კატალონიური გუნდების დაპირისპირებაში "ბარსას", ლიდერებიდან, მესი, სუარესი და პიკე აკლდა, მაგრამ შემადგენლობა მაინც ვარსკვლავური იყო: ტერ შტეგენი, მასკერანო, ალკასერი, სერჟი რობერტო, არდა თურანი, ვერმალენი, ალბა, ანდრე გომეში, ჟერარ დეულოფეუ და სხვები. ამის მიუხედავად, ესპანეთის მე-2 ლიგაში მოთამაშე გუნდთან "ბარსა" მარცხს ძლივს გადაურჩა. მე-11 წუთზე დაწინაურებულმა "ხიმნასტიკმა" გამათანაბრებელი გოლი 79-ე წუთზე გაუშვა.
ტარაგონელთა ქართველი მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა და ის თამაშში საკმაოდ აქტიურად ჩაერთო.
* * *
დანიის სუპერლიგის მე-4 ტურში მესამედ წააგო დავით სხირტლაძის "სილკებორგმა", რომელიც ამ მატჩის შემდეგ გალიდერებულ "ჰორსენსთან" 0:1 დამარცხდა. ქართველმა ფეხბურთელმა სრულად ითამაშა და მე-5 დამატებულ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.* * *
0:1 წააგო გიორგი მერებაშვილის "პლოცკმაც". ქართველი ნახევარცველი, პოლონეთის ჩემპიონატში "ვისლასთან" გამართული მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის მე-5 დამატებულ წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო.* * *
კიდევ ერთი ქართველი, რომლის გუნდმაც 0:1 წააგო, ჯაბა ლიპარტიაა. მისი "ანჟი", რუსეთის პრემიერლიგის მატჩში, "როსტოვთან" საკუთარ მოედანზე დამარცხდა. ქართველი შემტევი მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა. მახაჩყალელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო ქართული წარმომავლობის გურამ თეთრაშვილი, რომელიც მე-2 ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.