ჩახვაშვილს აქამდე საქართველოში, ირანის უმაღლეს ლიგასა და სომხურ "მიკაში" უთამაშია. სოსო ბოლოს საქართველოში, გორის "დილაში" თამაშობდა. მერე კი როგორღაც ისე მოხდა, რომ ის ჩვენი თვალთახედვის არეალიდან დაიკარგა.
თავის დროზე ალბანეთის ჩემპიონატში ქართველ ფეხბურთელებს უთამაშიათ, ახლა კი იქ ჩვენებურთაგან აღარავინ დარჩა. მოკლედ, ჩახვაშვილი
"ხელშეკრულება გავაფორმე საუკეთესო ალბანელ აგენტთან. მისი მეშვეობით მოვაწერე ხელი კონტრაქტს ალბანეთის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან, ტირანას "პარტიზანთან". მოგეხსენებათ, ბოლო ნახევარი სეზონი გამიცდა და მეტი სათამაშო დრო რომ მქონოდა, დროებით ალბანეთის პირველი ლიგის ბინადარ "კორაბიში" ვთამაშობ. ეს კლუბი წინა სეზონში უმაღლეს ლიგაში იყო, მაგრამ გავარდა და მიზნად ისევ უძლიერესთა რიგებში დაბრუნება აქვს.
...რვა თუ ცხრა ფეხბურთელი გვყავს ნათხოვარი წამყვანი ალბანური კლუბებიდან - "შკენდერბეუდან", "ტირანადან", "კუკეშიდან"... საკლუბო ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული. გვყავს ფიზმომზადების იტალიელი მწვრთნელი. მაკედონიაში ვიყავით შეკრებაზე, ვითამაშეთ ოთხი ამხანაგური შეხვედრა. ორი გოლი გავიტანე. ორი მატჩი სრულად ვითამაშე, ორიც - ერთი ტაიმი.
...ტირანას "პარტიზანთან" 1+1 სისტემით გავაფორმე ხელშეკრულება. "კორაბიში" იჯარის წესით ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ 90 წუთი ვითამაშო. დრო "პარტიზანშიც" მექნებოდა, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც აქ მაქვს. აგენტმა ასე მირჩია. მთავარი მწვრთნელი ალბანელია, ჩვენს ფიზმომზადებაზე კი, უკვე ვთქვი, იტალიელი სპეციალისტი ზრუნავს. უკვე პრეზენტაციაც მქონდა. მახარებს, ჩემზე დიდ იმედებს რომ ამყარებენ. ნდობას ვგრძნობ.
...მთლიანობაში რომ ავიღოთ, აქ ძალიან კარგი საფეხბურთო გარემოა. ძალიან კარგად შუქდება როგორც უმაღლესი ლიგის, ისე პირველი ლიგის გათამაშება. თუნდაც ჩვენი გუნდი და პირველი ლიგა რომ ავიღოთ, ალბანეთის კვალობაზე არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს.
...ალბანური საკლუბო ფეხბურთის განვითარებაზე მეტყველებს თუნდაც "შკენდერბეუს" მაგალითი, რომელიც ბოლო წლებში წარმატებით თამაშობს ევროთასებზე. აგერ, ევროპალიგის ჯგუფშიც ასპარეზობს ეს გუნდი.
...აგენტმა მითხრა, მთავარია, ბევრი სათამაშო დრო გქონდეს და ჩვენ ძალიან სერიოზული კავშირები გვაქვს სერია B-ს კლუბებთანო. მეც ვუთხარი აგენტს, რომ "პარტიზანში" 20 წუთით თამაშს მირჩევნია, "კორაბიში" 90 წუთი ვითამაშო. ამხანაგური თამაში გვქონდა. ქალაქში ფანტასტიკურად უყვართ ფეხბურთი. სტადიონი ბოლომდე სავსე იყო, რვა თუ ცხრა ათასი კაცი მოვიდა. ამ ეტაპზე ჩემთვის მთავარი ისაა, რომ სათამაშო პრაქტიკა მქონდეს.
...პირველი მატჩი ვითამაშეთ უკვე ამ უქმეებზე. 1:4 წავაგეთ. ყვითელი ბარათი მივიღე მეოთხე წუთზე. ძელს გავარტყი დაახლოებით 25 მეტრიდან. ჩვენი ერთადერთი გოლი კი მე გავიტანე. კუთხური მოვაწოდეთ. ჩვენმა მცველმა თავი დაარტყა ბურთს. ორთაბრძოლაში ვიყავი მოწინააღმდეგის ფეხბურთელთან. მუხლი დავახვედრე ბურთს და გავიტანე. ზოგიერთი საიტი ავტოგოლს წერს, ზოგიერთი მე მასახელებს ავტორად, მაგრამ გოლი მე გავიტანე აშკარად. გოლი რომ შევაგდე, 1:3 გახდა. მსაჯს ვკითხე, რა ნომერი ჩაწერე-მეთქი და 19 ნომერიო, ჩემზე მითხრა.
...90 წუთი მომეცა თავის გამოსაჩენად. იანვარში "პარტიზანში" დავბრუნდები. ამ გუნდთან ერთად უკვე ვიყავი ავსტრიულ შეკრებაზე. 6 შეხვედრაში 4 გოლი გავიტანე, მაგრამ უკვე ვიცოდი, იჯარა რომ მექნებოდა იანვრამდე. ასე რომ, დიდი მოტივაციით ვარ. რაც მთავარია, გუნდში ყველამ ძალიან კარგად მიმიღო. უაღრესად მეგობრული გარემოა შექმნილი", - გვითხრა სოსო ჩახვაშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"