ლეგიონის უქმეები: ვაკო ყაზაიშვილის შესანიშნავი დასაწყისი და ჯანო ანანიძის დაბრუნება [VIDEO]

AutoSharing Option
გასული უქმეები ნაყოფიერი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის. გატანილი გოლითა და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა ვაკო ყაზაიშვილი. გოლი გაიტანა ასევე ზაქარია ბეგლარიშვილმაც. განახლებულ რუსეთის ჩემპიონატში კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს ჯანო ანანიძე დაუბრუნდა...

ამერიკის ახლად დაწყებულ ჩემპიონატში ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ვაკო ყაზაიშვილმა. "სან ხოსეს" ქართველმა ნახევარმცველმა "მინესოტასთან" მოგებულ შეხვედრაში (3:2) გოლიც გაიტანა და ორი შედეგიანი პასიც გააკეთა.

25 წლის ყაზაიშვილი კრის ვუნდულოვსკის ჩაწოდებულს პირველი დაუხვდა და მეკარის კარში უპრობლემოდ გადაგზავნა. "სან ხოსეს" რიგებში ეს მისთვის მე-5 გატანილი გოლი აღმოჩნდა.

ამერიკის ჩემპიონატის მე-2
ტურში ყაზაიშვილის გუნდი 18 მარტს "კანზას სიტის" ეწვევა.


ჰოლანდიის ჩემპიონატის 26-ე ტურში გურამ კაშიას "ვიტესმა" არნემში "აიაქსი" 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა, რომელსაც 25 500-იან სტადიონზე 19 876 მაყურებელი დაესწრო, კაშიამ შეუცვლელად ჩაატარა და მისი პასით 71-ე წუთზე ბრიან ლინსენმა გოლი გაიტანა.

"ვიტესი" 41 ქულით მე-6 ადგილზეა და 11 მარტს სტუმრად "უტრეხტს" ხვდება.


ბელგიის ჩემპიონატში "გენტის" ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძე. ქართველმა ნახევარმცველმა 67 წუთი ითამაშა და შემდეგ ფრანკო ანდრიასევიჩით შეცვალეს.

"გენტმა" კი სენსაციურად, საშინაო მატჩი "ოოსტენდესთან" 2:3 დათმო. ჩაკვეტაძის გასვლისას კი ანგარიში 0:1 იყო. ქართველის გუნდი მომდევნო ტურში, 11 მარტს "გენკს" ეწვევა.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია "სარაგოსას" ქართველ ნახევარმცველ გიორგი პაპუნაშვილს. მისმა კლუბმა კი გასვლით შეხვედრაში "ნუმანსია" 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ეს "სარაგოსას" ზედიზედ მე-4, ხოლო ბოლო 6 შეხვედრიდან მე-5 წარმატებული მატჩი იყო. პაპუნაშვილის გუნდი 43 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

პრიმერა დივიზიონში გადამსვლელ პლე-ოფის ზონას "სარაგოსას" 3 ქულა აშორებს, ხოლო პირდაპირ გადამსვლელ ადგილს - 8 ქულა. პაპუნაშვილის გუნდი 11 მარტს "ლორკას" უმასპინძლებს.

მორიგი მარცხი განიცადა გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკომ". ანდალუსიელები საშინაო მატჩში "ხიხონთან" 0:1 დამარცხდნენ. ქართველი ნახევარმცველი ძირითადში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.

"სევილია ატლეტიკო" 16 ქულით ბოლო პოზიციაზე იმყოფება და უიმედო აუტსაიდერია.

მარცხი განიცადა ასევე ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმაც". ტარაგონელებს საშინაო შეხვედრაში "ტენერიფემ" მოუგო (2:1). ქართველმა მცვლელმა შეუცვლელად ითამაშა.

"ხიმნასტიკი" 33 ქულით მე-18 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს.

პორტუგალიის ჩემპიონატში კვლავ არ უთამაშია გიორგი მაკარიძეს. ქართველი მეკარე ამჯერად "რიო ავეს" განაცხადშიც კი არ ყოფილა. მისი კლუბი კი "სეტუბალთან" გასვლით შეხვედრაში 0:1 დამარცხდა. 37 ქულით "რიო ავეს" მე-5 პოზიცია უკავია და 10 მარტს "ფეირენსეს" უმასპინძლებს.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში გადასვლის შანსებს იმცირებს ავთო ებრალიძის "ვიზეუ", რომელიც სახლში "ოლივეირენსესთან" 0:2 დამარცხდა. ებრალიძემ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

"ვიზეუს" 41 ქულით მე-6 პოზიცია უკავია, პრიმეირა ლიგაში გადამსვლელ ზონას 5 ქულა აშორებს და მომავალ ტურში, "პორტოს" მეორე გუნდს ესტუმრება.

შვეიცარიის ჩემპიონატის 24-ე ტურში ვაკო გვილიას "ლუცერნი" სტუმრად "სიონს" დაუზავდა - 1:1. ეს შეხვედრა ვაკომ შეუცვლელად ჩაატარა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ლუცერნი" 31 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და 11 მარტს "ბაზელს" მასპინძლობს.


უკრაინის ჩემპიონატის 22-ე ტურში დონეცკის "შახტარმა" ლვოვში 3:0 დაამარცხა "კარპატი".

მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ნიკა სანდოხაძემ, ხოლო "მეშახტეთა" რიგებში დისკვალიფიკაციის გამო ვერ იასპარეზა დავით ხოჭოლავამ, რომელსაც წინა შეხვედრაში მიღებული ყვითელი ბარათის გამო გაფრთხილების ლიმიტი ამოეწურა.


უკრაინის ჩემპიონატის 22-ე ტურში პოლტავის "ვორსკლამ" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა ოდესის "ჩერნომორეცი" და 37 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

მატჩის წინ მოედანი ძლივს გაწმინდეს თოვლისაგან, გაზონი მძიმე იყო, თუმცა ამას მასპინძელთა ქართველი ლეგიონერისთვის, სანდრო კობახიძისათვის ხელი არ შეუშლია. ის თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ანგარიში მე-17 წუთზე მის მიერ წამოწყებული სწრაფი კომბინაციის შემდეგ გაიხსნა, ხოლო 45-ე წუთზე მან საჯარიმოში განივი გადაცემა გააკეთა და ევგენი ზუბეიკომ გოლი საკუთარ კარში გაიტანა. კობახიძე 85-ე წუთზე ანდრო გიორგაძემ შეცვალა.

პოლონეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლამ" ნიეჩიზაში 2:1 დაამარცხა "ტერმალიკა".

გამარჯვების გოლი 83-ე წუთზე გიორგიმ გაიტანა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 41-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან ამ სეზონში ექსტრაკლასაზე 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ვისლა" 39 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა და 10 მარტს ნიკა კაჭარავას "კორონას" მასპინძლობს.

რაც შეეხება "ტერმალიკას" ნახევარმცველ ნიკა კვანტალიანს, მატჩის განაცხადში არ ყოფილა.


საგარეო მატჩში ნიკა კაჭარავას "კორონას" დაუზავდა (0:0) ლაშა დვალის "პოგონი". ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და შეუცვლელად ითამაშა.

რაც შეეხება კაჭარავას, მანაც შეუცვლელად იასპარეზა. "პოგონს" 25 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 პოზიცია უკავია. "კორონა" კი 40 ქულით მეხუთეა.

გასვლით შეხვედრაში "კრაკოვიასთან" 1:2 დამარცხდა ლუკა ზარანდიას "არკა". ქართველი განაცხადში არ გახლდათ. მისი კლუბი კი 34 ქულით მე-9 პოზიციაზეა.

ავსტრიის ჩემპიონატში საგარეო მარცხი (0:1) განიცადა გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა". ვენელებზე უკეთესი "ზალცბურგი" აღმოჩნდა. ქვილითაია ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 58-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 0:0 იყო.

"რაპიდს" 39 ქულა აქვს და მე-4 პოზიცია უკავია, რითაც ევროპის ლიგის პლეი-ოფში თამაში შეეძლება.

დანიის ჩემპიონატში საბა ლობჟანიძის "რანდერსი" საშინაო მატჩში "ნორდიეისლანდთან" განადგურდა (0:3). ქართველი განაცხადში არ გახლდათ, მისი "რანდერსი" კი 17 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

რუსეთის ჩემპიონატში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ჯანო ანანიძე. მისი "სპარტაკი" კი საბა კვირკველიას "ლოკომოტივს" დაუზავდა (0:0).

ქართველი ნახევარმცველი თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო. რაც შეეხება კვირკველიას, მან შეუცვლელად იასპარეზა. "ლოკომოტივი" 46 ქულით პირველია, "სპარტაკი" 38 ქულით - მესამე.

ყაზანის "რუბინთან" საშინაო მატჩში ფრე (1:1) ითამაშა გიორგი ლორიას "ანჟიმ". ქართველმა მეკარემ შეუცვლელად იასპარეზა. "ანჟი" 20 ქულით მე-15 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონაშია.

ჩემპიონატში უპირობო აუტსაიდერია გიორგი ნავალოვსკის "სკა". ხაბაროვსკელები საშინაო მატჩში "ტოსნოსთან" 0:1 დამარცხდნენ. ქართველი მცველი სათადარიგოთა შორის გახლდათ და თამაშში არ ჩართულა. "სკას" 12 ქულით ბოლო, მე-16 პოზიცია უკავია.

გროზნოს "ახმატი" დაამარცხა საშინაო მატჩში გია გრიგალავას "არსენალმა" (1:0). ტულელთა შემადგენლობაში ქართველმა მცველმა შეუცვლელად იასპარეზა და ყვითელი ბარათიც მიიღო. "არსენალი" 28 ქულით მეშვიდეა.

მოსკოვის "დინამოს" დაუზავდა საშინაო მატჩში (1:1) ჯიმი ტაბიძის "უფა". ქართველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მისი გუნდი კი 28 ქულით მეექვსეა.

ჯერჯერობით კვლავ ტრავმირებულია და არ უთამაშია თორნიკე ოქრიაშვილს. მისმა "კრასნოდარმა" კი სახლში "როსტოვს" 3:1 მოუგო. "კრასნოდარი" 39 ქულით სატურნირო ცხრილში მეორეა.

მოსკოვის ცსკ-სთან საგარო მატჩში (0:1) დამარცხდა გიორგი ჭანტურიას "ურალი".  ქართველი სათადარიგოთა შორის გახლდათ და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო. "ურალს" 25 ქულით მე-10 პოზიცია უკავია.

უნგრეთის ჩემპიონატში საშინაო მატჩში "პაკსთან" ნულოვანი ფრე ითამაშა ქართველების "ბალმაზიუვაროშმა". ბაჩანა არაბული ძირითადში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს, ლაშა შინდაგორიძე 79-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ირაკლი მაისურაძე სათადარიგოთა შორის დარჩა.

"ბალმაზიუვაროშს" 23 ქულა აქვს და მე-10 პოზიციაზე იმყოფება.

ტრავმის გამო კვლავ არ უთამაშია ირაკლი სიხარულიძეს, რომლის "სლოვაცკოც" "სიგმასთან" 0:1 დამარცხდა. "სლოვაცკო" 16 ქულით მე-15 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

ესტონეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "ფლორამ" ტალინში "ტულევიკი" ქართველი ფორვარდის, ზაქარია ბეგლარიშვილის მიერ 45-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.

ბეგლარიშვილი ესტონეთის ოთხგზის ჩემპიონია, გასულ სეზონში კი 33 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ბოლო დროს მოუმატეს თამაშს ჩვენმა ლეგიონერბმა. ალბათ დანაშაული იქნება რომ ამ ლეგიონერებით ვერ დავამარცხოთ ყაზახეთი,ლატვია,აზერბაიჯანი და მსგავსი გუნდები. გასაკვირი იქნება მოსკოვის სპარტაკის,დონეცკის შახტარის,ლოკომოტივის,კრასოდარის,გენტის,ვიტესის,ლუცერნის,ემპოლის,ვენის რაპიდის,რიუ ავეს,ხიმნასტიკის,სარაგოსას,სან ხოსეს,კორონას კლუბების წევრმა ფეხბურთელებმა ვერ დაამარცხონ ყაზახები,აზერები და მსგავსი ნაკრებები. ამ შემთხვევასი უკვე ყველაფერი მწვრთნელზე არის დამოკიდებული. ვაისმა არ უნდა დაგვაღალატოს!
kika
13:01 05-03-2018
0
გვილიას პასი დიდებული იყო
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული