ალბათ, გახსოვთ, იყო პერიოდი, როცა მახაჭყალის "ანჟიში" სერიოზული ინვესტიციები ჩაიდო. კლუბი ლეკმა მილიარდერმა სულეიმან კერიმოვმა შეიძინა და ბევრი ცნობილი ფეხბურთელი ჩამოიყვანა. გუნდი მოსკოვში ცხოვრობდა და მხოლოდ თამაშებზე ჩადიოდა მახაჭყალაში. ამ ყველაფერს თავისი მიზეზი ჰქონდა. მახაჭყალის "ანჟი" იყო სიმბოლური პროექტი მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რათა ეჩენებინათ, რომ რუსეთში და განსაკუთრებით, ჩრდილო კავკასიაში ცხოვრება და თამაში აბსოლუტურად უსაფრთხო გახლდათ.
სწორედ მსოფლიოსთვის საჩვენებლად ჩამოიყვანეს რობერტო კარლოსი, რომელსაც კერიმოვმა "ბუგატიც" კი უყიდა. რობერტო კარლოსს მოჰყვნენ სხვა ცნობილი ფეხბურთელები - სამუელ ეტო’ო "ინტერიდან", ვილიანი დონეცკის "შახტარიდან",
ლასანა დიარა მადრიდის "რეალიდან" და ა.შ. შეიქმნა ძლიერი გუნდი ე.წ. ვარსკვლავური ნაწილით. სწორედ ამ გუნდის მეკარე გახლდათ ქართველი ნუკრი რევიშვილი, რომელიც 2011 წლის სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო მეკარედაც აღიარეს.
ამჯერად, რუსულმა გამოცემა nevasport-მა, ნუკრი "ანჟის" ლეგიონერთა სიმბოლურ გუნდში შეიყვანა. აი, რას წერს საიტი ქართველ მეკარეზე:
"ქართველი კიპერი ორჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი "რუბინთან" ერთად, თუმცა ყაზანური გუნდის ძირითადი მეკარე არ იყო და ბერდიევის ხელმძღვანელობით, პრემიერლიგაში მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა. ამის შემდეგ რევიშვილი "ანჟიში" გადავიდა და 2 ძალიან კარგი სეზონიც ჰქონდა, მხოლოდ 47 გოლი გაუშვა 40 შეხვედრაში. "ანჟის" შემდეგ ქართველი მეკარის კარიერაში ბევრი კლუბი გახლდათ, მალტური "ვალეტას" შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონიც გახდა და თასიც მოიგო."
სამწუხაროდ, 32 წლის ნუკრი რევიშვილმა უკვე დაასრულა საფეხბურთო კარიერა. არა მხოლოდ მახაჭყალურ კლუბში, არამედ საქართველოს ნაკრებში კარგი თამაშითაც იყო გამორჩეული. განსაკუთრებულად კარგი ხორვატიასთან თბილისურ შეხვედრაში გახლდათ, რომელშიც 1:0 გავიმარჯვეთ.