საყვარელი ფილმი "ლეგენდა" - გიორგი ჩოჩიშვილი Sportall.ge-ს ახალ რუბრიკაში

AutoSharing Option
Sportall.ge წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას, სახელწოდებით - "გაიცანი სპორტსმენი სხვა კუთხით". ამ რუბრიკით ჩვენ შევეცდებით, დაგანახოთ ქართველი სპორტსმენები კარიერის მიღმა.

დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი იქნება. 19 წლის კარის დარაჯი პრაღის "სლავიას" საკუთრებაა, თუმცა ჩეხურმა კლუბმა იგი სლოვაკურ "ვოლინში" გაანათხოვრა.

როგორც გიორგიმ გვითხრა, იგი საბუთების პრობლემას აგვარებს და სლოვაკეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში აუცილებლად ითამაშებს.

ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ გთხოვთ, თქვენი აზრი, ჩვენს ახალ რუბრიკასთან დაკავშირებით, კომენტარებში დააფიქსიროთ, რადგან მკითხველის მოსაზრება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორია თქვენი ცხოვრება მოედნის მიღმა? თქვენ
სულ რამდენიმე თვის უკან გადახვედით სლოვაკეთში, იქამდე კი ჩეხეთში თამაშობდით... გთხოვთ გვითხრათ, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს ამ ორ ქვეყანაში...

- დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, დროის უმეტესი ნაწილი ვცდილობ, რომ დავისვენო და აღვიდგინო ძალები. როგორც ჩეხეთში, ასევე სლოვაკეთში, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, გავიდე ქალაქში და დავათვალიერო ღირსშესანიშნაობები. ჩეხეთში ყოფნის დროს ასევე ჩეხურის შემსწავლელ კურსებზე დავდიოდი.

Sportall.Ge

- რატომ ფეხბურთი, რამ გადაგაწყვეტინათ, რომ სპორტსმენი გამოსულიყავით?
- სპორტული კარიერის არჩევაში, რა თქმა უნდა, დიდი როლი ოჯახმა ითამაშა. ხოლო რაც შეეხება თვითონ ფეხბურთს, ბავშვობიდან ძალიან მომწონდა. შემდეგ უკვე გამიჩნდა მასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი მიზანი და ოცნება, რამაც ის ჩემს სამომავლო პროფესიად აქცია.

Sportall.Ge

- რაზე მოგიწიათ ცხოვრებაში უარის თქმა, რომ პროფესიონალი სპორტსმენი გამხდარიყავით?
- კონკრეტულად ასე ჩამოთვლა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ყოველ ეტაპზე რაღაც ახლის დათმობა გიწევს. მაგრამ დროდადრო სწავლობ ყველაფრის ერთად თავმოყრას და იმ რაღაცა დანაკლისს იმხელად აღარ მიიჩნევ, რადგან შემდეგ უკეთესი შესაძლებლობები და სიტუაციები ჩნდება.

- ვინ არიან თქვენი საუკეთესო მეგობრები და რას ნიშნავს მეგობრობა თქვენთვის?
- ჩემი გულწრფელი მეგობრები იგივე ჩემი ოჯახის წევრები არიან. ადამიანები, რომლებიც მუდამ ჩემთან იყვნენ, მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იყო და ახლა, როდესაც ღვთის წყალობით ყველაფერი რეალობა ხდება. ძალიან ვაფასებ თითოეულ მათგანს და მომავალშიც ასე იქნება, ყოველთვის მექნება მე მათი, ხოლო მათ კი ჩემი იმედი.

- როგორც ვიცით, დაოჯახებული არ ხართ. თუ გყავთ შეყვარებული და რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე?
- კი, მართალი ხართ, დაოჯახებული ჯერჯერობით არ ვარ. მყავს საყვარელი ადამიანი, რომელიც სულ ჩემ გვერდითაა და მხარს მიჭერს. მორალური მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ასეთ რთულ გზას გადიხარ.

- რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი, თქვენ ხომ ძალიან ცნობილი სპორტული ოჯახიდან ხართ?
- ოჯახი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მათი ძლიერი მხარდაჭერისა და გაწეული შრომის გარეშე ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა. ის ფაქტორი კი, რომ სპორტში ასეთი ცნობილია ჩემი ოჯახი, კიდევ უფრო დიდი სტიმული და პასუხისმგებლობაა.

- რომ არა ფეხბურთი, რა პროფესიის იქნებოდით?
- მოჭიდავე, აუცილებლად გავყვებოდი ბაბუაჩემის კვალს.

- რომელია ის გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრებაში მიგიღიათ და საუკეთესოდ თვლით და ასევე რომელია ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება?
- ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბევრი აგენტი იყო ჩემით დაინტერესებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანის წინადადება არ შეესაბამებოდა რეალობას და ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე "სმარტბოლ" სააგენტოსთან ხელის მოწერით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მამუკა ლომიძეს, ლევან ზუხბაის და მიშა ხუციშვილს. ასევე საუეკეთესო გადაწყვეტილებად ვთვლი "საბურთალოდან"  "შევარდენში" გადასვლას, სადაც პროგრესი განვიცადე და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი ჭელიძეს და თამაზ ოდიკაძეს.

Sportall.Ge

- რას არ გააკეთებდით არასდროს?
- არ დავბრუნდებოდი იქ, სადაც თავის დროზე არავის სჯეროდა ჩემი და მუდამ ეჭვქვეშ აყენებდნენ ჩემს შესაძლებლობებს.

- რა არის თქვენი ოცნება?
- ოცნება მსოფლიო დონის მეკარედ ჩამოყალიბებაა და მე ამას აუცილებლად შევძლებ.

- სპორტის გარდა, კიდევ რითი ხართ დაინტერესებული, რომელია თქვენი საყვარელი მუსიკალური ჯგუფი?
- მიყვარს მაგიდის ჩოგბურთის თამაში, ველოსიპედით სეირნობა, მუსიკის მოსმენა, საყვარელი ჯფუფი კი არის Imagine dragons.

- რომელია თქვენი საყვარელი ფილმი და ბოლოს რომელს უყურეთ?
- ბოლოს ვუყურე Interstellar-ს, საყვარელი ფილმი - "ლეგენდა".

- როდის განიცადეთ ყველაზე დიდი ემოცია?
- ჩეხეთთან აღებული თავური დარტყმის დროს.

- მოგვიყევით რაიმე ისტორია, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია...
- 2013 წელს ლატვიაში ვიმყოფებოდით. რიგის თასი ტარდებოდა, სადაც ძალიან ძლიერი ნაკრებები გამოდიოდნენ. მახსოვს, როგორ ვემზადებოდი თამაშის წინ. ვერც კი წარმომედგინა, რომ ამ ტურნირს მოვიგებდით. პირველი მგზავრობა თვითმფრინავით, პირველი გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მუდამ ჩემს მეხსიერებაში იქნება.

- შეგიძლიათ მიმართოთ, ვისაც გსურთ და გააკეთოთ კომენტარი ნებისმიერ თემაზე თქვენი სურვილისამებრ...
- მინდა, მივმართო ვოვა მუსერიძეს და მადლობა გადავუხადო, რომ ყოველთვის სჯეროდა ჩემი. ასევე, ჯაბა სამსონიას და ნოდარ ჭელიძეს. ვიცი, წინ რთული გზაა, მაგრამ ამაზე დიდი და მაგარი გრძნობა არაფერია, როდესაც იცი, რომ ვიღაცას სჯერა შენი.

- რომელ საფეხბურთო ჩემპიონატს ანიჭებთ უპირატესობას?
- ალბათ, უფრო ინგლისს, უდავოდ საუკეთესო ჩემპიონატი აქვს.

- ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი?
- არავის ვაკნინებ და ყველა სპორტსმენს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის ბაბუაჩემია, შოთა ჩოჩიშვილი...

- ვინ არის მწვრთნელი, რომელთანაც სიამოვნებით იმუშავებდით?
- ბევრია, ასე ვერ ჩამოვთვლი...

- თამაშობთ გადამწყვეტ შეხვედრას და ბოლო წუთზე თქვენს კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც შეხვედრის ბედს გადაწყვეტს. რაზე იფიქრებთ თქვენ?
- რა თქმა უნდა, პენალტის მოგერიებაზე! სხვა ვარიანტი არ არსებობს.

- ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მეკარე?
- პიტერ შმეიხელი.

- ვინ არის მოქმედი მეკარეებიდან საუკეთესო?
- მანუელ ნოიერი და არავინ შემეკამათოს...

- რომელია ყველაზე უცნაური სადღეგრძელო, რომელიც გაგიგონიათ და რა აზრის ხართ ქართულ სუფრასა და ტრადიციებზე?
- მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კერძები გვაქვს უდავოდ, სადღეგრძელო არ მახსენდება.

- თქვენ მოიგერიეთ გადამწყვეტი დარტყმა და საქართველოს ნაკრები გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. რა იქნება გიორგი ჩოჩიშვილის რეაქცია, რას მოიმოქმედებს იგი?
- ჩემზე ბედნიერი იმ მომენტში არავინ იქნება. ვინც მეკარეა, მიხვდება, რას ემოციას იწვევს მეკარისთვის პენალტის მოგერიება. თან თუ მასეთ გადამწვეტ მომენტში მოიგერიებს... არ ვიცი, ამ ემოციას ვერ აღვწერ, იმედია, მალე განვიცდი მას.

Sportall.Ge

- დაბოლოს, იუმორით დავასრულოთ... დაასრულეთ ფრაზა: "თქვენ აქედანაც გინდათ იმასმიქნათ და..."
- იქიდანაც იმასშვებით.

- ვინ არის ამ ფრაზის ავტორი?
- თემურ ქეცბაია.

- თქვენი აზრით, რისი თქმა სურდა?
- ჩემი აზრით, გულისხმობს, რომ ძალიან დიდ ზეწოლას გრძნობს აქეთა და იქითა მხრიდანაც (იცინის). არ ვიცი მოკლედ...
მკითხველის კომენტარები / 3 /
მშვენიერი რუბრიკაა, მომეწონა, წარმატებებს გისურვებთ, როგორც ავტორს ასევე რესპოდენტს, კარგი ბიჭია ეგ ჩოჩიშვილი, მიხარია რომ ნაკრების მომავალი ასე თუ ისე მაინც ჩანს..
baski
12:02 25-02-2018
1
კარგი წამოწყებაა,მაგრამ უფრო თუ განავრცობთ ბევრად უკეთესი იქნება,ვგულისხმობ დასმული შეკითხვების მრავალფეროვნებას,რესპოდენტებს სპორტის სხვა სახეობიდანაც თუ შეარჩევთ მეტად საინტერესო იქნება.
შალო&საბა
15:49 25-02-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული