19:30 ლარნაკის "აეკი" - "გენტი"
ბელგიურ კლუბს ევროპა ლიგაზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს და დღევანდელ დაპირისპირებაშიც გამოკვეთილი ფავორიტია. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, სამატჩო განაცხადშია გიორგი ქვილითაია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. კლუბში მის პოზიციაზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა და რთულია იმის განსაზღვრა, რამდენად მიეცემა თუნდაც მეორე ტაიმში მოედანზე გამოსვლის შანსი.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ის ტრავმირებულია და
თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ოქტომბერში დაბრუნდება, ხოლო გიორგი ბერიძე ამ ეტაპზე განაცხადში ვერ მოხვდა.
თუ ბელგიელიები კვიპროსულ ბარიერს დაძლევენ, შესარჩევის ბოლო ეტაპზე "რიეკა" - "აბერდინის" წყვილს დაუპირისპირდებიან.
20:45 "ვენტსპილსი" - "გუიმარეში"
რთული მისია აქვს ლატვიურ გუნდს, მათ საკმაოდ მწირი რესურსით პორტუგალიური კლუბი უნდა შეაჩერონ და ამის ალბათობა საკმაოდ მცირეა. "ვენტსპილსისგან", რა თქმა უნდა, მოსალოდნელია დაცვითი ფეხბურთი, რა დროსაც რთული დავალებების შესრულება მოუწევთ გიორგი მჭედლიშვილსა და გუგა ფალავანდიშვილს. სავარაუდოდ, ორივე ფეხბურთელი შეხვედრას პირველივე წუთებიდან დაიწყებს.ამ წყვილში გამარჯვებული პლეი-ოფში "სტიაუა" - ბოლესლავის "მლადას" შორის ფავორიტს დაუპირისპირდება.
21:00 "თუნი" - მოსკოვის "სპარტაკი"
ჯანო ანანიძის "კარიერის" კლუბი ევროპის რიგით მეორე ტურნირის ჯგუფში მოსახვედრად იბრძვის და ამის დიდი შანსი აქვს. შვეიცარიაში მოსკოველთა ვიზიტი, დიდი ალბათობით, გამარჯვებით დასრულდება. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, კლუბში აძლევენ შანსს, რომ თავი წარმოაჩინოს და არ არის გამორიცხული, ის შეხვედრაში პირველივე წუთიდან ჩაერთოს.შესარჩევი ეტაპის ფინალურ ეტაპზე ამ წყვილის გამარჯვებული "ბრონდბიუ" "ბრაგას" შორის რჩეულს დაუპირისპირდება.
23:00 "ლეგია" - "ატრომიტოსი"
ვაკო გვილიას გუნდს ამ ეტაპზე არცთუ ისე რთული მეტოქე ჰყავს, ვარშავული კლუბი ფავორიტია და დღევანდელ შეხვედრაშივე შეეცდება სასურველი უპირატესობის მოპოვებას. რაც შეეხება გვილიას, ის კლუბში დამკვიდრდა და ძირითად შემადგენლობაში იქნება.თუ პოლონელებს რაიმემ ხელი არ შეუშალათ, მათი მომდევნო მეტოქე "მიდტიულანდსა" და "რეინჯერსს" შორის გაირკვევა.
23:00 "ლუცერნი" - "ესპანიოლი"
შვეიცარიელებს წილისყრაში ნამდვილად არ გაუმართლა, პრიმერა დივიზიონის არცერთ გუნდთან დაპირისპირება მარტივი არ არის. ოთარ კაკაბაძე გუნდის შეუცვლელი ფიგურაა და ძირითად შემადგენლობაში იქნება.ამ წყვილში უკეთესი შედეგის მქონე გუნდი პლეი-ოფში სოფიას "ცსკასა" და ლუგანსკის "ზორიას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
23:00 "ტორინო" - სოლიგორსკის "შახტიორი"
ბელორუსულ კლუბში ახლახან გადაბარგებულ ლაშა შინდაგორიძეს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება არ აქვს, რადგან შესარჩევ ეტაპზე ორ სხვადასხვა გუნდში თამაში არ შეიძლება. იმ ფონზე, როცა მეტოქე სერია A-ს ბინადარია, ნაკლებად სავარაუდოა, შინდაგორიძემ ამ სეზონში ევროტურნირებზე ასპარეზობა მოახერხოს.ამ წყვილში გამარჯვებულის მეტოქე ერევნის "პიუნიკისა" და "ვულვზის" დაპირისპირებაში გაირკვევა.