ლეგიონის უქმეები: ხუთი ქართული გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ევროპულ სტადიონებზე 5 ქართული გოლი გავიდა. მათ შორის იყო დუბლიც და სადებიუტო ბურთიც. დავიწყოთ გიორგი ქვილითაიას ბრწყინვალე ასპარეზობით, რომელმაც ვენის "რაპიდის" შემადგენლობაში დუბლი გაიფორმა. 

ავსტრიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში "რაპიდმა" ვენაში 2:0 დაამარცხა ლინცის "ლასკი" და ორივე გოლი ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.

გიორგის აქამდე ჩემპიონატის 19 მატჩში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი და იმედია, ამიერიდან უფრო ხშირად დაამწუხრებს მეტოქეთა გოლკიპერებს.

"რაპიდი" 39 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და 4 მარტს,
შემდეგ ტურში გასვლაზე ლიდერ "ზალცბურგს" ეთამაშება, იქამდე კი, 28 თებერვალს თასზე "რიდს" უმასპინძლებს.


სეგუნდა დივიზიონის 28-ე ტურში ტარაგონის "ხიმნასტიკი" სტუმრად დაუზავდა "ბარსელონა B"-ს - 1:1.

მატჩს "ბარსას" 15 276-იან "მინი ესტადიზე" 3 678 მაყურებელი დაესწრო და ანგარიში 65-ე წუთზე "ხიმნასტიკის" ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ გახსნა. ტარაგონული გუნდი 33 ქულით მე-17 ადგილზეა და 4 მარტს "ტენერიფეს" მასპინძლობს.

ოთარმა ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და მან ამ სეზონში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.


ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ". ქართველი ნახევარმცველის კლუბმა "ოვიედო" დაამარცხა (2:1). როგორც რამდენიმე დღის უკან ვწერდით, გიორგი გაციებულია, ამიტომ შემადგენლობაში არ ყოფილა.

"სარაგოსას" 40 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში მათი მეტოქე "ნუმანსია" იქნება.

საშინელ ასპარეზობას განაგრძობს გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკო". ამჯერად ანდალუსიელები გასვლით მატჩში "როის დეპორტივუსთან" დამარცხდნენ - 0:2.

გიორგი განაცხადში არ გახლდათ შეყვანილი. "სევილია ატლეტიკო" 16 ქულით ბოლო, 22-ე პოზიციაზეა.

ბელგიის ჩემპიონატის 28-ე ტურში "გენტი" სტუმრად 0:1-ს აგებდა "ბევერენთან". მწვრთნელმა ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე 62-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. 82-ე წუთზე დილან ბრონმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ მე-2 წუთზე გიორგის პასით უკრაინელმა რომან იარემჩუკმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

"გენტი" 47 ქულით მე-3 ადგილზე აღზევდა და 3 მარტს "ოსტენდეს" უმასპინძლებს.


პორტუგალიის ჩემპიონატში "რიო ავეს" შემადგენლობაში კვლავ არ შედგა გიორგი მაკარიძის დებიუტი. ქართველი მეკარის კლუბმა კი სახლში "ავეშთან" ნულოვანი ფრე ითამაშა.

მაკარიძე სათადარიგოთა შორის გახლდათ. პრიმეირა ლიგაში "რიო ავე" 37 ქულით მეხუთეა.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში "გიმარაეშის" სარეზერვო გუნდთან  საგარეო ფრე (0:0) ითამაშა ავთო ებრალიძის "ვიზეუმ". ქართველმა ფორვარდმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

"ვიზეუს" 41 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. პრეიმეირა ლიგაში გადამსვლელ ადგილს გუნდს 3 ქულა აშორებს.

იტალიის სერია B-ში "ჩიტადელსთან" საგარეო შეხვედრაში 1:1 ითამაშა ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ". როგორც იცით, ქართველი ფორვარდი დიდი ხანია ტრავმის გამო უქმობს და ამიტომ განაცხადში არ ყოფილა.

ტოსკანელებს 50 ქულა აქვთ და პირველ პოზიციაზე იმყოფებიან. "ემპოლის" 49 ქულით "ფროზინონე" უდგას კვალში.

იტალიის სერია C-ში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა " ირაკლი" შეყილაძის "ლუჩეზემ", რომელმაც გასვლით შეხვედრაში "პიზა" 1:0 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა შორის გახლდათ და მოედანზე არ გამოჩენილა. "ლუჩეზეს" 30 ქულა აქვს და მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

შვეიცარიის სუპერლიგაში საშინაო არენაზე "თუნი" 2:1 დაამარცხა ვაკო გვილიას "ლუცერნმა". ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 82-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო. "ლუცერნს" 30 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება.

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, გასვლით მატჩში "ბოხუმთან", ნულოვანი ფრე ითამაშა ლუკას ჰუფნაგელის "ნიურბერგმა". ქართველი ფეხბურთელი განაცხადში არ ყოფილა, "ნიურბერგი" კი 45 ქულით პირველია.

აკაკი გოგიას "უნიონმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "სანდჰაუზენი". გოგია განაცხადში არ გახლდათ. "უნიონი" 34 ქულით მეშვიდეა.

ჰოლანდიის ერედივიზიაში გასვლით შეხვედრაში "ვენლოს" დაუზავდა გურამ კაშიას "ვიტესი" (2:2). არნემელთა ქართველმა კაპიტანმა, ტრადიციულად, მოედანზე 90 წუთი დაჰყო. "ვიტესი" 38 ქულით მეშვიდეა და ევროპის ლიგის ზონაშია.

პოლონეთის ექსტრაკლასაში ლაშა დვალის "პოგონმა" საშინაო არენაზე 2:1 დაამარცხა გიორგი მერებაშვილის "პლოცკი". დვალმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მერებაშვილი კი 73-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო. "პლოცკი" 37 ქულით მეშვიდეა, "პოგონს" კი 23 ქულით მე-15 პოზიცია უკავია.

"ზაგლებიესთან" გასვლით შეხვედრაში ნულოვანი ფრე ითამაშა ლუკა ზარანდიას "არკამ". ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მატჩში მეორე ნახევრიდან ჩაერთო. "არკა" 24 ტურის შემდეგ 33 ქულით მერვეა.

დანიის სუპერლიგის 22-ე ტურში 23 წლის ქართველი ნახევარმცველის, საბა ლობჟანიძის "რანდერსი" სტუმრად ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ჰორსენსს" დაუზავდა - 1:1.

მატჩს 10 495-იან სტადიონზე 2 086 მაყურებელი დაესწრო. საბამ 28-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.

"რანდერსი" 16 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 28 თებერვალს "ჰელსინგორს" მასპინძლობს. საბამ ჩემპიონატის 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ტრავმის გამო "სლოვაცკოს" რიგებში კვლავ არ შემდგარა ირაკლი სიხარულის დებიუტი. ქართველი ფორვარდის კლუბი საშინაო მოედანზე პრაღის "სლავიას" დაუზავდა (1:1). "სლოვაცკოს" 16 ქულა აქვს და ჩეხეთის პირველ ლიგაში მე-14 პოზიცია უკავია.

უნგრეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში "ბალმაზუივაროშმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა მე-3 ადგილზე მყოფი "დებრეცენი".

მატჩს 20 340-იან სტადიონზე 1 824 მაყურებელი დაესწრო.

შეხვედრის 86-ე წუთზე ანგარიში ქართველმა თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა გახსნა, 90+5-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა ფერენც რაცმა მეორე გოლი გაიტანა.

ეს ბაჩანას მე-7 გოლია ჩემპიონატზე და თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

არაბული 90-ე წუთზე ირაკლი მაისურაძემ შეცვალა, ლაშა შინდაგორიძე კი სათადარიგო იყო. "ბალმაზუივაროში" 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.


უკრაინის ჩემპიონატის 21-ე ტურში "შახტარმა" "ზირკა" უპრობლემოდ დაამარცხა - 5:0.

ამ შეხვედრაში მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ძირითად შემადგენლობაში დააყენა ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა, რომელმაც ნაანტრაქტევს რამდენიმე მეტრიდან ვერ შეძლო გოლის გატანა, 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 68-ეზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა შეცვალა.

შეგახსენებთ, ხოჭოლავა ფონსეკამ "რომასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში განაცხადში არ შეიყვანა.

ლვოვის "კარპატის" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩში ყვითელი ბარათით გამოირჩა ნიკა სანდოხაძე. 24 წლის მცველმა 90 წუთი ითამაშა, მისმა გუნდმა კი საგარეო მატჩში ოდესის "ჩერნომორეცთან" ნულოვანი ფრე ითამაშა. "კარპატი" 19 ქულით მეცხრეა.

სანდრო კობახიძისა და ანდრო გიორგაძის "ვორსკლა" საგარეო მატჩში "ზორიასთან" განადგურდა - 0:3. კობახიძემ 79 წუთი ითამაშა, გიორგაძე კი სათადარიგოთა შორის გახლდათ. პოლტაველები 34 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.

ალბანეთის ჩემპიონატში "კუკეშმა" საკუთარ მოედანზე "ლაჩი" ირაკლი ძარიას გოლით დაამარცხა (1:0). ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი მე-80 წუთზე აიღო. ეს მისი პირველი გოლი გახლდათ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

10-გუნდიან ალბანეთის ჩემპიონატში "კუკეში" 35 ქულით მესამეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული