ისევ ხვიჩა და ბუდუ, რომელსაც გააქვს - როგორ ფორმაში ჩამოდიან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგისთვის" მზადებას იწყებს. სანაკრებო პაუზის წინა კვირას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით ვაკვირდებით. მშვენიერია, რომ ყველა გამოძახებული ჯანმრთელადაა.

უმეტეს შემთხვევაში, სეზონი ახლა დაიწყო, თუმცა ჩვენებურების სათამაშო ფორმაზე საუბარი შესაძლებელია. ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდში უკლუბო და ნაკლები პრაქტიკის მქონე ფეხბურთელები არ არიან. ბოლო მომენტში "ჯვაროსნებს" საბა გოგლიჩიძე დაემატა, რომელსაც სერია "ა"-ში დიდებული დებიუტი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ტურში გიორგი ქვილითაიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს, რომლებიც ახლა გამოძახებულთა შორის არ არიან.

ჩვენ ფორმაზე კი ვისაუბრებთ, მაგრამ არაერთხელ გვითქვამს,
შემადგენლობის ასარჩევად მნიშვნელოვანია თითოეული ვარჯიში და მწვრთნელთა დაკვირვება; მომავალ ტაქტიკასაც მნიშვნელობა ექნება, ობიექტურად კი განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველით.

Sportall.Ge

მეკარე

გიორგი მამარდაშვილის თავს ახლა ის ხდება, რაც გასულ სეზონში - "ვალენსიას" გადასარჩენად ბევრს აკეთებს, რაც საკმარისი ხშირად არაა. "ლივერპულის" მომავალი კიპერი ჩეხეთთან ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში შთამბეჭდავი იყო. იმედია, თბილისში მათთან იმდენი საქმე აღარ ექნება, თუმცა კვლავ ისეთივე დამაჯერებლობას ველით. იმაში, რომ ჩეხებს ბურთი მუდმივად არ ჰქონდეთ. "მამარდას" ფეხით კარგ თამაშსაც მნიშვნელობა ექნება.

რაც შეეხება დანარჩენ მეკარეებს, გიორგი ლორია კვიპროსის ჩემპიონატის სტარტზე ("ომონია არადიპუ") გოლგაუშვებელია, რასაც ლუკა გუგეშაშვილზე ვერ ვიტყვით, რომელიც კარიერას საბერძნეთში ("პანსერაიკოსი") განაგრძობს. მთავარია, "ყარაბაღთან" შედარებით, აქ მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა გააჩნია.

Sportall.Ge

დაცვა

თუკი ევროპის ჩემპიონატამდე გარკვეული პრობლემები იყო, იქ უკვე კვლავ სტაბილური კაპიტანი ვნახეთ. კაშიას კარგი პერიოდი აქვს, "სლოვანის" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. როგორც ჩანს, ვლადიმირ ვაისის გუნდი პლეი-ოფის შეხვედრამ ფიზიკურ-ემოციურად გამოფიტა და "ჟილინასთან" პრინციპულ დაპირისპირებაში (0:5) განადგურდნენ. გურამს ამ მატჩისა და საშინელი შეფასების დავიწყება მალე მოუწევს.

როგორც ნაკრებში, ასევე "აპოელის" შემადგენლობაში ლაშა დვალი ბოლო დროს სტაბილურობას ინარჩუნებს. მისი გუნდი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.

კვირკველიასა და საზონოვის არყოფნაში, მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ბოლო მომენტამდე, თითქოს უალტერნატივოდ, გიორგი გველესიანი ჩანდა, რომლის "პერსეპოლისმა" სპარსეთის ყურის პრო ლიგა ფრეებით დაიწყო, შემდეგ კი გამარჯვებასაც მიაღწია. რაც შეეხება მის კონკურენტს, საბა გოგლიჩიძეს "ემპოლიში" წარმატებული დებიუტის შემდეგ ნაკრებში სასწრაფოდ უხმეს. ის გამოძახებული 21-წლამდელებში იყო. ახლა სიტუაცია ასე დგას, თუკი სანიოლი მის თამაშს მაშინვე ვერ გარისკავს, რამაზ სვანაძის გუნდს სერიოზული ძალა მხოლოდ ნაკრებში სათადარიგოობის გამო დააკლდება. ამავდროულად, სანაკრებო შეკრებაზე ყოფნა ბევრს ნიშნავს. ისეთი ვარიანტის განხილვაც შეგვიძლია, როცა ახალგაზრდული ნაკრები მოლდოვას შეხვდება, საბა მათ ამის შემდეგ, ნიდერლანდებისთვის შეუერთდეს. გეტყვით, რომ 21-წლამდელთა რიგებში საბა საზონოვია. მთავარი ისაა, გოგლიჩიძის სახით საიმედო და შეტევის დამწყები კარგი მცველი გვყავს.

ახალ სეზონში იტალიაში თითქმის არ თამაშობს ლუკა ლოჩოშვილი და მოვეხსენებათ, მსაჯთან კამათის გამო მკაცრად დასაჯეს. დაველოდოთ, "კრემონეზეს" მცველი ვარჯიშებზე თავს როგორ წარმოაჩენს, ევროპის ჩემპიონატზე ის მარცხენა ფრთაზე ვიხილეთ.

დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჯიმი ტაბიძის გამოძახებას. "დინამო მახაჩყალას" ბოლო მატჩში ის ფლანგზე გაისარჯა. ევროპირველობის მსგავსად, თითქმის არ გვგონია, თამაშის საშუალება მიეცეს, მარცხნივ მოთამაშე მცველებში საკმაოდ დიდი კონკურენციაა.

დაცვაში კიდევ ერთ სიახლეზე ბოლოს გეტყვით. ლუკა გადრანის პროგრესი უკანასკნელ პერიოდში აღსანიშნავია - აქვს მუდმივი პრაქტიკა, საიმედოა, მებრძოლი და გააქვს კიდეც. ახლა ის ყაზახეთის ჩემპიონატის ლიდერ (18 ტურის შემდეგ) "კაირათშია". ისიც სამცველიან ტაქტიკაში, მარჯვნივ თამაშობს, ასე რომ, "ჯვაროსნებში" გველესიანისა და გოგლიჩიძის კონკურენტია.

ფლანგები

ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიაში" 90 წუთს მუდმივად თამაშობს. რაც აღსანიშნავია, მან მოკლე დროში სამი გაფრთხილება მიიღო და ვფიქრობთ, სანიოლი ამაზე ყურადღებას გაუმახვილებს. მარჯვნივ გიორგი გოჩოლეიშვილის თამაშსაც გამოვარჩევთ. ის "კოპენჰაგენს" თავიდანვე კარგად მოერგო და მნიშვნელოვანი წევრია. მთავარია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი "გოჩოს" დაცვისა და შეტევის ბალანსით რამდენად კმაყოფილი დარჩება. მას მაინც უფრო ცვლილებაზე ველით.

ირაკლი აზაროვი დაბრუნდა. მოკლე დროში რაღაცები კი იცვლება, მაგრამ ჩვენთვისაც გულდასაწყვეტია, "შახტარის" ფლანგელს ევროპირველობის გამოტოვება რომ მოუწია, თანაც იმ ფონზე, როცა მალევე აქაა... ირაკლიმ კიდევ უფრო მეტი მონდომებით უნდა ითამაშოს!.. მარცხენა ფლანგს ალბათ ისევ გიორგი წიტაიშვილი დაიკავებს. ის "გრანადას" კარგად მოერგო, თუმცა მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და ნაკრებში მკვეთრი ცვლილება სჭირდება.

Sportall.Ge

ნახევარდაცვა

კაშიას ბოლო მატჩი საერთო დონესთან თუ ამოვარდნილი იყო, გიორგი ჩაკვეტაძეზეც იმავეს თქმა შეგვიძლია. პაუზამდე ტურში ვერც მისი გუნდი და ვერც ცოტათი ამპლუაშეცვლილი "ჩაკვე" სათანადოდ ვერ გამოიყურებოდნენ. გიორგის როლი ჩვენს გუნდში დიდია, ევროპის ჩემპიონატზე ის როგორც ართმევებში, ასევე შეტევების წარმართვაში გამოირჩეოდა. ნაკრებში მის მთავარ ალტერნატივად ზურიკო დავითაშვილი ჩამოყალიბდა, რომელიც გუნდში ფორვარდია. მისი "სენტ ეტიენი" სუსტად გამოიყურება და საუკეთესო თვისებების გამოვლენას ვერც ზურიკო ახერხებს.

კვლავ დიდებულ ფორმაშია (ბოლო ტურში გოლი და საგოლე პასი) ოთარ კიტეიშვილი. ჩვენი ნაკრების ნახევარდაცვა მასთან ერთად და მის გარეშე მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს განსხვავება ჩანდა ჩეხეთთან ევროპის ჩემპიონატზე. მიუხედავად იმისა, ჩვენი ტაქტიკა უფრო კონტრშეტევებს უკავშირდება, "კიტესთან" ერთად მეტოქეს ბურთის ცენტრიდან ფლანგზე გადატანისა და იმდენი ჩაწოდების საშუალებას ნაკლებად მივცემდით. ახლა თანაც შინაურ კედლებში ვართ და იერიშები მეტად მოგვეთხოვება.

კვეკვესკირისა და მექვაბიშვილის არყოფნაში, ნაკრებში შოთა ნონიკაშვილია. ვვარაუდობთ, უკრაინაში გადასული ნახევარმცველი დროს მიიღებს. სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიაში ბოლოს ცოტას თამაშობს და ვნახოთ, ვარჯიშებზე თავს როგორ წარმოაჩენს.

გიორგი ქოჩორაშვილი ახალ სეზონში ბევრსაც თამაშობს, დამაჯერებელიცაა და მშვენიერი ჯარიმაც გაიტანა. აქვე ჩაკვეტაძის ძალიან მაგარი საჯარიმოც უნდა გავიხსენოთ და ამ მხრივ კვარაცხელიას უნარებიც უნდა ვახსენოთ. ასე რომ...

Sportall.Ge

შეტევა

ხვიჩა კვარაცხელიაზე ჩვენი თამაში ისევ  მეტწილად იქნება დამოკიდებული. "კვარა" კვლავ შემართულია, ყველა საფეხბურთო კომპონენტში კიდევ უფრო პროგრესირებს. ახლა "ნაპოლისა" და კონტეს ტაქტიკაც 3-მცველიანია, სადაც ხვიჩას მეტი მანევრის საშუალება აქვს... აქვე ვიტყვით, რომ საბა ლობჟანიძის გამოყენებას ისევ შეტევაში ვვარაუდობთ, სადაც იმავე ჩეხეთთან ძალიან ხელსაყრელი საგოლე შანსი შეექმნა.

გიორგი მიქაუტაძე დაახლოებით იმ სიტუაციაშია, როგორც გასული სეზონის დასაწყისში იყო - ახალ გუნდში, რომელსაც იდეალური დრო არ უდგას, აკლიმატიზაცია, იდეალურ პოზიციაზე არდაყენება... მაშინდელისგან განსხვავებით, ახლა ყველაფერი ცუდის მალე დასრულების იმედი გვაქვს...

Sportall.Ge

ბუდუ ზივზივაძემ კი სეზონი ძალიან შედეგიანად დაიწყო. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ჩეხებთან ცოტათი განსხვაებულ ტაქტიკას ველით, სადაც მეტოქის საჯარიმოში უფრო მეტი დრო უნდა გავატარით, ამიტომ, ბუდუმ რომ სასტარტოში დაიწყოს, სავსებით შესაძლებელია...

გასული წლის სექტემბერში ესპანეთთან თბილისში მწარედ დავმარცხდით. ამის შემდეგ ბევრი კარგი რამ მოხდა. უკეთესს ველით!.. შეგახსენებთ, 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება.

alt"კვარაცხელიას სახით კვლავ დავინახეთ ძველი დროის ტექნიკური ლიდერი" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

altდაიმსახურა და საქართველოს ნაკრებშიც უხმეს - გამოძახებულთა სიას გოგლიჩიზე დაემატა

altსანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩაკვეტაძე ყოველდღიურად უმატებს!!! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
13:02 02-09-2024
1
სადაა პროფესორული კომენტარები, ვინ უნდა ითამაშოს და ვინაა კობიაშვილის დაკრიშული
კაჭკაჭი
12:44 02-09-2024
11

სიახლეები პოპულარული