ასეთი საქართველოს ნაკრების ხილვა სასიამოვნოა - გავა დრო და იქნებ ის ნაკლებად გაიხსენონ...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა იმაზე მეტად გაგვახარა, ვიდრე შეიძლება გვეფიქრა. ემოციები დადებითია, ისევ ჩვენ მიერ გატანილ გოლებს ვიხსენებთ თუ ვუყურებთ, ამავდროულად კი შეხვედრის ირგვლივ მსჯელობაც საინტერესოა...

რას ველოდით...

რა თქმა უნდა, დაპირისირების წინ მთავარი სწორება საქართველოსა და ჩეხეთის ევროპირველობაზე ჩატარებულ მატჩზე იყო. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩეხებისთვის ბურთის დათმობა მომგებიანი ვერ იქნებოდა, რადგან ისინი ჩაწოდებებით მაშინ ბევრ ხიფათს გვიქმნიდნენ. ფრთხილი შეფასება გამოვთქვით, "ჯვაროსნების" მწვრთნელს სხვა ტაქტიკის სურვილი, რესურსი და დრო რამდენად ჰქონდა; იქვე ოთარ კიტეიშვილის მნიშვნელობას აღვნიშნავდით, სამი თვის
წინ რომ ვერ ითამაშა, გიორგი ჩაკვეტაძე კი იქ სასტარტოში არ ყოფილა. უნდა ვთქვათ, იმ შეხვედრისგან განსხვავება საჰაერო ორთაბრძოლებში გიორგი გველესიანის დამაჯერებელი ასპარეზობის დამსახურებაცაა (კაშია და დვალიც უნდა შევაქოთ).

მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა შეძლო, მოწინააღმდეგის მთავარი უპირატესობები "განეიარაღებინა", თავად კი პრესინგის დაძლევისა და იერიშების წარმართვის უნარები გამოავლინა, რამაც დიდებული შედეგი მოგვცა.

სტარტი

შეხვედრის საწყის ათწუთეულში განცდა იყო, ისევ ჰამბურგის "ვოლკსპარკსტადიონზე" ვიყავით და ის შეხვედრა გრძელდებოდა. ჩეხებმა ბურთთან კვლავ "არ მიგვაკარეს", ისევ ჩაწოდებებს მიმართეს, კუთხურები, გიორგი მამარდაშვილმა რთული ბურთი მოიგერია... ის ის იყო ვიფიქრეთ, ვილი სანიოლი კვლავ ძველი ტაქტიკის ამარა დარჩენილა და ახალს ვერაფერს გვთავაზობსო, მატჩის დანარჩენმა ნაწილმა სულ სხვა შთაბეჭდილება დატოვა.

შეხვედრის საწყის ნაწილში იყო ეპიზოდი, როცა ჩაკვეტაძემ მარჯვნივ შეტევის გაგრძელების ვარიანტი ვერ იპოვა და კარში დაარტყა. სავარაუდოა, კაკაბაძეს მწვრთნელისგან დავალება ჰქონდა, საკუთარი კარიდან შორს წასვლას მორიდებოდა, რათა ჩეხებისთვის ფლანგური იერიშების საშუალება მოესპოთ (ფლანგებზე ბალანსს დიდი მნიშვნელობა რომ აქვს, გოჩოლეიშვილის შემოსვლის შემდეგაც დავრწმუნდით). სწრაფ გოლს რომ გადავურჩით, სანიოლმა (პრესკონფერანციაზეც თქვა) შემტევებს წინ დარჩენა და სივრცეების გათავისუფლება დაავალა, ხსენებული კაკაბაძე (ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა) კი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მეტოქის წინააღმდეგობების აქტიურად დაძლევა, შეტევაში წასვლა და იერიშების განხორციელება დაიწყო; მიქაუტაძისთვის გაკეთებულმა საგოლე პასმა დაგვარწმუნა, ლოჩოშვილის შეტევითი უნარები რომ იზრდება.

შემადგენლობა

გასაგებია სათამაშო ფორმაში ყოფნა, კლუბში არსებული მდგომარეობა თუ როტაციის საჭიროება, თუმცა ვილი სანიოლმა გამოკვეთა ის თერთმეტეული, რომელთაც მეტად დაეყრდნობა. რეალურად, განსაკუთრებული მოლოდინი არც ყოფილა და მხოლოდ ორ პოზიციაზე იყო მსჯელობა.

კარგი იყო ზურიკო დავითაშვილის შემართება (მეტოქე მასზე მოკლე დროში სამჯერ დაჯარიმდა), მაგრამ ის ახლა ჩაკვეტაძის შემცველის სტატუსით უნდა განვიხილოთ; აზაროვის დაბრუნების მიუხედავად, ზემოთ განხილული ბალანსისთვის უპირატესობა ლოჩოშვილს მიენიჭა, ბუდუ ზივზივაძის შედეგიანობაზე ვიცით, თუმცა გიორგი მიქაუტაძე კვლავ თავიდანვე ვიხილეთ. "ჟორჟი" ძალიან კარგი იყო გუნდურ ოპერაციებში, მოძრაობაში, გახსნაში, ჩაკვეტაძის დიდებული რეიდისა და გოლის დროს ძალიან სწორად იმოძრავა და მცველები დააბნია, უმაღლესი კლასის გოლი გაიტანა. სეზონის სტარტზე საკლუბო დაულაგებლობას უნდა დავაბრალოთ, მანამდე მიზანი რომ ვერ გაისწორა. საქართველოს ნაკრებმა პოზიციური შეტევები ცენტრიდან განახორციელა და ასეთ დროს მიქაუტაძე პროდუქტიულია. იყო დრო, მას მხოლოდ მაღალი ჩაწოდებების ამარა ვტოვებდით და შედეგიც ცუდი იყო...

Sportall.Ge

და გავა დრო...

ფეხბურთი სამართლიანი ალბათ მაინც არის, მაგრამ გარკვეული მიმართულებები აქვს. მაგალითად, გავა დრო და ამ მატჩის შესახებ გაიხსენებენ გოლის ავტორებს, "ჩაკვეს" (ძველი და ახალი უნარების მიქსი რომ შემოგვთავაზა) არაამქვეყნიურ საგოლე პასს ქოჩორაშვილზე და იქნებ ნაკლებად ახსენონ (გუნდურ ფოტოებშიც იშვიათადაა, იმდენად თავმდაბალია) ოთარ კიტეიშვილი. მისი თამაში აღმაფრთოვანებელი იყო. ოთოს შეუძლია, ბურთი ნებისმიერ სიტუაციაში დაიმორჩილოს, მოწინააღმდეგეებს შორის გააძვრინოს და ძალიან მწვავე შეტევა წამოიწყოს, ერთი პასით ყველა "ჩატეხოს". ეს ბიჭი ტრავმებმა არ შეაწუხოს და ასეთ მატჩებს სტაბილურად, 90 წუთით შემოგვთავაზებს.

"კიტე" განსაკუთრებით რატომ აღვნიშნეთ, უკვე დავწერეთ. ყველაზე ინდივიდუალურად მსჯელობა გაგვიჭირდება. ჯერჯერობით ხვიჩა კვარაცხელიაზე არ გვითქვამს. "კვარას" თამაშზე ყოველ კვირას ვწერთ და ერთხელაც გავიმეორებთ - მიუხედავად იმისა, რომ დიდია, მაინც როგორ მუშაობს საკუთარ თავზე. მხოლოდ თერთმეტმეტრიანის შესრულებაზე ვთქვათ - ცუდ დროს ვერ გამოიყენა, ამან ხასიათი გაუფუჭა, ცოტა ხანი ამ საქმისგან თავს შორს იჭერდა და ამ დროს ალბათ რა შემართებით მუშაობდა და მხოლოდ პრაქტიკულად? დარწმუნებული ვართ, როგორც წარმატებულ პენალტისტებს აკვირდებოდა, ასევე იმათ, ვინც ეს საქმე შემდეგ სრულჰყვეს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ლიონელ მესია; ხვიჩა მოედანზე დიდი პერსონაა, მას ძალიან უფრთხიან. ასე ეშინიათ, ის ორ მეურვეს შორის მოქცეული მაინც იპოვის გასასვლელ გზას და იძულებულები არიან, ჯარიმით შეაჩერონ, ასე მიდიან პირდაპირ დარღვევაზე საჯარიმოში, როცა ის თითქოს ნაკლებად სახიფათო ზონისკენ მიდის. რჩება განცდა, "კვარას" ყველაფერი შეუძლია, მისთვის დაუძლეველი ბარიერები არ არსებობს!..

სანიოლი

ფრანგი მთავარი მწვრთნისთვის ეს მატჩი სერიოზული გამოცდა იყო - როგორ გაუმკლავდებოდა ევროს შემდეგ მიღებულ ემოციებს და რა ისწავლა მან ჩეხეთთან წინა შეხვედრიდან. სანიოლმა თითქმის ყველა გამოცდა უმაღლეს დონეზე ჩააბარა.

ახლა მთავარია, ფრანგმა ასევე გააგრძელოს, გუნდი ბოლომდე ტონუსში დატოვოს და ასეთი გამარჯვების შემდეგ მობილიზება არ დაკარგონ. როცა შეხვედრის შედეგი გადაწყვეტილია, ამდენი გაფრთხულების მიღება დაუშვებელია, იყო გარკვეული მოდუნებაც, ცვლილებების უმეტესობამ ვერ გაამართლა... წინ "ერთა ლიგაზე" ბევრი მატჩი და შემდეგ შესარჩევი ეტაპია.

ვილი ჩასაფრებული პოზიციიდან არასდროს გაგვიკრიტიკებია, მის მიმართ თუ რამეს ვამბობდით, ნაკრებს "ბ" გეგმა უნდა ჰქონოდა და კარგია, ძალებს უკვე შეტევაშიც რომ.ვცდით. ასეთი შემოქმედებითი და დაუღლელი ნახევარმცველებით გაერთიანებული სამეულითა და უძლიერესი შემტევებით ყველაფერი, ყველაფერი შესაძლებელია, ამ ბიჭების თამაშის ყურება ძალიან სასიამოვნოა!..

alt4:1. საქართველომ ჩეხეთი დაჯაბნა და ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო! [VIDEO]

alt"ის ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია" - სანიოლის პრესკონფერნცია

მკითხველის კომენტარები / 33 /
კარგი ანალიზია, ჩეხეთმა ცუდი ტაქტიკა აირჩია ძალიან და ჩვენმა გუნდმა ადვილად აუღო ალღო, თვითონაც არ იყვნენ დალაგებულები. ფაქტი ისაა რომ გაცილებით უკეთესი ფეხბურთელები გვყავს. ძირითადში ბუდუს და ზურიკოს ადგილი რო არ რჩება და არაბიძეს რომ საერთოდ არ ვიყენებთ, ეგ უკვე პასუხია ყველაფრის.

ჩაკვეტაძე, რომ რეალში არ თამაშობს ჩემთვის პირადად ძალიან უცნაურია, ალბათ ფიზიკა აკლია ათიანისთვის? ან სტაბილურობა? ფაქტია ჩაკვეს გარეშე ჩვენი ნაკრები სულ სხვა გუნდია, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ხვიჩაზე, მამარდაზე, ქოჩორაზე, კიტეზე თუ ჟორჟზე, რომლებიც შეიძლება უფრო მაღალი კლასისაც კი არიან, ჩაკვე არის ამ ნაკრების აბსოლიტური ლიდერი და ერთადერთი შეუცვლელი ფეხბურთელი
სიმენონი
16:23 08-09-2024
3
მახსოვს დრო,როცა სტადიონზე სიცარიელე იყო და ვინც მიდიოდა,მალე ტოვებდნენ ხოლმე ტრიბუნებს. იმ პერიოდში იყო ასეთი ფანკლუბი "ჯვაროსნები" და ამ ხალხთან ხშირად მისაუბრია პერიოდზე,როცა ბილეთების ყიდვა ძნელი იქნებოდა და იმაზეც თუ როგორ შეიძლებოდა ამის მიღწევა. მე მარტივი პასუხი მქონდა,თავდაჯერებას უნდა მოეტანა ეს ამბავი და დღეს სწორედაც რო თავდაჯერებას მოაქვს წარმატება. მაშინაც და ახლაც იგივენაირად ვფიქრობ,ყველამ თავის საქმე უნდა აკეთესთქო ვამბობდი,სტადიონზე მისვლა არ უნდა ყოფილიყო თამაშის შედეგზე დამოკიდებული,თუმცა იყო და ვცდილობდი ერთი ადგილი შემევსო.ბევრი წაგების მიუხედავად,მაინც დავდიოდი სტადიონზე და დღეს უკვე ეს აღარ არის საჭირო. წყვეტა მიდის ბილეთებზე,ხოდა თქვენთვის დამითმია. ახლა,შემიძლია რო მშვიდად ჩავუჯდე ტელევიზორს და ვუყურო კარგ თამაშს სავსე ტრიბუნებით. ჩემი საჭიროაება აღარ არის სტადიონზე. მე და იმ ხალხმა ვინც შედეგის მიუხედავად სტადიონზე დავდიოდით,აქამდე მოვიტანეთ ეს ამბავი და ვცადეთ ნაკრები მარტო არ დაგვეტოვებინა,ხოდა ახლა ჩვენი საქმე შესრულებულია. ძალიან ბევრი მატჩი მაქვს ნანახი და არ გახდები ის ადამიანი,ვინც მამას ან ბაბუას ხელს შეუშლის შვილის ან შვილიშვილის თამაშზე წასვლაში. გუშინ,სტადიონზე ბავშვების სიხარული ვნახე,ეს არის ის რაც ყოვლეთვის მინდოდა,გახარებული ბავშვები ამ ქვეყანაში. ჩემმა თაობამ ვერ შეძლო ეს ამბავი,გასაგები მიზეზები იყო,მაგრამ მაინც. ალბათ,ამიტომაც არის მნიშვნელოვანი გახარებული ბავშვების ხილვა,თან ხალისიანი თაობა ხალისიან ქვეყანას ნიშნავს. წარმატებები
იასონას უდარი
16:21 08-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული