"სარაგოსას" დირექტორი: გიორგი პაპუნაშვილი განსაკუთრებული ფეხბურთელია და უფრო მეტი სურს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Marca.com-ი "სარაგოსასა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი პაპუნაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"პაპუს ახლა შეუძლია კვლავ გაიღიმოს. მისი ადაპტაცია ესპანურ ფეხბურთთან თითქმის დამთავრებულია და ეს მან "სარაგოსას" მაისურით გატანილი მეორე გოლითაც დაამტკიცა.

ქართველმა მაისურზე გამოსახულ გუნდის გერბს რამდენჯერმე აკოცა. თამაშის შემდეგ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

"ვამაყობ, რომ "სარაგოსელი" ვარ. შეუძლებელი არაფერია და ჩვენ ერთად წარმატებისთვის ვიბრძოლებთ".

თითქმის ორი თვე გავიდა, რაც პაპუმ მატჩი ძირითადში დაიწყო. იგი კლუბის მწვრთნელმა დისკვალიფიცირებული ხორხე პომბოს ნაცვლად დააყენა.

საბედნიეროდ, პაპუ "სარაგოსაში"
თავს ყოველდღიურად უფრო და უფრო კარგად გრძნობს. ის გასულ ზაფხულს იმ ილუზიით ჩამოვიდა, რომ მის საოცნებო ჩემპიონატში წარმატებას მიაღწევდა.

როდესაც, "სარაგოსას" სპორტული დირექტორი ლალო არანტეგუი თბილისში გიორგის სანახავად და მისთვის გუნდის პროექტის საჩვენებლად ჩავიდა, გიორგიმ უთხრა, რომ "სარაგოსაში" თამაში სურდა და მის გონებაში სხვა არაფერი ტრიალებდა.

ლალო არანტეგუი ამბობს: "ჩვენ ჩავედით თბილისში, რათა პაპუნაშვილი უკეთ გაგვეცნო. გვსურდა, გაგვეგო, რა სურდა კლუბისგან და მისთვის ჩვენი გეგმა წარგვედგინა.

მან გვითხრა, რომ მხოლოდ "სარაგოსას" წინადადებას განიხილავდა. სხვა ესპანური კლუბი მას უფრო კარგ პირობებს სთავაზობდა, მაგრამ პაპუმ ჩვენ აგვირჩია".

ქართველმა გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ლალო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ფეხბურთელისთვის ადაპტაციის პერიოდი ყოველთვის მნიშვნელოვანია.

"ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. ახლა პაპუ ესპანური ფეხბურთის იდეის ძიებაშია. მან მხოლოდ 18 შეხვედრაში ითამაშა და აქედან ძირითადი მხოლოდ 8 შემთხვევაში დაიწყო.

ჩემპიონატში მის ანგარიშზე 2, ხოლო თასზე 1 გატანილი გოლია, თუმცა პაპუნაშვილს ამით დაკმაყოფილება არ სურს და მას უფრო დიდი მიზნები აქვს", - აღნიშნავს ლალო არანტეგუი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი უფალი შენკენ, დალოცვილი იყავი და მაგ ქვეყნის ტოპ გუნდებში ჩაგემთავრებინოს საფეხბურთო კარიერა. გვახარებს შენი კარგი ამბების გაგება.
gizog
16:57 13-03-2018
0

სიახლეები პოპულარული