ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: kc-camapa.ru

სულ 19 წუთი ეყო ჯანო ანანიძეს რუსეთის ჩემპიონატში მისთვის მესამე გუნდის მაისურით გოლის გასატანად.

26 წლის ქართველმა პრემიერლიგაში 2 წლისა და 7 თვის პაუზის შემდეგ გაიტანა. ჯანოს ბოლო გოლი კი 2016 წლის სექტემბრით თარიღდება, როცა მან ავსტრიის ნაკრების კარი დალაშქრა. ამის გარდა, ქართული გოლები გავიდა ალბანეთში, ლიეტუვასა და ირანში. ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკაში ჩემპიონატი შესანიშნავი საგოლე პასით დაიწყო.

იტალია
სერია A. ლევან მჭედლიძის "ემპოლი" შინ "პარმას" დაუზავდა - 3:3. ქართველი ფორვარდი ტრავმირებულია.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. გიორგი აბურჯანიას
(სათადარიგო) "ლუგო" სტუმრად "ოვიედოს" დაუზავდა - 1:1. გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" "ალბასეტე" მიიღო. პაპუნაშვილი ტრავმირებულია.

გერმანია
II ბუნდესლიგა. გიორგი ლორიას "მაგდებურგმა" სტუმრად უშუალო კონკურენტ "დუისბურგთან" 92-ე წუთზე გაუშვა ბურთი და 0:1 დამარცხდა. ლორიამ ახლო მანძილიდან დარტყმული თავურის მოგერიება ვერ შეძლო.

აკაკი გოგიას "უნიონმა" სტუმრად 2:0 სძლია "ჰოლშტაინს". გოგია 67-ე წუთზე გამოცვალეს.

საფრანგეთი
ლიგა 2. ჯაბა ჯიღაურის "გრენობლმა" შინ 2:0 მოუგო "რედ სტარს". ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო.

ნასიონალი. ამირან სანაიას ახლანდელმა გუნდმა "როდეზმა" სტუმრად აჯობა მის ყოფილ გუნდ "ლე მანს" - 1:0.

პორტუგალია
პრიმეირა. ტრავმირებული გიორგი არაბიძისა და ავთო ებრალიძის გარეშე "ნასიონალმა" ფუნშალში "ტონდელას" 3:2 მოუგო.

გიორგი მაკარიძემ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა - "სეტუბალი" "მორეირენშეს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. გიორგის გოლი საკუთარმა ფეხბურთელმა გაუტანა. ქართველი მეკარე 90-ე წუთზე გააფრთხილეს.

ბელგია
ჟუპილერლიგა. ქართველთა "გენტმა" სტუმრად "ვარეგემს" 3:1 მოუგო, მაგრამ ქართველთა დახმარების გარეშე - გიორგი ქვილითაია სათადარიგო იყო, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია.

შვეიცარია
სუპერლიგა. ლევან ხარაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი "ციურიხი" კი შინ "ლუგანოსთან" 0:1 დამარცხდა.

ოთარ კაკაბაძის (ტრავმა) "ლუცერნმა" კი სტუმრად "გრასჰოპერს" 3:1 მოუგო.

დანია
სუპერლიგა. ლაშა პარუნაშვილის (90 წუთი) "ესბიერგმა" შინ "ჰორსენსს" მოუგო - 1:0.

საბა ლობჟანიძის (90 წუთი) "რანდერსი" კი სტუმრად "სონდერისკესთან" 0:3 დამარცხდა.

ავსტრია
ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" შინ ლასკ-თან განადგურდა - 0:3. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

2 ლიგა. ლევან ელოშვილის (71-ე წუთზე გამოცვალეს) "კაპფენბერგმა" შინ 0:1 დათმო "ფლორიდსდორფერთან".

პოლონეთი
ექსტრაკლასა. ლუკა ზარანდიას "არკა" სტუმრად "ლეხთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი 76-ე წუთზე გამოცვალეს.

აუტსაიდერმა "ზაგლემბიემ" 4:1 გაანადგურა "კორონა". გამარჯვებულთა რიგებში 89-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი ივანიშვილი, გიორგი გაბედავა განაცხადში არ ყოფილა. წაგებულებში კი მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა ვატო არველაძემ.

ტრავმირებული გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" შინ "კრაკოვიას" 3:2 მოუგო.

ვაკო გვილიას "გურნიკი" სტუმრად "იაგელონიას" დაუზავდა - 2:2. გვილია სასტარტოში იყო. ის 71-ე წუთზე გამოცვალეს.

I ლიგა. გუგა ფალავანდიშვილის (90 წუთი) "პოდბესკიძიე" შინ "სტალთან" 0:2 დამარცხდა.

უნგრეთი
OTP. ლაშა დვალის (90 წუთი) "ფერენცვაროშმა" შინ 7:0 გაანადგურა "დიოშდიორი".

ტრავმირებული ზაქარია ბეგლარიშვილის "ჰონვედი" შინ "ჰალადაშთან" 1:3 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ბუბა დაუშვილმა.

"პუშკაშ აკადემიამ" შინ 2:0 მოუგო "დებრეცენს". გამარჯვებულთა რიგებში არ ყოფილა ბაჩანა არაბული.

გიორგი ბერიძის "უიპეშტი" შინ მტკ-ს დაუზავდა - 0:0. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 81-ე წუთზე შევიდა.

ჩეხეთი
I ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილის (89-ე წუთზე გამოცვალეს, გააფრთხილეს) "ზლინმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "ოსტრავა".

სლოვაკეთი
სუპერლიგა. ლუკა ლოჩოშვილის (სათადარიგო) "ჟილინა" შინ "ზლატე მორავცეს" დაუზავდა - 0:0.

ხორვატია
HNL. გიორგი მჭედლიშვილის (განაცხადში არ ყოფილა) "გორიცამ" "რუდეში" შინ 3:1 დაამარცხა.

საბერძნეთი
სუპერლიგა. ლაშა შერგელაშვილის (90 წუთი) "იანინა" შინ "ქსანთის" დაუზავდა - 0:0.

ასევე შინ ფრე ითამაშა გიორგი რეხვიაშვილის (90 წუთი) "ლევადიაკოსმა" - 1:1 "ლამიასთან".

ბულგარეთი
პარვა ლიგა. ქართველთა "ვერეია" შინ 0:2 დამარცხდა "ჩერნო მორესთან". სტარაზაგორელთა შემადგენლობაში გოდერძი მაჩაიძემ შეუცვლელად ითამაშა, აუტსაიდერის ახალწვეული შოთა გვაზავა კი განაცხადში არ იყო.

შვედეთი
თასი. გიორგი ხარაიშვილის (90 წუთი) "გიოტებორგი" სტუმრად 3:3 დაუზავდა "იორებროს".

კვიპროსი
I დივიზიონი. კვიპროსის ჩემპიონატი ორ ნაწილად გაიყო. გასავარდნ ტურნირში "ანორთოსისი" აუტსაიდერ "ერმისთან" სტუმრად 1:2 დამარცხდა. ნიკა კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა, ბექა მიქელთაძე კი თანაგუნდელთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ გუნდის განაცხადში აღარ ჩანს.

ალბანეთი
სუპერლიგა. ირაკლი ძარიამ "ლუფტიოტარისთან" მატჩში პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა, ხოლო მისმა "კუკეშიმ" 3:0 იმარჯვა. ეს ქართველი ნახევარმცველის პირველი გოლია ჩემპიონატში.


რუსეთი
პრემიერლიგა. რუსეთის ჩემპიონატიც განახლდა და მოსკოვში გაიმართა, სადაც ჩემპიონი "ლოკომოტივი" 2:2 დაუზავდა "კრილია სოვეტოვს". მატჩის მე-19 წუთზე დებიუტი გოლით აღნიშნა ჯანო ანანიძემ, რომელმაც დაუმუშავებლად დაარტყა "ლოკომოტივის" კარში და ანგარიში გახსნა. ჯანო 62-ე წუთზე გამოცვალეს ("ჩემპიონატის" შეფასება - 6.5). მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა (გააფრთხილეს) საბა კვირკველიამ (6.0), ხოლო ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგო იყო.

გია გრიგალავას "არსენალმა" ცსკა-ს ტულაში უმასპინძლა და 2:0 მოუგო. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მაღალი შეფასება დაიმსახურა (7.0).

ჯიმი ტაბიძის (სათადარიგო) "უფა" შინ კიევის "დინამოსთან" დამარცხდა - 1:2.

უკრაინა
პრემიერლიგა. კიევის "დინამოს" ახალგაზრდა შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა წინა დღით სარეზერვო გუნდში გაიტანა, ხოლო "დესნასთან" გასვლით მატჩში, რომელიც სტუმრებმა 2:1 მოიგეს, ის სათადარიგო იყო.

კიევის "არსენალმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ოლიმპიკს". ჯაბა ლიპარტია განაცხადში არ ყოფილა.

ნიკა სანდოხაძის "კარპატი" შინ ლვოვის დერბიში დამარცხდა "ლვივთან" - 0:1. სანდოხაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ქართველთა "ვორსკლა" "ზორიას" ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. სანდრო კობახიძე სათადარიგო იყო, ანდრო გიორგაძე განაცხადში არ ყოფილა. მოგებულთა რიგებში სათადარიგო იყო მეკარე ზაურ მახარაძე.

ლიეტუვა
A ლიგა. ლევან მაჭარაშვილის გოლით დაიწყო ლიეტუვის ჩემპიონატი. მისმა "შტუმბრასმა" 1:0 მოუგო შინ "პანევეჟისს". გამარჯვების გოლი ქართველმა 61-ე წუთზე გაიტანა, ხოლო 75-ე წუთზე ის გამოცვალეს.


აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. დავით ვოლკოვის (78-ე წუთზე შემოვიდა) "გაბალა" სტუმრად "ზირიას" დაუზავდა - 1:1.

თამაზ ცეცხლაძის (სათადარიგო) "საბაილი" შინ "სუმგაითს" დაუზავდა - 0:0.

აშშ
MLS. ქართველთა "სან ხოსემ" სეზონი შინ მარცხით დაიწყო - "მონრეალთან" 1:2 წააგო. მე-11 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ერიქსონს გაატანინა, მაგრამ მეტოქემ პირველივე ტაიმში გაიტანა ორი გოლი. ყაზაიშვილმა და გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს.


ირანი
სპარსეთის ყურის პრო ლიგა. ლუკა ნოზაძისა და რომან ჩაჩუას "რაშთი" შინ "ესტეღლალთან" დამარცხდა - 1:2.

გიორგი გველესიანისა და ლაშა თოთაძის "ნასაჯი" სტუმრად "ნაფთს" დაუზავდა - 2:2. სტუმრები თოთაძემ 81-ე წუთზე 2:0 დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა გათანაბრება მაინც შეძლეს. 30 წლის ქართველმა მცველმა ირანში პირველი გოლი გაიტანა.

საუდის არაბეთი

პრო ლიგა. ზურაბ ცისკარიძის (90 წუთი) "ალ ჰაზმი" შინ "ალ ფეიჰასთან" 0:1 დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა ხდება თოკოსთან დაკავშირებით, იქნებ ინტერვიუ აგეღოთ.
გიზოგ
15:33 04-03-2019
3
თუ შეიძლება რა ხდება ოქრიაშვილის და ჭანტურიას თავს,რო დაწეროთ,ნაკრების თამაშები კარს მოგვადგა და ეს ფეხბურთელები სადმე არ ჩანს,არც თგვენსგან იდება სიახლე...
Aba heee
12:26 04-03-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული