"დიეგო სიმეონემ 5 ფეხბურთელი დაამატა, მათ შორის, მეც" - ლადო ჩიხრაძე "ატლეტიკოს" ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს

AutoSharing Option
"საბურთალოს" 17 წლის თავდამსხმელი ლადო ჩიხრაძე მადრიდის "ატლეტიკოს" 18-წლამდელთა გუნდს შეუერთდა, სადაც ერთი წლის განმავლობაში იასპარეზებს.

ახალგაზრდა ქართველი 2017 წლის ნოემბერში უკვე იმყოფებოდა ერთკვირიან სტაჟირებაზე ესპანურ გრანდში და მისი მიწვევა კიდევ ერთხელ, ამჯერად ერთი წლით გადაწყვიტეს.

"საბურთალოს" ოფიციალურმა გვერდმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

- ლადო, რამდენიმე კვირაა მადრიდში იმყოფებით და "ატლეტიკოს" ასაკობრივ გუნდში ირიცხებით. როგორ შეეწყვეთ?
- ყველაფერი ნორმალურადაა. უცხო გარემოში არ ჩამოვსულვარ. 2017 წლის ნოემბერში ერთი კვირით სტაჟირებაზე ვიყავი. ახლა ისე მოხდა, რომ კიდევ მომიწვიეს და აგრძელებენ
ჩემზე დაკვირვებას. საცხოვრებელ ბაზაზე ვცხოვრობ. ჩემთან ერთად ესპანეთის სხვადასხვა ქალაქიდანაც არიან ფეხბურთელები, თუმცა ლეგიონერი 18-წლამდელთა გუნდში, სადაც ვთამაშობ, არ ჰყავთ. რაც შეეხება სავარჯიშო ბაზას, 10 წუთის სავალზეა. პირველი და ასაკობრივი გუნდები ერთ ბაზაზე ვვარჯიშობთ.

- საწვრთნელ პროცესზე გვითხარით, დიდი დატვირთვებია?
- ძალიან სასიამოვნო ვარჯიშებია, აქცენტი ტექნიკაზეა გადატანილი - ბურთის სწორად მიღება, ერთი ფლანგიდან მეორეზე სწრაფად გადატანა, კვადრატები, კარში დარტყმა. ასევე ხშირია სხვადასხვა კომბინაციის დამუშავება.

- და ფიზიკური დატვირთვები?
- შაბათ-კვირას ოფიციალური მატჩებია. ისე ხდება, რომ დატვირთვები ორშაბათობითაა, სამშაბათს გუნდი ისვენებს ხოლმე, დანარჩენ დღეებში კი ბურთთან მიდის მუშაობა.

- "ატლეტიკოს" ასაკობრივ გუნდში როდემდე დარჩებით?
- 1 წელი აქ ვიქნები. ამ ხნის განმავლობაში კარგად დამაკვირდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თუ კარგად წარმოვაჩინე თავი, შემეძლება, რომ კარიერა ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლუბში გავაგრძელო.

- თქვენ შარშანაც იყავით "ატლეტიკოში", თუმცა მოკლე დროით. ალბათ, ახლა უფრო გაგიადვილდებოდათ...
- ჩამოსვლისას რამდენიმე ძველმა გუნდელმა მიცნო, ძალიან თბილად მიმიღეს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს სტაჟირებაზე ერთი კვირის განმავლობაში ვიყავი, ბევრს დავამახსოვრდი. შეიძლება ითქვას, უცხო გარემოში არ მოვხვედრილვარ.

- ენის პრობლემა არ გაქვთ?
- საქართველოში ყოფნისას ესპანურ ენას ვსწავლობდი. რაღაც დონეზე ვიცი ესპანური და ვგებულობ, რას ლაპარაკობენ. წიგნებიც მაქვს წამოღებული, თუ რამე ვერ გავიგე, წიგნებით ვხელმძღვანელობ. იმედი მაქვს, მალე უკეთესად მეცოდინება ენა.

- ცოტა ხნის წინ "ატლეტიკოს" მთავარ გუნდშიც მოგიწიათ ვარჯიში…
- "ეიბართან" 1:1 თამაშის მერე "ატლეტიკოს" მთავარ გუნდს ვარჯიში ჰქონდა. მწვრთნელმა რამდენიმე მათგანი დაასვენა. სრულყოფილი ვარჯიში რომ ჩატარებულიყო, დიეგო სიმეონემ 18-წლამდელთა გუნდიდან 5 ფეხბურთელი დაამატა, მათ შორის, მეც. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი დონის ვარსკვლავებთან მომიწევდა ვარჯიში. ძალიან ემოციური და ისტორიული დღე იყო. რაც შეეხება მეორე ვარჯიშს - მთავარი გუნდი ერთ-ერთი მატჩისთვის ემზადებოდა. ასე ვთქვათ, ორმხრივი მატჩი ვითამაშეთ ბაზაზე.

- "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი ხართ. როგორ გაიხსენებთ ამ გუნდში გატარებულ დროს?
- "საბურთალოში" 8 წელი ვთამაშობდი. ყველაფერი კარგად მახსენდება. "საბურთალოს" ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. თუ რამე ვისწავლე, ამ აკადემიაში. მართალია, ახლა ესპანეთში ვარ, მაგრამ თბილისში გატარებული დრო არასდროს დამავიწყდება. სწორედ "საბურთალოში" შემიყვარდა ფეხბურთი. ყოველდღიურ ინფორმაციას ვღებულობ ჩემს ყოფილ გუნდზე. ვნახულობ ვიდეოებს, ვებგვერდის მეშვეობით ვიგებ ახალ ამბებს. მინდა, წარმატებები ვუსურვო "საბურთალოს" მთავარ გუნდს, ასევე, ასაკობრივ გუნდებს. "საბურთალო" განვითარებული კლუბი და აკადემიაა.

altგიორგი ჯინჯოლავა: "საბურთალოში" ბევრი რამ ვისწავლე და ახლაც ვსწავლობ

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
მეტი ქართველი ასეთ კლუბებში და მე მგონი გვეშველება
დავითი
17:00 26-09-2018
0
დიდი ხანია ასეთი პოზიტიური ინფორმაცია და თან უტყუარი, არ გამიგია და ძაან გამახარა ამ ახალგაზრდას ამბავმა. ატლეტიკო დიდი გრანდია და ამ გუნდში თავის დამკვიდრება დიდი შრომას და ბევრი სირთულეების გადალახვას ნიშნავს. ჩვენი ყველას ვალია რომ ამ ნიჭიერ ბიჭს გვერდში დავუდგეთ და მუდამ ვაგრძნოვინოთ რომ საქართველო მის გვერდითაა. რადგან ეს მას დიდი სტიმულს და მოტივაციას მისცემს იმისათვის რომ თავი ასახელოს, და რაც მთავაია ასახელოს საქრთველო. "ჩიხო"( ვიცი რომ ასე გეძახიან)) აბ შენ იცი, გისურვებ წამატებებს! პირველ რიგში უნდა გახდე ისეთი ფეხბურთელი როგორიც შენ გინდა რომ იყო. დაისახე მიზანი და იარე შეუპვრად ამ მიზნის მისაღწევად. ვუერადები ამ კომენტარებს და მე როგორც ყოფილი ფეხბურთელი ასევე მეამაყები !
ლუკა
14:39 26-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული