ასეთი საქართველოს ნაკრების ხილვა სასიამოვნოა - გავა დრო და იქნებ ის ნაკლებად გაიხსენონ...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა იმაზე მეტად გაგვახარა, ვიდრე შეიძლება გვეფიქრა. ემოციები დადებითია, ისევ ჩვენ მიერ გატანილ გოლებს ვიხსენებთ თუ ვუყურებთ, ამავდროულად კი შეხვედრის ირგვლივ მსჯელობაც საინტერესოა...

რას ველოდით...

რა თქმა უნდა, დაპირისირების წინ მთავარი სწორება საქართველოსა და ჩეხეთის ევროპირველობაზე ჩატარებულ მატჩზე იყო. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩეხებისთვის ბურთის დათმობა მომგებიანი ვერ იქნებოდა, რადგან ისინი ჩაწოდებებით მაშინ ბევრ ხიფათს გვიქმნიდნენ. ფრთხილი შეფასება გამოვთქვით, "ჯვაროსნების" მწვრთნელს სხვა ტაქტიკის სურვილი, რესურსი და დრო რამდენად ჰქონდა; იქვე ოთარ კიტეიშვილის მნიშვნელობას აღვნიშნავდით, სამი თვის
წინ რომ ვერ ითამაშა, გიორგი ჩაკვეტაძე კი იქ სასტარტოში არ ყოფილა. უნდა ვთქვათ, იმ შეხვედრისგან განსხვავება საჰაერო ორთაბრძოლებში გიორგი გველესიანის დამაჯერებელი ასპარეზობის დამსახურებაცაა (კაშია და დვალიც უნდა შევაქოთ).

მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა შეძლო, მოწინააღმდეგის მთავარი უპირატესობები "განეიარაღებინა", თავად კი პრესინგის დაძლევისა და იერიშების წარმართვის უნარები გამოავლინა, რამაც დიდებული შედეგი მოგვცა.

სტარტი

შეხვედრის საწყის ათწუთეულში განცდა იყო, ისევ ჰამბურგის "ვოლკსპარკსტადიონზე" ვიყავით და ის შეხვედრა გრძელდებოდა. ჩეხებმა ბურთთან კვლავ "არ მიგვაკარეს", ისევ ჩაწოდებებს მიმართეს, კუთხურები, გიორგი მამარდაშვილმა რთული ბურთი მოიგერია... ის ის იყო ვიფიქრეთ, ვილი სანიოლი კვლავ ძველი ტაქტიკის ამარა დარჩენილა და ახალს ვერაფერს გვთავაზობსო, მატჩის დანარჩენმა ნაწილმა სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვა.

შეხვედრის საწყის ნაწილში იყო ეპიზოდი, როცა ჩაკვეტაძემ მარჯვნივ შეტევის გაგრძელების ვარიანტი ვერ იპოვა და კარში დაარტყა. სავარაუდოა, კაკაბაძეს მწვრთნელისგან დავალება ჰქონდა, საკუთარი კარიდან შორს წასვლას მორიდებოდა, რათა ჩეხებისთვის ფლანგური იერიშების საშუალება მოესპოთ (ფლანგებზე ბალანსს დიდი მნიშვნელობა რომ აქვს, გოჩოლეიშვილის შემოსვლის შემდეგაც დავრწმუნდით). სწრაფ გოლს რომ გადავურჩით, სანიოლმა (პრესკონფერანციაზეც თქვა) შემტევებს წინ დარჩენა და სივრცეების გათავისუფლება დაავალა, ხსენებული კაკაბაძე (ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა) კი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მეტოქის წინააღმდეგობების აქტიურად დაძლევა, შეტევაში წასვლა და იერიშების განხორციელება დაიწყო; მიქაუტაძისთვის გაკეთებულმა საგოლე პასმა დაგვარწმუნა, ლოჩოშვილის შეტევითი უნარები რომ იზრდება.

შემადგენლობა

გასაგებია სათამაშო ფორმაში ყოფნა, კლუბში არსებული მდგომარეობა თუ როტაციის საჭიროება, თუმცა ვილი სანიოლმა გამოკვეთა ის თერთმეტეული, რომელთაც მეტად დაეყრდნობა. რეალურად, განსაკუთრებული მოლოდინი არც ყოფილა და მხოლოდ ორ პოზიციაზე იყო მსჯელობა.

კარგი იყო ზურიკო დავითაშვილის შემართება (მეტოქე მასზე მოკლე დროში სამჯერ დაჯარიმდა), მაგრამ ის ახლა ჩაკვეტაძის შემცველის სტატუსით უნდა განვიხილოთ; აზაროვის დაბრუნების მიუხედავად, ზემოთ განხილული ბალანსისთვის უპირატესობა ლოჩოშვილს მიენიჭა, ბუდუ ზივზივაძის შედეგიანობაზე ვიცით, თუმცა გიორგი მიქაუტაძე კვლავ თავიდანვე ვიხილეთ. "ჟორჟი" ძალიან კარგი იყო გუნდურ ოპერაციებში, მოძრაობაში, გახსნაში, ჩაკვეტაძის დიდებული რეიდისა და გოლის დროს ძალიან სწორად იმოძრავა და მცველები დააბნია, უმაღლესი კლასის გოლი გაიტანა. სეზონის სტარტზე საკლუბო დაულაგებლობას უნდა დავაბრალოთ, მანამდე მიზანი რომ ვერ გაისწორა. საქართველოს ნაკრებმა პოზიციური შეტევები ცენტრიდან განახორციელა და ასეთ დროს მიქაუტაძე პროდუქტიულია. იყო დრო, მას მხოლოდ მაღალი ჩაწოდებების ამარა ვტოვებდით და შედეგიც ცუდი იყო...

Sportall.Ge

და გავა დრო...

ფეხბურთი სამართლიანი ალბათ მაინც არის, მაგრამ გარკვეული მიმართულებები აქვს. მაგალითად, გავა დრო და ამ მატჩის შესახებ გაიხსენებენ გოლის ავტორებს, "ჩაკვეს" (ძველი და ახალი უნარების მიქსი რომ შემოგვთავაზა) არაამქვეყნიურ საგოლე პასს ქოჩორაშვილზე და იქნებ ნაკლებად ახსენონ (გუნდურ ფოტოებშიც იშვიათადაა, იმდენად თავმდაბალია) ოთარ კიტეიშვილი. მისი თამაში აღმაფრთოვანებელი იყო. ოთოს შეუძლია, ბურთი ნებისმიერ სიტუაციაში დაიმორჩილოს, მოწინააღმდეგეებს შორის გააძვრინოს და ძალიან მწვავე შეტევა წამოიწყოს, ერთი პასით ყველა "ჩატეხოს". ეს ბიჭი ტრავმებმა არ შეაწუხოს და ასეთ მატჩებს სტაბილურად, 90 წუთით შემოგვთავაზებს.

"კიტე" განსაკუთრებით რატომ აღვნიშნეთ, უკვე დავწერეთ. ყველაზე ინდივიდუალურად მსჯელობა გაგვიჭირდება. ჯერჯერობით ხვიჩა კვარაცხელიაზე არ გვითქვამს. "კვარას" თამაშზე ყოველ კვირას ვწერთ და ერთხელაც გავიმეორებთ - მიუხედავად იმისა, რომ დიდია, მაინც როგორ მუშაობს საკუთარ თავზე. მხოლოდ თერთმეტმეტრიანის შესრულებაზე ვთქვათ - ცუდ დროს ვერ გამოიყენა, ამან ხასიათი გაუფუჭა, ცოტა ხანი ამ საქმისგან თავს შორს იჭერდა და ამ დროს ალბათ რა შემართებით მუშაობდა და მხოლოდ პრაქტიკულად? დარწმუნებული ვართ, როგორც წარმატებულ პენალტისტებს აკვირდებოდა, ასევე იმათ, ვინც ეს საქმე შემდეგ სრულჰყვეს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ლიონელ მესია; ხვიჩა მოედანზე დიდი პერსონაა, მას ძალიან უფრთხიან. ასე ეშინიათ, ის ორ მეურვეს შორის მოქცეული მაინც იპოვის გასასვლელ გზას და იძულებულები არიან, ჯარიმით შეაჩერონ, ასე მიდიან პირდაპირ დარღვევაზე საჯარიმოში, როცა ის თითქოს ნაკლებად სახიფათო ზონისკენ მიდის. რჩება განცდა, "კვარას" ყველაფერი შეუძლია, მისთვის დაუძლეველი ბარიერები არ არსებობს!..

სანიოლი

ფრანგი მთავარი მწვრთნისთვის ეს მატჩი სერიოზული გამოცდა იყო - როგორ გაუმკლავდებოდა ევროს შემდეგ მიღებულ ემოციებს და რა ისწავლა მან ჩეხეთთან წინა შეხვედრიდან. სანიოლმა თითქმის ყველა გამოცდა უმაღლეს დონეზე ჩააბარა.

ახლა მთავარია, ფრანგმა ასევე გააგრძელოს, გუნდი ბოლომდე ტონუსში დატოვოს და ასეთი გამარჯვების შემდეგ მობილიზება არ დაკარგონ. როცა შეხვედრის შედეგი გადაწყვეტილია, ამდენი გაფრთხულების მიღება დაუშვებელია, იყო გარკვეული მოდუნებაც, ცვლილებების უმეტესობამ ვერ გაამართლა... წინ "ერთა ლიგაზე" ბევრი მატჩი და შემდეგ შესარჩევი ეტაპია.

ვილი ჩასაფრებული პოზიციიდან არასდროს გაგვიკრიტიკებია, მის მიმართ თუ რამეს ვამბობდით, ნაკრებს "ბ" გეგმა უნდა ჰქონოდა და კარგია, ძალებს უკვე შეტევაშიც რომ.ვცდით. ასეთი შემოქმედებითი და დაუღლელი ნახევარმცველებით გაერთიანებული სამეულითა და უძლიერესი შემტევებით ყველაფერი, ყველაფერი შესაძლებელია, ამ ბიჭების თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა!..

alt4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

alt"ის ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია" - სანიოლის პრესკონფერნცია

მკითხველის კომენტარები / 21 /
შეიძლება ვაჭარბებ და გადამეტებულად ვაფასებ ამ თამაშს ჩეხებთან. ჩემი აზრით ამ ჯგუფში თამაშს არ წავაგებთ. ადვილი არც ერთი თამაში არ იქნება ეს ხომ ბ ჯგუფია სადაც გიბრალტარის ნაირი გუნდები არ არიან. მაგრამ ეს თამაში იყო ის რამაც აღფრთოვანება გამოიწვია ჩემში. ასეთი საქართველოს ნაკრები მე არ მახსოვს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თამაშიდან მოყოლებული მახსოვს ნაკრები. ასეთი ხარისხიანი თამაშით ჩვენი ნაკრები ამ ჯგუფში თამაშს არ წააგებს. ალბანელებმა შეიძლება თავის მოედანზე ფრეს მიაღწიონ. ვიცი რომ ბევრს გადამეტებულად მოეჩვენება ჩემი ნააზრევი, მარა მალე დავრწმუნდებით ყველა ერთად.

პ.ს. ოთო შტურმში, ქოჩორა სეგუნდა დივიზიონში, ჩაკვე პრემირშიფში…)))?? ჩეხები პრემიერ ლიგაში, ბუნდეს ლიგაში! საგიჟეთია თუ ბნელა ამ ბიჭების გარშემო?
G.LA
13:42 08-09-2024
2
ნაჩალნიკ! დავწერე კომენტარი. 10 რუბლი გადმომირიცხეთ.
ივანიშვილოვის ბოტი სახელად "ლიბერალი"
13:33 08-09-2024
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული