ჯაბა ჯიღაური: გამოჩნდა, რომ "ვარდარი" სწორი არჩევანი იყო

AutoSharing Option
"ვარდარმა" დიდი სენსაცია მოახდინა - მაკედონიურმა კლუბმა თურქულ გრანდ "ფენერბაჰჩესთან" შინ მოგების (2:0) შემდეგ ევროპალიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩიც მოიგო (2:1) და არსებობის ისტორიაში პირველად, საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. ბალკანელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა ჯაბა ჯიღაურმა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თურქულ გრანდს სტამბოლში 68-ე წუთზე გაუტანა, ანგარიში გაათანაბრა და მასპინძელი საბოლოოდ გატეხა...

- ლეგიონი ევროპალიგაზე: ჯიღაურის გოლმა "ფენერბაჰჩე" შოკში ჩააგდო [VIDEO]

"ლელომ" ჯიღაურთან ინტერვიუ ჩაწერა:

- თავი სიზმარში მეგონა! ექვსი თვის წინ, როცა "ვარდარში" გადავდიოდი, პერსპექტივაზე კი ვფიქრობდი, მაგრამ ვერც წარმოვიდგენდი,
რომ იმ გუნდში მოვხვდებოდი, რომელიც "ფენერბაჰჩეს" გასვლაზე მოუგებდა და ასეთ წარმატებას მიაღწევდა. მაგრამ ისე კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს შანსი არ დავუტოვეთ.

უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან ამ ლამაზი ისტორიის დაწერაში ჩემი წვლილი შევიტანე.

- გარკვეულ ეპიზოდებში საფრანგეთის ნაკრების ყოფილი წევრი მატიე ვალბუენა უნდა ჩაგეკეტათ...
- თავიდან ვალბუენას ფლანგზე დავიწყე თამაში. ვცდილობდი, ხელი შემეშალა. ის ძალიან სწრაფია. დავალება მქონდა, რომ მარჯვენა მცველს დავხმარებოდი, ფრანგთან ერთი-ერთზე არ დამეტოვებინა და დამეზღვია. იმედი მაქვს, ამ დავალებას თავი გავართვი.

- თამაშის შემდეგ თუ გელაპარაკათ მწვრთნელი?
- იმდენად დიდი სიხარული იყო, ცალკე არავის დალაპარაკებია, მაგრამ მილოცვის დროს ჩამეხუტა, მადლობაც მითხრა და რადგან ნაკრებში ვარ გამოძახებული, წარმატებები მისურვა. იმ მომენტში უზომოდ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მე უპირველესად ქართველი ვარ და ჩემთვის მთავარი მაინც ნაკრებში წარმატების მიღწევაა.

- ჯგუფური ეტაპის წილისყრაში "ვარდარს" არ გაუმართლა - "ზენიტთან", "სოსიედადთან" და "რუსენბორგთან" მოხვდით...
- ნამდვილად ძლიერი და ჩვენზე გამოცდილი გუნდებია, მაგრამ ისეთი თამაშები მოვიგეთ, მთელ გუნდს და პირადად მეც საკუთარი ძალების დიდი რწმენა გაგვიჩნდა და მიმაჩნია, რომ ახლა ჩვენთვის შეუძლებელი აღარაფერია.

- ამ მატჩამდე დიდხანს არ ჩანდით და რა იყო მიზეზი?
- ტრავმა მაწუხებდა და ამის გამო 20 დღე გამიცდა. მწვრთნელმა მხოლოდ მაკედონიის ჩემპიონატის ბოლო ტურში მათამაშა. სხვათა შორის, ჩედომირ იანევსკი სულ რაღაც ორი კვირის წინ დანიშნეს და ის ძველ მწვრთნელზე მეტად მენდობა, მისგან მეტ სითბოსა და გვერდში დგომას ვგრძნობ. ეს ძალიან კარგად მოქმედებს ჩემზე.

წარმოიდგინეთ, ტრავმის გამო სამი კვირა ვისვენებდი და მაინც მენდო. ამიტომ იყო, "ფენერბაჰჩესთან" მატჩამდე "პობედასთან" 90 წუთი შეუცვლელად რომ მათამაშა. მაკვირდებოდა, ალბათ, მზად ვიყავი თუ არა და სტამბოლში უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამაყენა კიდეც.

- არადა, ბევრი ვერ ხვდებოდა, მაკედონიაში რატომ გადახვედით...
- ლევან ზუხბაიამ სწორედ იმ კლუბში მიმიყვანა, რაც საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ მჭირდებოდა. შესაძლოა, მაკედონიაში ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ ფიზიკურად კარგად ამზადებენ, ჩემპიონატიც ძლიერდება, ლეგიონერები ჩამოჰყავთ, ფულს დებენ...

ახლა ჩვენ თურქული გრანდი გამოვაგდეთ და პერსპექტივა მეტი კი არაფერია - ასეთი გუნდიდან ფეხბურთელს ნორმალურ ლიგაში მოხვედრის შანსი აუცილებლად ექნება. მთავარი ისაა, რომ ამ პერსპექტივას თავადაც ვხედავ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
aranairad ar iko mand gadasvla scorji jab magas xom isev dinamo jobia tu rogoro))))))))))))
1
ჯაბა მეტი სტაბილურობა და დიდ ფეხბურთში მნიშვნელოვანი წარმატებები გელოდება. ესპანეთთან მოგებული მატჩის შემდეგ დიდ პატივს გცემ, შენ შეგიძლია საჭირო მომემნტში ინიციატივა აიღო და თამაშის ბედი გადაწყვიტო. სულ გამარჯვებით გევლოს.
gizog
16:43 29-08-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული