პრაღის "სლავიას" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე მიჰყავს

AutoSharing Option
"ლელოს" ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი უახლოეს დღეებში კონტრაქტს გააფორმებს პრაღის "სლავიასთან". პოპულარულ ჩეხურ კლუბთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და მის გაფორმებას, უდიდესი ალბათობით, წინ ვერაფერი დაუდგება.

ჩოჩიშვილის მიმართ უცხოური კლუბების ინტერესი ამას წინათ საქართველოში გამართულ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის დროს გაჩნდა. შემდეგ თავადაც თქვა, რომ მის მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენდა...

ამათგან ყველაზე რეალური სწორედ ჩეხების ინტერესი აღმოჩნდა და დეტალების შესათანხმებლად, ჩოჩიშვილი რამდენიმე დღით ჩეხეთშიც იყო ჩასული.

შეგახსენებთ, რომ ის გიორგი ლეგენდარული ქართველი ფალავნის, ძიუდოში პირველი ქართველი
ოლიმპიური ჩემპიონის, შოთა ჩოჩიშვილის შვილიშვილია. გასულ წელს "საბურთალოში" თამაშობდა, თუმცა პირველი გუნდის კარს არ ანდობდნენ და სათამაშო პრაქტიკისთვის მიმდინარე ჩემპიონატიდან იჯარით მესამე ლიგის ბინადარ "შევარდენი 1906"-ში გადასვლა ამჯობინა.

ახალგაზრდა გოლკიპერის გათვლამ გაამართლა. კონტინენტის ჩემპიონატზე ჩვენს ნაკრებში სწორედ ის იყო მთავარი მეკარე. "შევარდენი 1906"-ში იჯარა ივნისში დაუმთავრდა და აგერ, თავისუფალი აგენტის სტატუსით აღჭურვილმა ევროპას მიაშურა.

"სლავია" დიდი ისტორიის მქონე კლუბია. ის 125 წლის წინათ დაარსდა. არის ჩეხოსლოვაკიის 22 და ახლა უკვე ჩეხეთის 4-გზის ჩემპიონი. ამ გუნდში ცოტა ხნის წინ ლევან ყენია თამაშობდა. ამჟამად, "სლავია" ჩემპიონთა ლიგის პლეი- ოფშია გასული, სადაც მეტოქედ კვიპროსული აპოელ-ი ჰყავს. 15 აგვისტოს ჩეხები ნიქოზიაში 0:2 დამარცხდნენ. საპასუხო დაპირისპირება 23 აგვისტოს გაიმართება. სასურველი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში, "სლავია" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება, ხოლო მარცხის შემთხვევაში, ევროპა ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას.

რაც შეეხება ჩოჩიშვილის კონკურენტებს, "სლავიას" დღესდღეობით ორი არცთუ ახალგაზრდა მეკარე ჰყავს - იან ლაშტუვკა (35 წლის) და პრემის კოვარი (31 წლის). ორივე მათგანი ჩეხია.

ჯერჯერობით, "სლავია" შინაურ ფრონტზე წაუგებლად თამაშობს. 4 ტურის შემდეგ, 55 წლის ადგილობრივი სპეციალისტის, იაროსლავ შილჰავის გუნდმა 2 მოიგო და ამდენივე ფრედ ითამაშა, ბურთების სხვაობაა - 3:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტაციაობაა ამ ნაკრების ბიჭებზე, მერამდენე მიყავთ უკვე. წარმატებები
Raiola
23:27 21-08-2017
0
თქვენ წერდით ხო მანჩესტერ სიტიო? ))))))))))))) :DDDDDDDDD იმენნა მეზღაპრეები ხართ
))))))
17:10 21-08-2017
0

სიახლეები პოპულარული