო. საოცარი იყო იმის ნახვა, რა პატივით ატარებდნენ ფეხბურთელები ეროვნულ მაისურებს. მათ ნამდვილად დაიმსახურეს უფლება, ეასპარეზათ მსოფლიო სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო არენაზე. ეს ტურნირი უდავოდ იყო ერთიანობის ბრწყინვალე მაგალითი, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთს იყოს ის მძლავრი ძალა, რომელსაც სიკეთე მოაქვს მსოფლიოში, მიმართულია იმედისა და პოზიტიური ცვლილებებისკენ.
ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა იმ განსაკუთრებული მონაწილეების გარეშე, რომლებმაც თავიანთი შესანიშნავი ნიჭი გამოავლინეს და ერთგული გულშემატკივრების გარეშე, რომელთა ენთუზიაზმმა გაანათა გარემო; პოლიციისა და მოხალისეების გარეშე, რომლებიც სცენის მიღმა დაუღალავად მუშაობდნენ, რათა გერმანიაში ყველას ეგრძნო კეთილგანწყობა.
თქვენ და თქვენს ეროვნულ ნაკრებს გილოცავთ ყველაზე წარმატებულ დებიუტს! თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ“, - აღნიშნულია წერილში.
წყარო: მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური