ვარშავის "ლეგია" მთავარ მწვრთნელად თემურ ქეცბაიას განიხილავდა

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას" უკვე ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი. გუნდიდან ცუდი შედეგების გამო გათავისუფლებული იაცეკ მაგიერა რომეო იოზაკმა შეცვალა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, სანამ იოზაკზე შეაჩერებდა არჩევანს, "ლეგიას" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას კანდიდატურასაც განიხილავდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ბოლოს რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარ "ორენბურგს" წვრთნიდა.

რაც შეეხება "ლეგიას", სწორედ მაგიერა წვრთნიდა ამ გუნდს მაშინ, როცა მის ღირსებას საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ვაკო ყაზაიშვილი იცავდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვარშავური კლუბის მაშინდელმა დამრიგებელმა იმთავითვე აითვალწუნა ქართველი შემტევი და თითქმის არ
მისცა თავის გამოჩენის შანსი.

ცოტა ხნის წინ მაგიერას თაობაზე გულღიად ილაპარაკა თავად ყაზაიშვილმა. სწორედ ამ მწვრთნელის გამო არ აეწყო პოლონურ კლუბში კარიერა ჩვენებურს. ამერიკულ "სან ხოსეში" გადასულმა ყაზაიშვილმა დაამტკიცა, რომ ფეხბურთის თამაში და გოლების გატანა ძველებურად კარგად იცის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხომ განიხილავდნენ? ხომ კი? აბა, მეტი რა უნდა გვინდოდეს?!
0

სიახლეები პოპულარული