ქართველი ლეგიონერების 10 საუკეთესო ტრანსფერი ზამთარში

AutoSharing Option
2018 წლის ზამთრის ფანჯრის დროს ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა გამოიცვალა გუნდი და სხვადასხვა ქვეყანას მიაშურა. ზოგიერთი ფეხბურთელის არჩევანმა ბევრი კითხვის ნიშანი გამოიწვია, ხოლო ზოგმა არცთუ ისე ცუდი ახალი ასპარეზი იპოვა.

გთავაზობთ 2018 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 10 საუკეთესო ქართულ ტრანსფერს.

10. გუგა ფალავანდიშვილი - ქუთაისის"ტორპედო" - "პოძებისკიე" (პოლონეთი, რანგით მე-2 ლიგა, მე-12 ადგილი) - გუგას გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, საქართველოს ჩემპიონიდან პოლონეთის მეორე ლიგაში გადაბარგება, თუმცა, როგორც ფალავანდიშვილი ამბობს, ამ კლუბიდან უფრო მეტი შანსი აქვს კარგ გუნდში მოხვედრის.

9. ლაშა შინდაგორიძე
- "საბურთალო" - "ბალმაზივაროში" (უნგრეთი, 1 ლიგა, მე-9 ადგილი) - ამ კლუბში ლაშა მე-3 ქართველია. ის თავის გადაწყვეტილებას ასე ხსნის: "ყოველთვის ძალიან მსურდა საქართველოდან წასვლა. ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატიდან წასვლა ძალიან რთულია და როდესაც გუნდი გამომიჩნდა, წავედი. ამ საქმეში "საბურთალოც" გვერდში დამიდგა".

8. ჯაბა ჯიღაური - "ვარდარი"- "აქტობე" (ყაზახეთი, პრემიერლიგა, მე-9 ადგილი) - კიდევ ერთი მოულოდნელობა ჯიღაურის ყაზახეთში გადაბარგება იყო. ყველა ველოდით, რომ "ვარდარის" შემდეგ სხვა ევროპულ კლუბში ვიხილავდით. თუმცა აქ ალბათ ფინანსური ინტერესიცაა, რადგან ყაზახეთის წინა სეზონის ნაკლებად წარმატებულ გუნდში გადასვლა არც ისე კარგი ნაბიჯია.

7. ჯაბა კანკავა - თავისუფალი აგენტი - "ტობოლი" (ყაზახეთი, პრემიერლიგა, მე-5 ადგილი) - საქართველოს ნაკრების კაპიტანმაც ყაზახეთი არჩია. ამ კლუბში უკვე ელოდა ნიკა კვეკვესკირი. ეს ტრანსფერიც ფინანსური ინტერესით შეგვიძლია ავხსნათ, რადგან ჯერ კიდევ შეუძლია ჯაბას უკეთეს კლუბში თამაში.

6. ვლადიმერ დვალიშვილი - "ატირაუ"- აშკელონის "ჰაპოელი" (ისრაელი, 1 ლიგა, მე-13 ადგილი) - დვალიშვილს კარგად იცნობენ ისრაელში. დვალიშვილს ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა ყაზახურ "ატირაუში" და მისი შედარებით უკეთეს ჩემპიონატში მოხვედრა მოულოდნელი იყო.

5. ნიკა სანდოხაძე - "სამტრედია"-"კარპატი" (უკრაინა, პრემიერლიგა, მე-9 ადგილი) - იმის მიუხედავად, რომ უკრაინის ჩემპიონატი ომმა მკვეთრად დააზარალა, ადგილობრივი ჩემპიონატი გაცილებით მაღლა დგას ჩვენს პირველობასთან. ის რად ღირს, რომ "შახტარს" შანსი აქვს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში იასპარეზოს. სანდოხაძე კი ის თაობაა, რომელმაც ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოიჩინა თავი, თუმცა შემდეგ ნაკლებად განვითარდა, ახლა კი შანსი აქვს, ახალ ასპარეზზე გამოიჩინოს თავი.

4. ირაკლი სიხარულიძე - "ლოკომოტივი" - "სლოვაცკო" (ჩეხეთი, 1 ლიგა, მე-14 ადგილი) - სიხარულიძემ იმის ნახევარი რომ გააკეთოს ჩეხეთში, რაც ეროვნულ ლიგაში გააკეთა, მალევე მოხვდება წამყვან კლუბში. 27 წლის თავდამსხმელისთვის ეს გამოწვევაა, რადგან შეუძლია დაამტკიცოს, რომ მარტო საქართველოში არ იყო საუკეთესო.

3. გიორგი ხარაიშვილი - "საბურთალო"- "გეტებორგი" (შვედეთი, 1 ლიგა, მე-10 ადგილი) - ხშირად იწერებოდა, რომ გიორგი ხარაიშვილი კლუბს გამოიცვლიდა და ევროპულ ჩემპიონატში გადაბარგდებოდა. ცოტა ხნის წინ კი ასეც მოხდა და ახალგაზრდა ნიჭიერმა ფეხბურთელმა სკანდინავიას მიაშურა. შვედეთი ნამდვილად დაეხმარება ხარაიშვილს საფეხბურთო თვალსაზრისით გაზრდაში, რადგან ეს ის ქვეყანაა, რომელმაც იტალია პლეი-ოფში ჩატოვა და მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. ნაკრების დიდი ნაწილი კი ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს. ხოლო "გეტებორგი" შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია.

2. ვაკო გვილია - ბატე - "ლუცერნი" (შვეიცარია, სუპერლიგა, მე-7 ადგილი) - ბოლო ნახევარი წელი უთამაშებლობის შემდეგ გვილია მოედანს შვეიცარიაში დაუბრუნდა. ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს ბატე არ ათამაშებდა და ამის მიზეზი ვაკოს მიერ ნაკრებზე გაკეთებული არჩევანი იყო.  გვილია გუნდს კარგად შეეწყო და შესანიშნავ ფორმაში შედის.

1. გიორგი მაკარიძე - "მორეირენსე"-"რიო ავე" (პორტუგალია, პრემიერლიგა, მე-5 ადგილი) - საქართველოს ნაკრების მეკარეც ბოლო ნახევარი წელია უთამაშებელი იყო. მაკარიძეს "მორეირენშეს" ხელმძღვანელობასთან ზაფხულში ურთიერთობა დაეძაბა. პორტუგალიის ბოლოადგილოსანი გუნდიდან მეხუთეადგილოსანში გადასვლა ძალიან კარგი არჩევანია. ახლა მთავარია, მაკარიძემ "რიო ავეში" პირველი მეკარის სტატუსი მოიპოვოს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბანგლადეშის ჩემპიონატს ჯობია ვითომ საქ ეროვნული ლიგა?
ბაჩო გ
22:48 11-03-2018
0
ხარაიშვილმა და გვილიამ გააკეთეს შედარებით ნორმალური არჩევანი დანარჩენებმა უკან გადადგეს ნაბიჯი ალბათ ასი დოლარის გამო ფულის მეტი აეაფერი ადარდებთ ამათ
ტოტტი
21:49 03-03-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული