ქართველი ფეხბურთელი იტალიაში: ახლა "მილანიდან" "ტორინოში" 1-წლიანი იჯარით ვარ

AutoSharing Option
ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, ბაჩანა არაბული, დავით ხოჭოლავა, გიორგი თევზაძე, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი ხარაიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ლადო ჩიხრაძე - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილები არიან და ახლა ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბებში ასპარეზობენ.

ამჯერად, მათ გზას გუკა ხვედელიძე შეუერთდა - 16 წლის ფეხბურთელი "საბურთალოს" 2002 წელს დაბადებულთა გუნდში თამაშობდა. თუმცა ხვედელიძე ცოტა ხნის წინ იტალიური "ტორინოს" 17-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა.

"საბურთალოს" ოფიციალურ საიტზე გუკა ხვედელიძესთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

- გუკა, როგორ შეეწყვეთ იტალიას,
ტურინს?

- თავდაპირველად, ცოტა სირთულეები იყო, თუმცა ახლა უკვე დავძლიე ეს ყველაფერი. ადაპტაციისთვის დიდი დრო რომ არ დამჭირდა, ადგილობრივების დამსახურებაა, რომლებმაც ყველანაირად ხელი შემიწყვეს.

- ბაზაზე ცხოვრობთ?
- დიახ, "ტორინოს" მთავარი გუნდის ბაზაზე ვცხოვრობ, რამდენიმე ლეგიონერთან ერთად, რომლებიც 17-წლამდელთა გუნდში თამაშობენ. ბაზაზე ყველანაირი პირობაა, როგორც დასასვენებელი, ასევე გასართობი. ყველაფერი გაწერილი მაქვს. ჩემთვის ძალიან სწრაფად გადის დრო.

- "ტორინოს" მთავარ გუნდთან ხშირი შეხება გაქვთ?
- იტალიის სერია A-ს ფეხბურთელებს, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვნახულობ. ვინც ბაზაზე ვცხოვრობთ, ხშირად ვესწრებით ვარჯიშებს. უფროსები გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებებს. მიხარია, რომ კარგ გარემოში მოვხვდი. ყველაფერს ვაკეთებ, რომ წარმატებული ფეხბურთელი გავხდე.

- "ტორინოსთან" გააფორმეთ კონტრაქტი?
- კონტრაქტი "მილანთან" მაქვს. იტალიაში "მილანში" ჩამოვედი, მაგრამ მათ საბუთების მოგვარება ვერ შეძლეს. შემდეგ "ტორინომ" ითავა თავის თავზე საბუთების მოწესრიგება და ახლა "მილანიდან" "ტორინოში" 1-წლიანი იჯარით ვარ.

- "საბურთალოში" შემტევ ნახევარმცველად თამაშობდით. "ტორინოშიც" ამ პოზიციაზე ირჯებით?
- დიახ, იტალიურ გუნდშიც შემტევ ნახევარმცველად ვთამაშობ. რამდენიმე მატჩის ჩატარება უკვე მოვასწარი. ვითამაშე - "ფიორენტინას", "იუვენტუსის", სამპდორიას", "სპეციასა" და "პარმას" 17-წლამდელთა გუნდების წინააღმდეგ.

- 17-წლამდელთა გუნდებშიც იგივე სათამაშო სტილია, რაც სერია A-ში?
- ფაქტობრივად, იგივეა. ძალიან უხეშები არიან, ვარჯიშებზე თუ თამაშებზე ბოლომდე იბრძვიან, გამძლეობასა და დაცვას დიდ ყურადღებას აქცევენ. განსაკუთრებული ყურადღება აქაც დაცვით ხაზზე აქვთ გადატანილი. მთავარია, გოლი არ გაუშვა, შეტევაზე მერე უნდა იფიქრო.

- თქვენს ასაკში საქართველოში ფიზიკურად ერთ-ერთი გამორჩეული იყავით. იტალიაში როგორაა?
- გუნდთან ერთად კარგი შეკრება გავიარე. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს თანატოლებს რამეში ჩამოვუვარდები. კარგად ვგრძნობ თავს, როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებზე. რა თქმა უნდა, მინუსები მაქვს, რომლებზეც ბევრს ვმუშაობ და იმედია, ნელ-ნელა დავხვეწავ.

იტალო გალბიატი, რომელიც ძალიან ცნობილი სპეციალისტია, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპაში, ყოველდღიურად დიდ ყურადღებას მაქცევს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს "ტორინოს" 17-წლამდელთა გუნდში ვარ და რა თქმა უნდა, "საბურთალოსი", სადაც გამზარდეს და რამდენიმე დაუვიწყარი წელი გავატარე.

- არ მოგენატრათ "საბურთალო" და თქვენი ქართველი მეგობრები?
- როდესაც "დინამოდან" "საბურთალოში გადმოვედი, ძალიან დიდი პროგრესი განვიცადე. როგორც ფეხბურთელი, ვატყობდი, რომ გავიზარდე. "საბურთალოში" ყველაფერი კარგად მახსენდება - "ბენდელას" სტადიონზე, სადაც ვვარჯიშობდით და ვთამაშობდით, მისვლა მიხაროდა. ვიცოდი, რომ მეგობრებს ვნახავდი, ვისაუბრებდით სხვადასხვა თემაზე, რის შემდეგაც კარგი საწვრთნელი პროცესი დაგვეწყებოდა.

"საბურთალოს" 2002-წლიანების გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ იტალიაში წამოსვლამდე რამდენიმე მატჩის ჩატარება 19-წლამდელთა გუნდში მომიწია. ამ ფაქტორმა კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობა შემმატა. ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს მწვრთნელებს სხვადასხვა დროს - ვოვა მუსერიძეს, გიორგი ჭელიძესა და ვალერი გაგუას, მადლობას გადავუხდი.

- "საბურთალოს" ამბებს გებულობთ ხოლმე?
- დიახ, ვებგვერდისა და "ფეისბუქგვერდის" მეშვეობით ყველაფერი ვიცი, რა ხდება და როგორ ასპარეზობენ "საბურთალოს" აკადემიის, ჭაბუკთა თუ დუბლების გუნდები. რაც შეეხება პირველ გუნდს, რომელიც ლიდერობს ეროვნულ ლიგას - მჯერა, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ყველა საბურთალოელს და მის გულშემატკივარს დიდ სიხარულს მიანიჭებს.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩვენი მუხიანელი!!!შენ გაიხარე შვილო!წარმატებები !მილანის ლეგენდებში დაგემკვიდრებინოს სახელი და საქართველო გაგეხარებინოს შენი ნიჭით და ფეხბურთის თამაშით!
ზვიად
11:16 17-10-2018
0
გვარს არ უღალატო ფეოლას ხათრით...წარმატებები
კახა ქირია
03:35 17-10-2018
2

სიახლეები პოპულარული