23 აპრილს "ვორსკლამ" ალექსანდრე კობახიძის გარჯის შედეგად უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურში "დესნასთან" ქულა მოიპოვა.
მატჩი ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ "ვორსკლა" პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 მარცხდებოდა.
მასპინძელთა შემადგენლობაში სრული მატჩი ჩაატარა ალექსანდრე კობახიძემ და საკუთარი გუნდის "ქამბექში" თავისი წვლილი შეიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში კობახიძეს გატანაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული "დესნას" მეკარემ კუთხურზე მოიგერია.
61-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:3 იყო, კობახიძე მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ჩაწოდება სცადა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მცველმა ხელით დაბლოკა. მატჩის მთავარმა მსაჯმა მაშინვე პენალტი დანიშნა და ანგარიში 2:3 გახდა.
71-ე წუთზე პოლტაველებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს.
"დესნას" რიგებში ითამაშა წარმოშობით ქართველმა თემურ ფარცვანიამ. კობახიძის ეპიზოდში ბურთი ხელზე სწორედ მას მოხვდა. "ვორსკლას" ქართველი მცველი ანდრო გიორგაძე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
"ვორსკლას" 30 ქულა აქვს და გასავარდნი ზონიდან 6 ქულით არის დაშორებული.