გიორგი მერებაშვილი: ქართველების პრობლემა თვითრწმენაა, რადგან ჩვენი თავის არ გვჯერა...

AutoSharing Option
ქართველი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი "პლოცკის" შემადგენლობაში შესანიშნავ სეზონს ატარებს.

ბოლო პერიოდში კი ცნობები მის სავარაუდო ტრანსფერზეც გავრცელდა, რომელიც ჩვენთან საუბარში ფეხბურთელმაც დაადასტურა.

ამჟამად პოლონეთის ჩემპიონატში შესვენებაა და გიორგიც გუნდთან ერთად ემზადება.

Sportall.ge მერებაშვილს დაუკავშირდა და როგორც სატრანსფერო თემებზე, ასევე საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.

- გავრცელებული ცნობით, თქვენი შეძენა ამერიკულ და საუდის არაბეთის გუნდებს სურთ. რა შეგიძლიათ თქვათ ამის შესახებ?
-კი, მართალია. არის ნამდვილად MLS-დან და საუდის არაბეთიდან შემოთავაზება. ასევე, პოლონეთის ჩემპიონატიდან რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.

თუმცა, ამ
ეტაპზე, გუნდების დასახელებისგან თავს შევიკავებ. დაახლოებით ერთ კვირაში გაირკვევა, დავრჩები თუ არა კლუბში.

- რას იტყოდით თქვენი ახლანდელი კლუბის შესახებ, რა შეგძინათ მან ახალი?
- პირველ რიგში, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. პირველივე დღიდან აქ ძალიან დიდი სიყვარული და სითბო დამხვდა.

ეს ჩემთვის დამატებითი სტიმულია და ალბათ, წარმატებული თამაშის ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ "პლოცკმა" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მომცა შანსი, დავბრუნებულიყავი ნაკრებში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

რაც შეეხება შეძენას, განსაკუთრებული არაფერი. გამორიცხულია, პოლონეთში ითამაშო, თუ ფიზიკურად სუსტი ხარ.

საერთოდ, ქართველები ფიზიკაში ძალიან მოვიკოჭლებთ და მე აქ ამ მხრივ მოვუმატე, რაც თამაშებზეც აშკარად მეტყობა.

- თქვენ არაერთი კლუბის შემადგენლობაში გითამაშიათ და არაერთ ჩემპიონატში გიასპარეზიათ. რომლის გამოყოფა შეგიძლიათ?
- თუ იმ დონეებით შევადარებთ, რომლის დროსაც მე ვთამაშობდი, ალბათ, ყველას პოლონეთის ჩემპიონატი სჯობს.

ინფრასტრუქტურით, მინდვრის საფარით, გულშემატკივრის დასწრებით, გაშუქებით... პოლონეთში აბსოლუტურად ყველაფერი მაღალ დონეზეა.

- საქართველოს ჩემპიონატს ალბათ თვალს ადევნებთ. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა თქვენი წასვლის შემდგომ?
-კი, თვალს ვადევნებ. საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს.

ძალიან კარგია, პირველ რიგში, რომ იგივე პოლონეთიდანაც შემიძლია თვალი ვადევნო თამაშებს და ვუგულშემატკივრო ჩემს მეგობრებს, რაც ძალიან კარგია.

თუმცა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და შესაცვლელი. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში წინსვლა იქნება.

- რას ფიქრობთ ვლადიმირ ვაისის შესახებ? როგორ უგებთ მას ფეხბურთელები და უნდა დარჩენილიყო თუ არა იგი ნაკრებში?
- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ვაისი უნდა დარჩენილიყო. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამას იმიტომ ვამბობ, რადგან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვაისმა ნაკრებში დამაბრუნა.

მაგრამ, ვფიქრობ, რომ იგი ძალიან კარგი მწვრთნელი და პიროვნებაა.

პირველ რიგში, ვაისი იმიტომ უნდა დარჩენილიყო, რომ მწვრთნელების ხშირი ცვლა კარგი არ არის. ის უკვე კარგად იცნობს ფეხბურთელებს და ფაქტობრივად, ჩამოყალიბდა ბირთვი, ტაქტიკური მონახაზი, რაც ბოლო თამაშებში ნაკრებს შეეტყო.

მიუხედავად იმისა, რომ წარუმატებელი ციკლი იყო, თამაშის ხარისხი გამოსწორდა და უფრო სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობდით.

- თქვენი აზრით, ვინ არის საუკეთესო მწვრთნელი, ვინც საქართველოს ნაკრებს ჰყოლია?
- რთულია დასახელება... ჩემს კომპეტენციაში არ შედის ეს ყველაფერი. უბრალოდ, ერთს ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან ბევრი კარგი მწვრთნელი ჰყოლია.

- ქართული კლუბებიდან შესაბამისი ფინანსური ანაზღაურება რომ იყოს, დაბრუნდებოდით საქართველოს ჩემპიონატში?
- სიმართლე გითხრათ, პოლონეთში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებაზე არც მიფიქრია.

თუმცა, თუ ოდესმე დადგება მომენტი, როდესაც საქართველოში დავბრუნდები, ეს ალბათ ისევ თბილისის "დინამო" იქნება.

- რას იტყოდით თბილისის "დინამოს პოლიტიკის" შესახებ, რომელიც გაახალგაზრდავებას ეხება?..
- ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. "დინამოს" ჰყავს ხელმძღვანელობა, რომელიც ამ ყველაფერს წყვეტს. თუმცა, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მათი პოლიტიკა არ არის სწორი.

ყველა ითხოვს თბილისის "დინამოსგან" წარმატებას და ვფიქრობ, რომ "დინამოს" აქვს იმის ფუფუნება, რომ გააკეთოს კარგი გუნდი, რომელიც მინიმუმ ევროპის ლიგაზე გასვლისთვის იბრძოლებს.

- თქვენი აზრით, რა არის ქართული ფეხბურთის ძირითადი პრობლემა, რის გამოც ვერ ვაღწევთ წარმატებებს?
- პრობლემა ალბათ თვითრწმენაა, რადგან არ გვჯერა ჩვენი თავის. იმისი, რომ შეიძლება წარმატების მიღწევა.

თუმცა, ბოლო პერიოდში, საქართველოს ნაკრებში რწმენა ნელ-ნელა მოდის. ფეხბურთს ვთამაშობთ და ისეთ ძლიერ მეტოქეებთან, როგორებიც ირლანდია და უელსი არიან, ურიგოდ არ გვითამაშია და რიგ მომენტებში ვჯობდით კიდეც.

თუმცა, იუღბლობაც იყო... იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში გამოსწორდება ეს ყველაფერი და ქართველ გულშემატკივარს გავახარებთ.

- როდის შეიძლება გავიდეს საქართველოს ნაკრები დიდ საფეხბურთო ფორუმებზე?
- ერთა ლიგა ამისთვის ძალიან კარგია და იგი ჩვენნაირი ნაკრებებისთვის შეიქმნა. ძალიან დიდი შანსია, რომ გავიდეთ ჯგუფიდან, თუმცა, იოლი მატჩები არც აქ არ იქნება, რადგან როგორც ჩვენ, ისევე ჩვენი დონის ნაკრებები, ფიქრობენ, რომ ეს სწორედ მათი შანსია.

რთული მატჩები გველოდება, თუმცა მჯერა, რომ წარმატებით ვითამაშებთ და მოვახერხებთ იმ ოცნების ახდენას, რომელიც დიდი ხანია, როგორც გულშემატკივრებს, ისევე ფეხბურთელებს გვაქვს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აი ეხლა დაიწყება ეს ერთა ლიგა თუ ჯანდაბა და იმედია საბოლოოდ მორჩება თქვენი წუწუნი უიღბლობაზე და კარგად ვითამაშეთ და არ გაგვიმართლა, ყველა დავინახავთ, რომ უკვე სან-მარინოს და ფარერების დონის ფეხბურთელები ხართ, მართლაც და კარებში დარტყმა თქვენ არ იცით, ბურთის გაჩერება, მოედნის ხედვა, ნაკრების ფეხბურთელები თამაშობთ ევროპული მაშტაბით უსუსტეს გუნდებში და უმეტესობა მე-4 მსაჯებს უფრო კარგად იცნობს ვიდრე საკუთარ თანაგუნდელებს. ღმერთმა ქნას ვცდებოდე და ევროპაზე გახვიდეთ, ჩემზე ბედნიერი არ იქნება კაცი, მაგრამ(((
llcl
15:49 15-01-2018
4
tvit rcmena kiara karshi ro ver urtkavt egaa kvelaze didi problema karshi dartkma :)
!!!!!!
14:02 15-01-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული