მიხეილ როსტიაშვილი: ფაქტია, მოსკოვის ცსკა-ში ვვარჯიშობ!

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ "ლელო" 26 წლის მიხეილ როსტიაშვილზე წერდა: ლიგა 3-ის "შევარდენი 1906-ის" თავდამსხმელი, საქართველოს 19-წლამდელთა და ახალგაზრდული ნაკრებების, "ვიტ ჯორჯიასა" და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელი 14 აგვისტოდან მოსკოვის ცსკა-ს მთავარ გუნდში სინჯებზე მიიწვიეს.

თავად ფეხბურთელმა დაგვიდასტურა, რომ ცსკა-ში ვარჯიშობდა, სადაც ის რომან პილიპჩუკმა წაიყვანა, რომელთანაც 2014 წელს იურმალის "სპარტაკში" თამაშობდა. ეს პიროვნება ახლა მოსკოვის "სპარტაკში" მასიმო კარერას ასისტენტია. როსტიაშვილის თქმით, სამი თვე დაკვირვების ქვეშ იქნებოდა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებდნენ.

- თავიდან არც მე ვიჯერებდი... საქართველოს მესამე ლიგიდან მოსკოვის
ცსკა-ში


ამის შემდეგ რუსულმა გამოცემა "სპორტ-ექსპრესმა" გაავრცელა ინფორმაცია სათაურით - "როსტიაშვილი ცსკა-ში არ იქნება", სადაც არმიელთა მწვრთნელი ვიქტორ გონჩარენკო ქართულ ცნობებს უარყოფდა. მან ლაკონიური კომენტარი გააკეთა - "ის (როსტიაშვილი) ჩვენთან არ არის".

ცხადია, დავინტერესდით, რა ხდებოდა და ხომ არ გავხდით ბლეფის უნებლიე მონაწილენი? მაგრამ "შევარდენი 1906-ის" პრეზიდენტმა გეგი კიკაბიძემ ეს ამბავი კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა.

"ცსკა-ს მწვრთნელის კომენტარიდან შევიტყვე, რომ როსტიაშვილი მათთან არ არის, მაგრამ ერთადერთი, რაც დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მივიღეთ მოსკოველთა ახალგაზრდული გუნდის სასელექციო განყოფილების ხელმძღვანელის, მაქსიმ დიუკოვის ელექტრონული წერილი, სადაც ჩვენს ფეხბურთელს ახალგაზრდულ გუნდში სავარჯიშოდ იწვევდა", - ამბობს კიკაბიძე, რომელმაც მიწვევის ფოტოასლი მოგვაწოდა.

ასევე მოვიპოვეთ რუსეთის ვიზის ასლი, სადაც მითითებულია, რომელი ორგანიზაციის მიწვევით გაემგზავრა როსტიაშვილი რუსეთში. გრაფაში მითითებულია - მოსკოვის ცსკა.

როსტიაშვილი მოსკოველებთან რომ ვარჯიშობს, ეს "ლელოსთან" ცსკა-ს ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელმა ნიკიტა მაცხარაშვილმაც დაადასტურა, რომელიც აფხაზეთიდან წასული ქართველის შთამომავალია. მას მოსკოვში დავუკავშირდით:

"დიახ, როსტიაშვილი ჩვენთან ვარჯიშობს. მიშა გავიცანი, დღეს ერთად ვიყავით ქართულ რესტორანში. ის ახლა ჩემთან ახლოს ცხოვრობს".

როსტიაშვილს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით:

"არ ვიცი, გონჩარენკომ ეს კომენტარი რატომ გააკეთა. ფაქტია, რომ მოსკოვში ვარ, ცსკა-ს ბაზაზე ახალგაზრდულ გუნდთან ერთად, ორჯერ კი მთავარ გუნდთან მავარჯიშეს. გაუგებრობა იმან გამოიწვია, რომ გუნდში სელექციონერი რომან პილიპჩუკი კი არა, არამედ მისი მეგობარი დიუკოვია, რომელთანაც რეკომენდაცია გამიწია.

აქ არის პოზიცია, რომ საქართველოდან თუ აიყვანენ, ძალიან გამორჩეული მოთამაშე უნდა იყოს, მესამე ლიგიდან კი... ჩემი აგენტი ამბიციური კაცია. ორმხრივ შეხვედრებში ჯერ დუბლი შევასრულე, მერე კიდევ ერთხელ გავიტანე და დარწმუნებულია, რომ დავრჩები.

თუმცა, არ დავმალავ და თავადაც იმ აზრზე ვარ, რომ ასეთ კლუბში გადასვლა არარეალურია და სხვა რანგის გუნდში უნდა წავიდე. მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებებს გისურვებ მიშა, მალე უკეთეს და გარკვეულ მდგომარეობაში გვენახე. მხოლოდ ცსკა არა საფეხბურთო სამყარო.
gizog
10:08 05-12-2017
0
წარმატებებს ვუსურვებ ამ ბიჭს! მართლა სასიხარულო ამბავია და იმედია თავს დაიმკვიდრებს!
მმმ
17:12 24-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული