ქართველები სკამზე: სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ეს სიმბოლური ნაკრები, შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ის რეალობაა, რასაც ვხედავთ. სანაკრებო პაუზით გამოწვეული შესვენების შემდეგ ნაკრების ძირითადი ნაწილი სკამზე ზის. ზოგიერთი თავის ჩვეულ ადგილს დაუბრუნდა, ზოგიც მგზავრობამ დაღალა (თბილისი - ვენა - თბილისი და შემდეგ უამრავი გადაჯდომა თამაშზე მისასვლელად), ზოგმა გაურკვეველ ვითარებაში ტრავმა მიიღო და ზოგსაც მშობლიურ გარემოში გაუტკბა. ხოლო ჩვენ გთავაზობთ ნაკრების ბირთვს, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, სათადარიგო იყო.

მეკარე

გიორგი ლორია

საქართველოს ნაკრების კიპერი, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარა, ხოლო შაბათს "ანჟის" სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდა. ჩვენებურის კლუბი
"ტოსნოს" ეთამაშებოდა და 2:2 დაუზავდა. ლორიას ჯერ ახალ კლუბში დებიუტიც არ ჰქონია და ვიმედოვნებთ, ეს მალე მოხდება.

მცველები

ჯიმი ტაბიძე

"უფა"-"კრასნოდარის" შეხვედრაში ქართველი 46-ე წუთზე ჩაერთო. მიუხედავად ამისა, კლუბმა მაინც გაუშვა 75-ე წუთზე გოლი და 0:1 წააგო. ეს ტაბიძის მე-9 მატჩი იყო გუნდში და პირველი შემთხვევა, როცა სკამიდან ჩაერთო.

დავით ხოჭოლავა

ქართველმა მცველმა "შახტარში" პირველი 25 წუთი ჩაატარა. 65-ე წუთზე ალან პატრიკის ნაცვლად გამოჩნდა და ყვითელი ბარათის მიღებაც მოახერხა. ვიმედოვნებთ, რომ ხოჭოლავა გუნდში თავის დამკვიდრებასა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას შეძლებს.

გურამ კაშია

"ექცელსიორთან" მატჩში (0:3) "ვიტესის" კაპიტნის სკამზე გამოჩენა მოულოდნელობა იყო. ეს ალბათ სანაკრებო პაუზას უნდა დავაბრალოთ და მგზავრობის პროცედურებს. სხვა მხრივ, კაშიას სათადარიგოდ ყოფნა გასაკვირია, ის ხომ არნემელთა ლიდერი და მთავარი სახეა.

ნახევარმცველები

ვაკო ყაზაიშვილი

ამერიკაში მგზავრობა ნამდვილად რთულია, არც ცოტა დრო უნდა და ბევრი გადაჯდომაც გიწევს.
ქართველი ჯერ სან ხოსეში ჩავიდა და იქიდან ტორონტოში გაჰყვა გუნდს. არადა, ვაკოს კარგი ხანობა უდგას "სან ხოსეში", ბოლო თამაშებშიც ძირითადში იყო და სამი გოლი აქვს ამასობაში დაგროვებული. სამწუხაროდ, ეს თამაში 0:4 წააგო ყაზაიშვილის გუნდმა და ქართველი მაყურებლის რანგში იყო.

ვალერიან გვილია

ავსტრიასთან გოლმა ვერ უშველა ქართველს და მხოლოდ 14 წუთის თამაში მოუწია.
სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი იერმაკოვიჩი არ ენდობა გვილიას და გაურკვეველია, რატომ?
არადა ჩვენებურს წინა სეზონი ნამდვილად კარგი ჰქონდა. აღნიშნულ თამაშში "ბატემ" "სლავია მოზირს" 2:0 მოუგო.

გიორგი ჩაკვეტაძე

არაერთგვაროვანი ინფორმაცია ვრცელდებოდა გიორგიზე, რომ ის მეორე გუნდში ჩარიცხეს და იქ დააკვირდებოდნენ.

საბედნიეროდ, ეს ინფორმაცია მართალი არ გამოდგა და სათადარიგო სკამზე ვიხილეთ. ყველა ველოდით მის მოედანზე გამოჩენას, მაგრამ "გენტის" მწვრთნელისა და ჩვენი სურვილები ერთნაირი არ გამოდგა. ბელგიელმა საკუთარ თავს დააბრალოს, როცა თამაშს იგებდა, შეტევის გამწვავების ნაცვლად დაცვაში ჩაჯდა. საბოლოოდ "გენკმა" 89-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 1:1 გახადა.

ჯაბა ჯიღაური

ერთი კითხვა შეაწუხებს ალბათ მკითხველს, მარტო ქართველი ფეხბურთელები იყვნენ სანაკრებო პაუზაზე ან უბრალოდ, რა სჭირთ ჩვენებურებს კლუბებში? ჯიღაური, რომელმაც "ფენერბახჩესთან" დუელში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, შემდეგ კი "ვარდარის" ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა, ისევ სათადარიგოდ ვიხილეთ. "სილექსთან" 3:1 მოგებულ შეხვედრაში ქართველი მოედანზე 66-ე წუთზე შეუშვეს.

გიორგი პაპუნაშვილი

ამ ბიჭს, რატომღაც, უცხოეთში უჭირს. ჯერ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ვერ შეძლო თავის დამკვიდრება და ახლა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში არ სწყალობენ. მხოლოდ 5 წუთი ჰქონდა გიორგის ნათამაშები და გუშინ 15 წუთი შემატა. "სარაგოსას" "ალკორკონთან" მაინც არაფერი გამოუვიდა და საკუთარ სტადიონზე 0:1 წააგო.

გიორგი მერებაშვილი

შეცვლაც ასეთი უნდა! 46-ე წუთზე შემოსულმა გიორგიმ, ჯერ 57-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა, 69-ე წუთზე კი პენალტიც გამოიმუშავა, "პლოკს" ერთი ქულა მოუტანა და მწვრთნელს დაუმტკიცა, რომ ძირითადს იმსახურებს.

თავდამსხმელი

გიორგი ქვილითაია

ამ სეზონში ქართველ ფორვარდს მხოლოდ ერთი თამაში აქვს ძირითადში ჩატარებული და გოლი არ აქვს გატანილი.

გუშინ ვენის "რაპიდი" "ზალცბურგს" ეწვია და 2:2 დაუზავდა. ჩვენებურს შანსი არ მისცემია, რომ თამაშში მიეღო მონაწილეობა.

სამწუხარო რეალობაა, რომ უთამაშებელი და ტრავმირებული ფეხბურთელებით ამაზე დიდი სიმბოლური ნაკრები გაკეთდება.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენები ძალას მოიკრებენ და საკუთარ კლუბებში თავის დამკვიდრებას შეძლებენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გუნდებში ვთამაშობთ ქართველები და იქაც ძირითადში რომ არ ვართ.....ისე ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები და შესაბამის კლუბებშიც დავიმკვიდრეთ ადგილები.ნიჭი არ იკარგება:)
ლაშა
16:02 11-09-2017
0
ლობჟანიძემ და დვალიშვილმა რა დააშავეს (7-0!!!! განადგურდნენ ასტანასთან).
ბუბა
13:50 11-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული