ლაშა დვალი: ეს სიხარული ჩემს ცხოვრებაში ბოლომდე მემახსოვრება

AutoSharing Option
"საბურთალოს" სკოლის ყოფილი ფეხბურთელი ლაშა დვალი, რომელიც ახლა "ფერენცვაროშის" ღირსებას იცავს, რამდენიმე დღის წინ უნგრეთის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი პოლონეთიდან უნგრეთში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადავიდა.

"საბურთალოს" ოფიციალური ვებგვერდი ლაშას ევროპაში დაუკავშირდა, ჩემპიონობა მიულოცა და შემდეგ რამდენიმე კითხვით მიმართა.

- ლაშა, გილოცავთ უნგრეთის ჩემპიონობას. როგორი იყო პირველი ემოციები?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. მშვენიერი შეგრძნებაა, როდესაც გიფასდება ყოველდღიური შრომა. თავს არ ვზოგავ, ბევრს ვმუშაობ ჩემს თავზე. ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ.

- როგორ აღნიშნეთ ჩემპიონობა?
- მთელმა გუნდმა განსაკუთრებულად აღვნიშნეთ - ჯერ
დიდი ზეიმი იყო მოედანზე, ჩვენს გულშემატკივრებთან, შემდეგ კი გასახდელში გაგრძელდა აღნიშვნა. ეს სიხარული ჩემს ცხოვრებაში ბოლომდე მემახსოვრება.

- ბევრ მილოცვას მიიღებდით, მათ შორის, საქართველოდანაც…
- დიახ. მივიღე ბევრი მილოცვა, რაც ძალიან სასიამოვნოა. მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კეთილი სურვილებისთვის, გვერდში დგომისთვის.

- "ფერენცვაროშს" ზამთრის სეზონიდან შეუერთდით. ახლანდელი გადასახედიდან, ალბათ, სწორი ნაბიჯი გადადგით…
- როდესაც უნგრეთში მივდიოდი, მაშინაც ვფიქრობდი, რომ სწორ ნაბიჯს ვდგამდი.

"ფერენცვაროში" ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ახლა ეს ნაბიჯი ბევრად გამართლებულია.

- შარშან, როდესაც "პოგონის" შემადგენლობაში თამაშობდით და შეკრებაზე იყავით, თურქეთში "საბურთალოს" ამხანაგურ მატჩში შეხვდით. მაშინ თქვით, რომ გამიხარდება, თუ ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის მატჩებში "საბურთალოს" წინააღმდეგ ვითამაშებო. "ფერენცვაროშიც" და "საბურთალოც" ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ, თუმცა შეხვედრით შესაძლოა მეორე ეტაპიდან დაუპირისპირდნენ. რა მოლოდინი გაქვთ?
- ჩემთვის მშვენიერი გამოწვევა იქნება და ნამდვილად გამიხარდება, თუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "საბურთალოს" შევხვდები.

- კლუბში თუ შეგეკითხნენ, საქართველოში ვინ გახდა ჩემპიონი, ან თუ აქვთ ინფორმაცია "საბურთალოს" შესახებ?
- ამ თემაზე უნგრელები ხშირად მეკითხებიან. აინტერესებთ, ვინ არის საქართველოს საუკეთესო გუნდი, ვინ რას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, "საბურთალოს" ქებით არ ვიღლები. "საბურთალო" ნამდვილად იმსახურებს ქებას, მათ ეს დიდი შრომის შედეგად დაიმსახურეს.

- საუბრის ბოლოს ნაკრებზეც გკითხავთ. რას იტყვით ბოლო ორ ოფიციალურ შეხვედრაზე?
- საკმაოდ ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ მოგვიწია თამაში. კვალიფიციური და ძლიერი მწვრთნელი გვყავს. მჯერა, დროთა განმავლობაში უკეთ წარმოვაჩენთ საკუთარ შესაძლებლობებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული