უნგრეთის უმაღლესი ლიგის "ბალმაზუივაროშში" "საბურთალოს" ორი ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს - ბაჩანა არაბული და ლაშა შინდაგორიძე. ეს უკანასკნელი ერთი თვის წინ გადავიდა უნგრულ კლუბში, არაბული კი წელიწადია "ბალმაზუივაროშის" ღირსებას იცავს.
ბაჩანა არაბულთან ინტერვიუ "საბურთალოს" "ფეისბუქგვერდმა" გამოაქვეყნა.
- უნგრეთის ჩემპიონატზე...
- თასზე და ჩემპიონატში ორი მატჩი ვითამაშეთ. სასიხარულოა, რომ ორივეში წარმატებებს მივაღწიეთ. 28 თებერვალს სათასო მატჩის განმეორებითი შეხვედრა გველის "დიორ ეტოსთან", რომელთანაც სტუმრად 3:2 გავიმარჯვეთ. კარგი
ასევე, წლეულს დასაწყისი კარგი გამოგვივიდა ჩემპიონატშიც, სადაც სტუმრად ევროტურნირებზე გამსვლელი კანდიდატი "დებრეცენი" დავამარცხეთ, რომელიც მესამე ადგილზეა. მათთან გასვლაზე მოგება კარგის ნიშანია.
- ლაშა შინდაგორიძის გარდა, კიდევ ვინ დაიმატეთ?
- შინდაგორიძის გარდა, კიდევ 3 ახალი ფეხბურთელი გვყავს. უმეტესობა შემტევითი სტილისაა. ერთ-ერთი მათგანი რუდოლფ გერგელია, რომელიც "ჯენოაში" კახა კალაძის გუნდელი იყო. ვფიქრობ, წლეულს საგრძნობლად გავძლიერდით.
- როგორ ფიქრობთ, მოახერხებს კლუბი უძლიერესთა რიგებში ადგილის შენარჩუნებას?
- თუ ბოლოდროინდელ მატჩებს გადავავლებთ თვალს, ეს არ უნდა გაგვიჭირდეს. უკანასკნელი 12 შეხვედრიდან მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით. თავდაპირველად, ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ მდგომარეობა.
- ლაშა შინდაგორიძე ერთი თვეა, რაც კლუბში ჩაირიცხა. გვითხარით, მის მიმართ როგორ გაჩნდა ინტერესი?
- მთავარი მწვრთნელის დიდი სურვილი იყო, რომ ლაშა თავის რიგებში ეხილა. ადგილობრივებს ჰქონდათ მასზე ინფორმაცია, გარკვეული კონსულტაციები ჩემთანაც გაიარეს. ისიც ვუთხარი, რომ ამ სკოლისა და კლუბის აღზრდილი ვარ.
"საბურთალოს" ჩემ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის-მეთქი. ამის მერე გადაწყვიტეს "საბურთალოსთან" დაკავშირება და ტრანსფერიც შედგა. ლაშა ზუსტად ისეთი სტილის ფეხბურთელია, როგორიც გუნდს სჭირდებოდა. ტესტებმა აჩვენა, რომ შინდაგორიძე გუნდში ყველაზე სწრაფია.
უნგრეთში ლეგიონერებზე თამაში შეზღუდულია, მხოლოდ 3 ფეხბურთელის თამაშის უფლება გაქვს. თუ ისე მოხდა, რომ კლუბმა 3-ზე მეტი ფეხბურთელი გაიყვანა მინდორზე, მაშინ კლუბს ჯარიმის გადახდა უწევს, ჯარიმა კი საკმაოდ სოლიდურია. გუნდს მხოლოდ 5 ლეგიონერის გაყვანა შეუძლია მინდორზე იმ შემთხვევაში, თუ მეტოქე გასული სეზონის ოთხეულის ბინადარია.
- "ბალმაზუივაროშთან" რომელ წლამდე გაკავშირებთ კონტრაქტი?
- 2019 წლამდე. ახლა მთლიანად ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული. სეზონი ახალი განახლებულია და ჩვენი დასახული ამოცანა უნდა შევასრულოთ, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. არაფერს არ გამოვრიცხავ სეზონის დასრულების შემდეგ.
- შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოს ჩემპიონატს თვალს თუ ადევნებთ?
- როცა დრო მაქვს, ვუყურებ ხოლმე მატჩებს. ვერ ვიტყვი, რომ ყველას, თუმცა "დინამო"-"საბურთალოსა" და ცენტრალურ შეხვედრებს ვუყურებ.
- ბავშვობის დიდი ნაწილი "საბურთალოში" გაატარეთ. რას იტყვით ამ კლუბზე, რომელიც წლეულს უძლიერესთა შორის მეოთხე სეზონს იწყებს?
- სამწუხაროდ, "საბურთალოსთან" ერთად უმაღლეს ლიგაში არ მითამაშია, მაგრამ კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ კლუბთან. სწორედ თბილისურ კლუბში განვვითარდი და ჩამოვყალიბდი, როგორც ფეხბურთელი.
ვხედავ, რომ "საბურთალო" ეტაპობრივად წინ მიიწევს, როგორც თამაშის ხარისხით, ასევე შედეგებით. გასულ წელს კლუბს ცოტა დააკლდა, რომ ევროტურნირებზე მოხვედრილიყო. ძალიან ვგულშემატკივრობ - მინდა, წლეულს წარმატებები და ევროსარბიელზე მოხვედრა ვუსურვო. ეს ფაქტორი კლუბს კიდევ უფრო განავითარებს.
მინდა აღვნიშნო, რომ "საბურთალოს" საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი ჰყავს - გიორგი ჭიაბრიშვილი. "საბურთალოში" ირიცხებიან პერსპექტიული ფეხბურთელები. კლუბის ხელმძღვანელებს ფეხბურთისადმი სწორი და გამორჩეული მიდგომა აქვთ, რომლებმაც იციან ფეხბურთელის ფასი.
- ბოლოს საქართველოში "საბურთალოდან" "დინამოში" გადახვედით. თქვენი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ რამდენჯერმე ითამაშეთ და გოლებიც გაიტანეთ. შინაგანად რას გრძნობდით?
- ამ საკითხს პროფესიონალურად ვუდგები - სადაც ვთამაშობ, იმ გუნდისთვის ბოლომდე ვიხარჯები. თუმცა, თამაშისას მქონდა ის შეგრძნება, რომ იმ კლუბის წინააღმდეგ ვთამაშობდი, რომელსაც ჩემ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. "საბურთალოს" მიმართ ყოველთვის მქონდა მადლიერების გრძნობა და ასე იქნება ბოლომდე.
- ეროვნული ნაკრების მატჩები ახლოვდება. ვინმე ხომ არ დაგკავშირებიათ?
- ჩემი საქმეა, ფეხბურთი ვითამაშო. ამისთვის ბევრს ვშრომობ. თუ დამიკავშირდებიან, რა თქმა უნდა, გამეხარდება.