4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა და წარმატებული სვლა გააგრძელა.

თამაში ორივე გუნდმა ფრთხილად დაიწყო, პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც შიკის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. ჩეხები გარკვეული პერიოდი უპირატესობას დაეუფლენ, უფრო მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდნენ, საიდანაც ცენტრში აკეთებდნენ გადაცემებს. მასპინძლები სწრაფი კონტრიერიშებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას, კვარაცხელიას გარღვევას და ჩაკვეტაძის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. შემდეგ ცოუფალმა ხვიჩას სახეში იდაყვი ჩაარტყა და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე ჩაკვეტაძის დარტყმულ ბურთს მეკარე კოვარჟი დაეუფლა, ქოჩორაშვილმა მცირედით ააცილა ბურთი კარს. 32-ე წუთზე კრეიჩმა
„კვარა“ საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა ზუსტად შეასრულა. ქოჩორაშვილთან უხეშობის გამო მსაჯმა ყვითელი ბარათი კრალს უჩვენა. ბოლოს მიქაუტაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენებაზე მოწინააღმდეგის მწვრთნელმა ჰაშეკმა შეტევის გასაძლიერებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა. თამაშის სურათი კი არ შეიცვალა, „ჯვაროსნები“ სიტუაციას სრულად აკონტროლებდნენ. მიქაუტაძემ მეურვეს აართვა ბურთი, დაარტყა კიდეც, მაგრამ კოვარჟი დაეუფლა. შემდეგ აქტიურმა კიტეიშვილმა ბურთი მოიპოვა, პასი კვარაცხელიას გაუკეთა, რომელმაც ჩაკვეტაძეს გადააწოდა და მან დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა.
ცოტა ხანში ლოჩოშვილის ჩაწოდებულ ბურთს მიქაუტაძემ კოვარჟის კარში მიუჩინა ადგილი და ანგარიში გაზარდა. ამითაც არ დაკმაყოფილდნენ ჩვენი ფეხბურთელები და ბრწყინვალე კომბინაციის შედეგად ჩაკვეტაძის დახატული პასი ქოჩორაშვილმა დიდებულად დაასრულა. „ჯვაროსნების“ თავკაცმა სანიოლმა ოთხმაგი ცვლილება გააკეთა: კაკაბაძის, კიტეიშვილის, ჩაკვეტაძის და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გოჩოლეიშვილი, ნონიკაშვილი, დავითაშვილი და ზივზივაძე შეუშვა. ვიზავიმ კი მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.

ერთი სიტყვით, უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, ხოლო სანიოლმა ჰაშეკს დუელი მოუგო.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 10 სექტემბერს გასვლაზე ალბანეთთან ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - ჩეხეთი 4:1
გოლები: 1:0 კვარაცხელია (33, პენ), 2:0 ჩაკვეტაძე (53), 3:0 მიქაუტაძე (63), 4:0 ქოჩორაშვილი (66), 4:1 კალვახი (80)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (გოჩოლეიშვილი 75), კაშია, გველესიანი (გოგლიჩიძე 88), დვალი, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (ნონიკაშვილი 75), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 75), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 75)

altდღეს საქართველოს ნაკრები ევროს შემდეგ ახალ ეტაპს იწყებს - ფიქრი მსოფლიო ჩემპიონატზე!..

მკითხველის კომენტარები / 92 /
ყველას გილოცავთ, ოდნავ პესიმისტურად ვიყავი განწყობილი ევროპის მერე სადაც ჩეხებთან ბურთის დაჭერა ძალიან გაგვიჭირდა, ყველა ფეხბურთელს და მთლიან შტაბს უდიდესი მადლობა, ეს იყო თქვენი პასუხი ევროპაში ჩასული გულშემატკივრებისთვის რომლებიც მხარს იქ გიჭერდნენ, კიტეიშვილი და ქოჩორა ბევრად უკეთეს გუნდებს იმსახურებენ, კიტე არ ჩანს თითქოს მაგრამ ხერხემალია გუნდის, არვიცი როგორ ახერხებს მაგრამ ყველაფერს ასუფრთავებს, ზონებს სასწაულად კეტავს და დაცვას უმარტივებს საქმეს, წინ მეტი გამარჯვებებით
Lukaaa
01:11 08-09-2024
0
ძალიან მძიმე ბრძოლას ველოდი,ჩეხების უდიდესი ფიზიკური უპირატესობის გამო.რა თქმა უნდა გამარჯვების იმედი მქონდა,თუმცა არც საპირისპირო შედეგს გამოვრიცხავდი და უცებ 4-1.ჩეხებთან მსოფლიოს ვერც ერთი ნაკრები ვერ იტყვის გადაწყვეტით,ჩეხეთის ნაკრებს,ასეთი სხვაობით დავამარცხებთო.ჩვენ კი,ავიღეთ და დავამარცხეთ!ისე იყვნენ დაშლილები,რომ გაგვეგრძელებინა,გაცილებით მეტ გოლსაც გავუტანდით.ეს რა თქმა უნდა ფორმაში ჩამდგარი კიტე-ჩაკვეს დუეტის დამსახურებაა,ცენტრი რომ წაართვეს ჩეხებს და სათამაშო სქემების განხორციელების საშუალება არ მისცეს.რა თქმა უნდა სხვებიც ბრწყინვალედ თამაშობდნენ,თუმცა ეს ორი,იმ თამაშში არ იყვნენ და ჩეხების მაშინდელი უპირატესობაც ამან განსაზღვრა.ჩვენმა მწვრთნელმაც სუფთად მოუგო,ჩეხების მწვრთნელს,ტაქტიკური დუელი,ფეხბურთელებმა კისრულყოფილად შეასრულეს დავალებები და მიიღეთ შედეგი,რომელსაც სპორტ უკრაინის საიტმა,ჩეხეთის ნაკრების სენსაციური დეკლასირება დაარქვა.გილოცავთ მეგობრებო!ეს ერთი და სხვა კიდევ მრავალი!
სოსო
01:10 08-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული