ვაკო გვილია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთ დღესაც ტურინის "იუვენტუსში" ვითამაშო

AutoSharing Option
ვაკო გვილია საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. როგორც თავად 23 წლის ნახევარმცველმა გვითხრა, ის თავდასხმასა და დაცვას შორის ერთგვარ ბალანსს ახდენს.

ვაკომ ესტონეთთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ლიტვასთან კი შეუცვლელად იასპარეზა.

გვილია "ლუცერნში" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა და შვეიცარიის ჩემპიონატის სიმბოლურში ზედიზედ სამჯერ მოხვდა.

Sportall.ge ფეხბურთელს შვეიცარიაში დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების თამაშს ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში?
- ბოლო ორ შეხვედრას დადებითად შევაფასებდი. ხარისხთან ერთად ორივე მატჩში იმ შედეგს მივაღწიეთ, რომელიც ჩვენ გვსურდა.

ორივე
შეხვედრაში ვიყავით თავდაჯერებულები და ვანახეთ კარგი და ლამაზი ფეხბურთი. რაც მთავარია, გავახარეთ ქართველი ხალხი.

- რა როლი დაგაკისრათ ვლადიმირ ვაისმა ნაკრებში და გქონდათ თუ არა განსხვავებული სამუშაო შესასრულებელი, ვიდრე კლუბში აკეთებთ?
- კლუბში უფრო 10 ნომრის პოზიციაზე მიწევს თამაში თავდამსხმელების უკან და უფრო მომენტების შექმნაზე ვარ კონცენტრირებული.

ნაკრებში ცოტა სხვა ფორმაციით ვთამაშობთ... ერთი საყრდენითა და ორი შემტევი ნახევარმცველით.

ნაკრებშიც ჩემი მთავარი მოვალეობა არის, გამჭოლი პასებით თავდამსხმელებს კარგი მომენტები შევუქმნა, მაგრამ ამასთან ერთად, უნდა დავეხმარო დაცვასაც. ანუ ბალანსი უნდა მოვახდინო დაცვასა და თავდასხმას შორის...

- აშკარაა, რომ ნაკრებმა ამ ორ შეხვედრაში უკეთესად ითამაშა. თქვენი აზრით, ეს იყო სუსტი მოწინაღმდეგის დამსახურება თუ ნაკრები პროგრესირებს?
- ვფიქრობ, რომ ნაკრები პროგრესირებს და ამას ყველა ხედავს. მთავარია, გავაგრძელოთ მუშაობა, კიდევ უფრო მოვუმატოთ და ბევრი ვიმუშაოთ.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს, ისინი რეიტინგში ჩვენზე მაღლა არიან. სტატისტიკური მონაცემებით, შესაძლოა, ჩვენზე მაღლა იყვნენ, მაგრამ ჩვენ ისინი ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ.

- ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კარგი შედეგი იმან მოიტანა, რომ ბევრი ფეხბურთელი თავის კლუბში თამაშობს და სათამაშო პრაქტიკა აქვს...
- რა თქმა უნდა, სათამაშო პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ფეხბურთელი თამაშობს, ის ტონუსშია და ბევრად უფრო თავდაჯერებულია.

ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა... მაგალითად, როდესაც ძირითად "ბატეში" სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, მეორე გუნდში ვასპარეზობდი და ვცდილობდი, ფორმა შემენარჩუნებინა, რადგან ნაკრების თამაშებისთვის ფორმაში ვყოფილიყავი. დუბლებში თამაშსა და მაღალ დონეზე ასპარეზობაში დიდი განსხვავებაა.

- უახლოეს ორ ამხანაგურ მატჩს საქართველო მალტასთან და ლუქსემბურგთან გამართავს. როგორ ფიქრობთ, ჯობდა უფრო ძლიერ მეტოქეებთან გვეთამაშა თუ ერთა ლიგის დაწყებამდე სუსტ მეტოქეებთან სჯობს ასპარეზობა?
- სამწვრთნელო შტაბმა ასეთი გუნდები უბრალოდ არ შეარჩია. პრაქტიკა უნდა გვქონდეს ისეთ გუნდებთან თამაშის, რომლის დონეც დაახლოებით ისეთია, როგორც ერთა ლიგის ჯგუფში.

ეს თამაშები იმისთვისაა, რომ ვისწავლოთ პირველ ნომრად თამაში და კიდევ უფრო კარგად შევთამაშდეთ.

- ერთა ლიგას ყაზახეთში გასვლითი თამაშით ვხსნით. ფეხბურთში დასაწყისი ყოველთვის მნიშვნელოვანია. როგორ ფიქრობთ, რა დატვირთვა ექნება პირველ თამაშს და როგორ თამაშს ელოდებით ყაზახეთში?
- რა თქმა უნდა, პირველი თამაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ყაზახეთის ნაკრები ისეთი გუნდია, რომელიც სულ იბრძვის და მინდორზე არ გასუნთქებს.

უნდა გვქონდეს უფრო მეტი მონდომება, ვიყოთ უფრო მეტად კონცენტრირებულნი და ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი, რომელიც ვანახეთ ლიტვასთან და ესტონეთთან... ასევე, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც.

აუცილებლად უნდა ვიყოთ ზემოტივირებულნი და მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- ქართველი გულშემატკივრისთვის ოცნებაა თავისი ნაკრების დიდ საფეხბურთო ფორუმებზე ხილვა. როგორ ფიქრობთ, კიდევ დიდხანს მოუწევთ მათ ლოდინი თუ ნაკრები ამას მალევე მოახერხებს?
- ვიცით, რომ ქართველი გულშემატკივარი ძალიან მოწყურებულია და ძალიან უნდა დიდ საფეხბურთო ფორუმებზე თავისი ნაკრების ხილვა.

ის გუნდი, რომელსაც ახლა საქართველოს ნაკრებს წარმოადგენს, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გავიდეს დიდ საფეხბურთო ფორუმებზე და ეს არის ჩვენი ოცნება! იმედი მაქვს, გულშემატკივარს დიდხანს ლოდინი არ მოუწევს.

ამ შედეგის მისაღწევად კი უზარმაზარი შრომის გაღებაა საჭირო.

- საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი თაობა წამოვიდა: თქვენ, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელები. როგორ ფიქრობთ, შეუძლია თუ არა თქვენს თაობას უკეთესი შედეგი დადოს, ვიდრე ლევან კობიაშვილის, შოთა არველაძისა და კახა კალაძის თაობამ მიაღწია?
- ჩვენი თაობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გავიდეს დიდ საფეხბურთო ფორუმებზე და ეს არის ჩვენი ოცნება. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, რა და როგორ იქნება.

- გადავიდეთ "ლუცერნზე"... აშკარაა, რომ გუნდს შესანიშნავად შეეწყვეთ, სამჯერ მოხვდით შვეიცარიის ჩემპიონატის სიმბოლურში...
- "ლუცერნში" ყველაფერი შესანიშნავად მიდის, მთლიანად გუნდმა და სტაფმა შესანიშნავად მიმიღო. ეს ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ამ გუნდში უკვე დიდი ხანია ვთამაშობდე. საკუთარი თამაშის შეფასება არ მიყვარს, ეს უფრო მწვრთნელის და გულშემატკივრის გასაკეთებელია.

უბრალოდ, ვცდილობ, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო და რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო.

- "ლუცერნის" მწვრთნელმა თქვენ შესახებ განაცხადა, რომ კრეატიული მოთამაშე ხართ...
- ძალიან ჭკვიანი და ძლიერი მწვრთნელი გვყავს. ის ახლახან გადმოიყვანეს დუბლებიდან და მისთვისაც პირველი გამოწვევაა.

პირველი 9 თამაშიდან 6 მოვიგეთ, 2 ფრედ დავასრულეთ და ერთში დავმარცხდით. ის ძალიან კარგი ტაქტიკოსი, მოტივატორია, თან 5 ევროპული ენა იცის, რაც ძალიან უადვილებს კომუნიკაციას ფეხბურთელებთან.

ასეთ მწვრთნელს რომ ხედავ, კიდევ უფრო გინდა მოუმატო და მოლოდინი გაუმართლო.

- რა მოთხოვნებია შვეიცარიაში, ბელორუსისგან განსხვავებით?
- პირველი, თვალში რაც მომხვდა, შვეიცარიაში ძალიან დიდი სისწრაფეებია და თამაში თითქმის არ ჩერდება. აქ ფეხბურთელები მეუბნებიან და ხალხიც ამბობს, რომ შვეიცარიული და გერმანული ფეხბურთი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

შემიძლია ვთქვა, რომ მათ შორის სხვაობა, როგორც ცა და მიწა, ისეა. ბელორუსში არის ერთი გუნდი ბატე, რომელიც დომინირებს.

აქ კი შეიძლება პირველადგილოსანს მოუგო და მე-9 პოზიციაზე მყოფთან გაგიჭირდეს.

- რა მოგცათ ბატეში გატარებულმა პერიოდმა?
- ბატეში ჩემი ცხოვრების მთავარი ოცნება ავიხდინე, რადგან საქართველოს ნაკრებში მოვხვდი, რისთვისაც ამ გუნდის ძალიან მადლობელი ვარ. მერე იყო ის სიტუაცია, რომელზეც ბევრი ითქვა და დაიწერა.

დაახლოებით იგივე სიტუაცია მქონდა ბატეში, როგორც კვირკველიას "რუბინში", მაგრამ მან ეს გადალახა და რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდა.

მეც ამ დაბრკოლებამ კიდევ უფრო ძლიერი გამხადა. ასეთი დაბრკოლებები ადამიანს უფრო ძლიერს ხდის.

- ფაქტია, რომ შვეიცარიის ჩემპიონატი ბევრი ფეხბურთელისთვის ტრამპლინი ყოფილა. თქვენი კარიერაც კარგად მიდის. როგორ ფიქრობთ, ყველაფრის კარგად განვითარების შემთხვევაში, შეუძლია თუ არა ვაკო გვილიას დიდ ჩემპიონატებში ითამაშოს?
- რა თქმა უნდა, შვეიცარიის ჩემპიონატი ბევრი ფეხბურთელისთვის ტრამპლინი ყოფილა და აქ მოთამაშეებს ტოპ-ჩემპიონატების წარმომადგენლები აკვირდებიან.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ტოპ-ჩემპიონატში ვითამაშო, მაგრამ დღესდღეობით მთლიანად "ლუცერნზე" ვარ კონცენტრირებული.

- რომელია თქვენი ოცნების გუნდი?
- ბავშვობიდან ჩემი ოცნების გუნდი არის ტურინის "იუვენტუსი", ალესანდრო დელ პიერო კი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთ დღესაც "იუვენტუსში" ვითამაშო.

- დაბოლოს, რა არის ვაკო გვილიას მიზანი?
- ჩემი მიზანია, გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი, ვიყო კონცენტრირებული დღევანდელ დღეზე და გავაგრძელო მიზნების დასახვა. ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ეს მიზნები რეალობად იქცეს!

ჩემი კონკრეტული მიზანი სანაკრებო დონეზე კი დიდ საფეხბურთო ფორუმებზე თამაშია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ღმერთმა ხელი მოუმათოს ვაკოს
ჯიგარია
23:19 13-04-2018
0
ვაკო, დარწმუნებული ვარ, უკეთეს კლუბში გადავა.ახლა კი ამ სტატიის ავტორს მივმართავ.ბატონო ლაშა,"განახო" არ არის სწორი ფორმა.ნახეს და ნახვა მოუნდათ,უცხოსი სანახავისა,მაგრამ მე შენ გაჩვენებ თამაშასა.სწორი ფორმაა გაჩვენო.ვაკომ შესაძლოა ასე თქვას, მაგრამ თქვენ ან კორექტორი თუ გყავთ,უნდა შეასწოროთ.აქვე მეორე მსგავსი შეცდომაცაა გაპარული სიტყვა "რათას" სახით,იგი ნახმარია სიტყვა რადგან-ის მნიშვნელობით.ეს მხოლოდ თქვენთან რომ შემხვედროდა,ჩავთვლიდი რომ შეცდომა გაიპარა,მაგრამ ამ ორი სიტყვის არასწორი ხმარება რამის ნორმად იქცეს და ამიტომ ამოვიღე ხმა.იმედია არ მიწყენთ და გაითვალისწინებთ.
სოსო
16:57 13-04-2018
2

სიახლეები პოპულარული