ნაკრებმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა - ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მესამე ვარჯიში გამართა.

4 სექტემბერს ნაკრების შეკრებას გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდა. ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდნენ ნაკრების დებიუტანტები - შოთა ნონიკაშვილი, ლუკა გადრანი და საბა გოგლიჩიძე. ეროვნულ გუნდში პირველად გამოძახებულმა ფეხბურთელებმა პირველი სანაკრებო შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრეს.

შოთა ნონიკაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): „თითოეული ფეხბურთელისთვის მთავარი ოცნება ნაკრებში გამოძახებაა. ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა. რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ ახლა. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, ნაკრებში
ოჯახური გარემოა.

ქვეყნის მთავარ გუნდში ყოფნა დიდ სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე ბედნიერი და ამაყი ვიყავი, როდესაც ოთახში ჩემი სახელობითი დროშა დამხვდა.

ჩემი საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნაწილობრივ შესრულდა და ეროვნულ გუნდში ვარ. ახლა კი, მთავარი მიზანი სანაკრებო დებიუტია, რასაც მოუთმენლად ველი“.

ლუკა გადრანი (ეროვნული ნაკრების წევრი): „მოხარული ვარ სანაკრებო გამოძახებით. ამისთვის ვშრომობდი და დამიფასდა, მომეცა შანსი, გამოვადგე ჩემს ეროვნულ გუნდს.

ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია ნაკრებში და დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერის ბოლომდე გამოვადგე ჩემს ქვეყანას. იმედი მაქვს, წარმატებით დავიწყებთ ერთა ლიგის ახალ გათამაშებას და გავიმარჯვებთ მოახლოებულ მატჩებში. ჩემი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის, რაც შემიძლია, ყველაფერს გავიღებ“.

საბა გოგლიჩიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): „ნაკრებში შესანიშნავი გარემოა. ბიჭები ძალიან თბილად დამხვდნენ. მიხარია და გაოცებულიც კი ვარ იმით, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და უფრო მეტის იმედი მაქვს.

ევროპის ჩემპიონატს გულშემატკივრის როლში ვუყურებდი, თუმცა ორმაგი ემოციით, რადგან შესანიშნავად ვიცოდი, ბიჭები რას გრძნობდნენ. ამავდროულად, ეს იყო მოტივაცია ჩემთვის, რადგან მეც შემეძლო ნაკრებში მოხვედრა და ეს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პირველივე შეკრებაზე მოხდა. მინდა მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის და ვეცდები, რომ იმედები არ გავუცრუო“.

სანაკრებო შეკრების და მომდევნო მატჩების შესახებ გააკეთა კომენტარი ეროვნული გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა.

ლუკა ლოჩოშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ძალიან კარგი შეგრძნებაა ნაკრების შეკრებაზე ყოფნა, რადგან ერთი დიდი ოჯახი ვართ. ევროპის ჩემპიონატის ემოციების შემდეგ, რომლებიც მთელმა ქვეყანამ განიცადა, მონატრებული გვქონდა სანაკრებო პერიოდი.

ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩი გველის, კარგად თამაში უნდა გავაგრძელოთ და თამასა შევინარჩუნოთ, რათა უფრო მეტად განვვითარდეთ. ვფიქრობ, გავაგრძელებთ წინსვლას და კიდევ უფრო დიდ ტურნირებზე მოვხვდებით".

სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს ტირანაში ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა:
გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩეხეთი ისტორიულად სერიოზული გუნდია. მაქსიმალური სიფრთხილით და ყურადღებით უნდა ვეთამაშოთ!!!
tngh
18:29 05-09-2024
1
მამარდაშვილი
გოგლიჩიძე - კაშია - დვალი
კაკაბაძე - წიტაიშვილი
ქოჩორაშვილი - კიტეიშვილი - ჩაკვეტაძე
ზივზივაძე - კვარაცხელია
ქუთაისელი
10:07 05-09-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული