ლეგიონის უქმეები: 6 გოლი და ჩაკვეტაძის კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზის შემდეგ ლეგიონერებისთვის არცთუ ისე ცუდი კვირა დაიწყო. გოლებიც საკმაო რაოდენობით იყო და ქართველ ფეხბურთელებს სათამაშო დროც ეძლეოდათ.

ავსტრია
გრაცის "შტურმი" ვენის "აუსტრიას" ესტუმრა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს. "შტურმი" 11 ტურის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.

ავსტრიის მეორე ლიგაში ლუკა ელოშვილის "კაპფენბერგი" "ინსბრუკთან" 0:3 განადგურდა. ელოშვილი მეორე ტაიმში 65-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. მისი გუნდი მეექვსე ადგილზეა.

ბელორუსი
გიორგი ნავალოვსკის მინსკის "დინამო" "მინსკს" დაუპირისპირდა და ფრედ, 3:3 ეთამაშა. საქართველოს ნაკრების მცველმა 90
წუთი ითამაშა და 24 ტურის შემდეგ მისი გუნდი მეოთხე პოზიციაზეა.

გიორგი ქანთარიას ნემანი სოლიგორსკის "შახტიორს" ეწვია და 0:1 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და მე-80 წუთზე შეცვალეს. "ნემანი" მე-7 ადგილზეა.

ბელგია
შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც "ოოსტენდთან" გასვლით შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. "გენტმა" ეს შეხვედრა 4:0 მოიგო. ერთი გოლი ჩაკვეტაძის ანგარიშზეა. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, ის რეაბილიტაციის პროცესს გადის და ჯერჯერობით ვერ ახერხებს დაბრუნებას. 11 ტურის შემდეგ "გენტი" მე-6 ადგილზეა.


ხორვატია
HNL-ში კარგად ასპარეზობს წელს დაწინაურებული გიორგი მჭედლიშვილის "გორიცა". მათ ამჯერად სტუმრად "ბელუპოს" 1:0 სძლიეს. ქართველი მცველი სათადარიგო იყო და 92-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. მისი გუნდი 11 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.

კვიპროსი
ქართველების "ანორთოსისი" "პარალიმნის" ეწვია და ფრედ, 1:1 ეთამაშა. ბექა მიქელთაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ნიკა კაჭარავა შეხვედრაში 61-ე წუთზე ჩაერთო. "ანორთოსისი" ექვსი ტურის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა.

დანია
ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" "ჰობროს" 2:0 სძლია. მოედანზე კვლავ გამორჩეული იყო ქართველი ნახევარმცველი, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა. 13 ტურის შემდეგ "ესბიერგი" მესამე ადგილზეა.

საბა ლობჟანიძის "რანდერსს" "სონდერსკი" ესტუმრა და ფრედ 1:1 ეთამაშა. ქართველმა შემტევმა 90 წუთი ითამაშა. "რანდერსი" მეათე პოზიციაზეა.

ესტონეთი
მეისტრილიგაში მორიგი შეხვედრა მოიგო ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ". მათ ამჯერად "ნარვას" 2:1 სძლიეს. ბეგლარიშვილმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა 28-ე წუთზე შესაცვლელი შეიქნა. მისი გუნდი 32 ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა და პირველ ადგილთან 5 ქულა აშორებთ.

სტუმრად მორიგი მარცხი იწვნია "პარნუმ", რომელიც "პაიდესთან" 2:1 დამარცხდა. სტუმართა შემადგენლობაში გეგი კეკუამ უცვლელად ითამაშა და 57-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მისი გუნდი ბოლო ადგილზეა და დიდი ალბათობით, მეორე ლიგაში გავარდება.

საფრანგეთი
მეორე ლიგაში ჯაბა ჯიღაურის "გრენობლი" "ნანსის" ეწვია და 2:1 დაამარცხა. ჯიღაური განაცხადში არ იყო.

გერმანია
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში აკაკი გოგიას "უნიონი" "პადებორნს" 0:0 დაუზავდა. გოგიამ პირველივე წუთიდან დაიწყო და 61-ე წუთზე შეცვალეს. 10 ტურის შემდეგ "უნიონი" მესამე ადგილზეა.

უნგრეთი
ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემიამ" "ფერენცვაროშს" 1:0 სძლია. ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი 11 ტურის შემდეგ მე-9 ადგილზეა.

გიორგი ბერიძემ "უიპეშტის" შემადგენლობაში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. ქართველი შემტევის გუნდი დვტკ-ს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ისინი მე-8 ადგილზე არიან.


ირანი
გიორგი გველესიანის "ნასაჯი" "სეფაჰანს" ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. "ნასაჯი" 9 ტურის შემდეგ მე-14 ადგილზეა.

ყაზახეთი
ქართველების "ტობოლი" ალმა-ატაში იმყოფებოდა, დედაქალაქურ კლუბთან ფრედ, 0:0 ითამაშეს, 29 ტურის შემდეგ კი მესამე ადგილზე არიან. ნიკა კვეკვესკირმა 90 წუთი იასპარეზა, ხოლო ჯაბა კანკავა ტრავმირებულია.

ლატვია
გურამ ლუკავას "იელგავა" გათამაშების ლიდერ "რიგასთან" 0:2 დამარცხდა, ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და 25 ტურის შემდეგ მისი გუნდი მეექვსე ადგილზეა.

ქართველების "რიგასმა" "ვალმიერა" 3:0 გაანადგურა. ლაშა შერგელაშვილი და ირაკლი სიხარულიძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ეს უკანასკნელი ბექა ვაჩიბერაძემ შეცვალა მე-60 წუთზე. "რიგასი" მესამე ადგილზეა.

პოლონეთი
ვატო არველაძის "კორონა" "ლეხს" ეწვია და 1:2 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი 67-ე წუთზე ჩაერთო შეხვედრაში. 12 ტურის შემდეგ "კორონა" მე-7 ადგილზეა.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" "ზაგლებლიეს" 3:3 დაუზავდა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. "პლოცკი" მე-13 ადგილზეა.

პორტუგალია
ავთო ებრალიძის "ჩავესმა" პორტუგალიის თასის 1/32-ფინალში "სალგადას" 4:1 სძლია. ბოლო გოლი ქართველმა ფეხბურთელმა 93-ე წუთზე გაიტანა.


თასზე იასპარეზა გიორგი არაბიძის "ნასიონალმა", რომელიც 1/32-ფინალში გამოეთიშა. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. გუნდებმა 90 წუთში 2:2 ითამაშეს, თუმცა დამატებით დროში "ლუსიტანოსთან" 3:4 დამარცხდნენ.

რუსეთი
ქართული დერბი შედგა მოსკოვში, ჯანო ანანიძის "სპარტაკი" გია გრიგალავას ტულის "არსენალმა" დაამარცხა 2:3. მასპინძელთა შემადგენლობაში ანანიძე სათადარიგო გახლდათ, ხოლო სტუმართა შემადგენლობაში გია გრიგალავამ შეხვედრა სრულად ჩაატარა. 11 ტურის შემდეგ "სპარტაკი" მეექვსე ადგილზეა, "არსენალი" - მეათეზე.

ჯიმი ტაბიძის "უფა" შინ ყაზანის "რუბინს" 0:0 დაუზავდა. საქართველოს ნაკრების მცველმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. მისი გუნდი ცხრილში მეთხუთმეტე ადგილს იკავებს.

საბა კვირკველიამ დაცვასთან ერთად თავდამსხმელობაც შეითავსა და მისი გოლით მოსკოვის "ლოკომოტივმა" "როსტოვის" 2:1 დამარცხება მოახერხა. საბა ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-60 წუთზე თავი გოლით გამოიჩინა და 77-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. "ლოკომოტივი" მეოთხე ადგილზეა.


სლოვაკეთი
ქართველთა ტრნავის "სპარტაკმა" "სენიცა" 4:1 გააადგურა. ძირითად შემადგენლობაში იყო და მეტოქის რბევაში მონაწილეობა მიიღო ვახტანგ ჭანტურიშვილმა, რომელმაც 73-ე წუთზე გოლით გამოიჩინა თავი. რაც შეეხება დავით სხირტლაძეს, ის მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა. 12 ტურის შემდეგ ტრნაველები მე-9 ადგილზე არიან.


ესპანეთი
გიორგი აბურჯანიას "ლუგომ" "ხიმნასტიკი" 1:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო და მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჩაერთო შეხვედრაში. 10 ტურის შემდეგ "ლუგო" მე-13 ადგილზეა.

შვეიცარია
ქართველების "ლუცერნმა" მიმდინარე ჩემპიონატში მეშვიდე მარცხი განიცადა. ოთარ კაკაბაძემაც და ვაკო გვილიამაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს თამაში. კაკაბაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა და 32-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება გვილიას, ის მე-60 წუთზე შეცვალეს. 11 ტურის შემდეგ "ლუცერნი" მე-7 ადგილზეა.

უკრაინა
დავით ხოჭოლავას "შახტარმა" ლუკა კობერიძის "დესნა" 1:0 დაამარცხა. ორივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. ხოჭოლავა 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კობერიძე - 72-ე წუთზე. 12 ტურის შემდეგ "შახტარი" პირველ ადგილზეა, "დესნა" - მეცხრეზე.

აშშ
სეზონის ბოლო მატჩი ჩაატარა ქართველების "სან ხოსემ" , რომელიც "კოლორადოს" უპირისპირდებოდა და ფრედ, 0:0 ეთამაშა. ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა. რაც შეეხება გურამ კაშიას, ის განაცხადში არ იყო. MLS-ში ამჟამად პლეი-ოფები იწყება, ხოლო ქართველ ფეხბურთელებს მომავალ წლამდე ხანგრძლივი დასვენება ელოდებათ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ალმა-ათა ყაზახეთის დედაქალაქი!?)))
გეორგიუსი78
07:11 23-10-2018
0
ბელგიური მედია წერს გენტი ჩაკვეტაძით აღფრთოვანებული საქართველოში კიდევ ეძებს ტალანტებსო და მიხეილ გორელიშვილის შეძენას ფიქრობენო და ნეტა მართალია?
მურმანი
23:39 22-10-2018
0

სიახლეები პოპულარული