მწვრთნელობა მარტივი არაა. განუსაზღვრელი დრო არავის აქვს, მუდმივი სიახლეები და მოძრაობაა საჭირო, შეკრებიდან შეკრებამდე და ტაიმიდან ტაიმამდე კი არა, მატჩის ყოველი წუთის განმავლობაში. ზოგჯერ უნდა გარისკო, გაარღვიო და შეცვალო. გაუმართლებლობა იქნებ დასასრულსაც ნიშნავდეს... ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს შენ მიმართ გამოთქმულ ნდობასაც და იმასაც, საკუთარ თავს გარედან როგორ
გაგვიკრიტიკებია სანიოლი? ბევრჯერ. იმიტომ, რომ მას ხშირად ჰქონდა ჩავარდნილი შეკრებები, რომელთა შემდეგ მუდმივად თავის მართლება უწევდა, ან არაფერს ამბობდა, როგორც ესპანელებთან მძიმე (1:7) წაგების შემდეგ. შეგვიქია ფრანგი? არაერთხელ. მაგალითად, მაშინ, მის მიერ ტაქტიკის შეცვლამ რომ გაამართლა; როცა "ნაპოლის" მწვრთნელს კვარაცხელია ნაკრებში ახალ პოზიციაზე მოეწონა და ცვლილება მანაც სცადა.
ვილი სანიოლის პიროვნების საილუსტრაციოდ და ჩვენი დამოკიდებულებების გადმოსაცემად ციტირებას მოვუხმობთ, რომელიც ევროპირველობაზე ჩეხეთთან მატჩისშემდეგი სტატიიდანაა - "რა მოეწონა ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე თამაშიდან თურქეთთან, ამას ისევ რომ მიმართა?! არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამართლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს (პორტუგალიასთან ეს ნათქვამი დამტკიცდა, ლოჩოშვილმა ისევ ითამაშა და თერთმეტმეტრიანის მოპოვებით, გააამართლა. გაამართლა ჩეხეთ-ალბანეთთანაც), მაგრამ ახლა, ამ მნიშვნელოვან ტურნირზე, ამის დრო მაინც ნაკლებადაა." გვგონია, აქ კარგადაა გადმოცემული მწვრთნელის ხასიათიცა და ჩვენი სათქმელიც.
ვიცით, ვილისთვის ობიექტური კრიტიკა მნიშვნელოვანია და მას ეცნობა. შესაძლოა, პრესკონფერენციაზე ყველა შეცდომა არ აღიაროს, "გაპრავება" სცადოს, მაგრამ გავა დრო და ხვდები, მან რომ ისწავლა, დააკვირდა... სანიოლისგან "იდეალური ტიპი" არ უნდა შევქმნათ, თავისი შეცდომებითა თუ ეგოთი უნდა მივიღოთ.
არც კლუბში და არც ნაკრებში მხოლოდ ფეხბურთელების შესაძლებლობები წარმატების გარანტი არ ყოფილა, აქ უფრო მეტია საჭირო. იქნებ ვილი სანიოლს ძალიან გაუმართლა, ისეთი ბიჭები რომ ჰყავს, ერთმანეთის მიმართ მხოლოდ პატივისცემა და თანადგომა რომ გააჩნიათ, მინდორზეც ბოლომდე იხარჯებიან, დისციპლინა ჩანს, მაგრამ თავისი წვლილი ფრანგსაც აქვს. მწვრთნელის როლს წაგების დროს უფრო ხედავენ, გამარჯვებებისას კი თითქოს ცოტათი იკარგება. მოგებაზე მეტი სწორედ ისაა, გუნდში საოცარ ურთიერთგაგებასა და პოზიტივს რომ ხედავ. ძირითადი და სათადარიგო ფეხბურთელები ერთად აღნიშნავენ გამარჯვებას და ეძებენ გამოსავალს რთული სიტუაციიდან.
"დაკარგული დროის ძიებაში" ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი სახეა. მარსელ პრუსტი "რეფლექსური მეხსიერების" საკითხზე გვესაუბრება. ფრანგული დესერტი ნაწარმოების გმირს შორეულ ბავშვობაში გატარებულ დროს ახსენებს. ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში იპოვა ის მუხტი და წერტილი, სადაც კარგად იხსენებს და აანალიზებს საკუთარი საფეხბურთო თუ სამწვრთნელო კარიერის შუქ-ჩრდილებს, ის ხომ მოწოდებით მწვრთნელია, დიდი გამოცდილების გარეშე, რომელიც თავს იმკვიდრებს. ვილის თავისი წვლილი შეაქვს იმაში, ფეხბურთელებმა წარმატების, დისციპლინისა თუ პრობლემების არსი სხვისი გამოცდილებით ისწავლონ და არა მაშინ, როცა შეცდომას თავად დაუშვებენ. ალბათ, სადღაც ყველა მწვრთნელი ის მშობელია, შვილებს გამოცდილების სრულად გადაცემის საშუალებას რომ აძლევს...
გავაკრიტიკებთ კვლავ ვილი სანიოლს? რა თქმა უნდა. მარჩელო ლიპიმ იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახადა, წავიდა და როცა დაბრუნდა, ძველი დიდების გამო ზედმეტად არავინ მოფრთხილებია. ცხოვრება ასეთია, ზოგჯერ მკაცრიც...
კარგად ვითამაშეთ, შანსები გვქონდა, მაგრამ წავაგეთ - ამ ფრაზას ახლა ჩვენი მოწინააღმდეგეები ამბობენ. აი, როგორ ნაკრებს მოვესწარით. ცოტა ძველ გულშემატკივრებს ეს გვაკვირვებს კიდეც.
ფრანგ პოეტ მალარმეს "თეთრი" ლექსის შესავალში რეკომენდაციებზე წერია, თუ როგორ უნდა წაიკითხონ შემოქმედება. ჩვენ სანიოლისგან ამ წერილის კითხვისას შენელებას ან მშვიდი ადგილის შერჩევას არ ვითხოვთ, უბრალოდ გვინდა ვუთხრათ, რომ წარმატებას მხოლოდ ჩვენს ძალიან მაგარ ფეხბურთელებს არ ვაწერთ და ის მარტო კრიტიკის ჟამს არ გვახსენდება!..
განცდა ყველაფრის შეძლებასა და დაუძლეველი ბარიერის არარსებობაზე - საქართველომ მართლა მაგრად დაიწყო!..
ვილის ნამდვილად ეკუთვნის დიდი მადლობა.
პირადად მე ევროს შემდეგ მეგონა, რომ ვილიმ ამოწურა საკუთარი თავი ნაკრებში.
რა სასიამოვნოა, რომ თურმე ვცდებოდი.
კიდევ ბევრი წარმატება გველოდება ვილისთან ერთად.