რუსულ გამოცემასთან საუბრისას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იხსენებს, როგორ ავარჯიშებდა მამა ჯერ კიდევ 3-4 წლის ჯანოს.
"ერთ დღეს მამაჩემმა ცხოვრებაში ყველაზე ღირებული რჩევა მომცა: "ჯანო, თუ ფეხბურთს აირჩევ, ბოლომდე უნდა მიჰყვე". მის სიტყვებს ვერ ვუღალატებ და ვერ გავჩერდები - არ აქვს მნიშვნელობა, რა წინაღობა მექნება.
ქობულეთში ხშირად ჩავდივარ და საფლავზე მივდივარ. ვფიქრობ, რომ მამაჩემმა ფეხბურთისკენ გზა გამიხსნა.
მახსოვს, როცა 3-4 წლის ვიყავი მან კისერზე კარტოფილის ტომრით ბურთი ჩამომკიდა, რომელიც დარტყმის შემდეგ არსად მიდიოდა და უკან ბრუნდებოდა. 7-8 წლის ასაკში იქამდე ვკენწლავდი, სანამ არ დავიღლებოდი.
მას შეეძლო დილის ოთხ საათზე გავეღვიძებინე და სკოლაში წასვლამდე დიდი ხნის განმავლობაში ფეხბურთზე - გოლებზე, მოთამაშეებზე, ვარჯიშებზე - ესაუბრა.
როდესაც ჩემპიონთა ლიგის თამაშებს აჩვენებდნენ ტელევიზორში, დაძინების უფლებას არ მაძლევდა. რთულ დროში, როდესაც სახლში შუქი არ გვქონდა, სხვასთან მივდიოდით, ვისაც სპეციალური გენერატორი ჰქონდა, ვუყურებდით თამაშს და ორი საათის შემდეგ უკან ვბრუნდებოდით.
დილის 7 საათზე ზღვაზე ვიყავით და ვვარჯიშობდით. ვვარჯიშობდით ტექნიკაში, პასის გაკეთებაში, გაგვქონდა წარმოსახვითი გოლი. ერთ დღეს კი მარტო გამიშვა და მითხრა: "მე არ მცალია, წადი, მარტო ივარჯიშე, სავარჯიშოები ისედაც იცი". ხასიათზე არ ვიყავი, ამიტომ მხოლოდ ბურთის კენწვლა დავიწყე. როგორც აღმოჩნდა, მამა გამომყვა და შორიდან მაკვირდებოდა. როგორ დამსაჯა, არ მოვყვები, მაგრამ მარტივი არ ყოფილა.
- მე რომ არ ვიყო, შენ რა, ფეხბურთი არ უნდა ითამაშო? - მითხრა.
მას შემდეგ ვგრძნობ და ვიცი, რომ ის ყოველთვის ჩემთან ახლოსაა და არ მაქვს უფლება, მას იმედები გავუცრუო". - ამბობს ჯანო ანანიძე.
ჯანო ანანიძე: ლონდონის "არსენალი" მეპატიჟებოდა, ახლახან გავიგე, "სპარტაკში" კი არაფერი მითხრეს