გასული უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის შედეგიანი არ გამოდგა. მხოლოდ ერთი საგოლე პასი დაფიქსირდა რუსეთში და ერთიც პოლონეთში.
ესპანეთი
ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილის (სრული მეორე ტაიმი ითამაშა) "სარაგოსამ" "მირანდესს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
საფრანგეთი
ლიგა 2. ამირან სანაიას (90 წუთი) "როდეზმა" სტუმრად "კლერმონს" მოუგო - 1:0.
ჰოლანდია
ერედივიზიე. გიორგი აბურჯანიას (სათადარიგო) "ტვენტე" შინ "ვილემთან" დამარცხდა - 0:1.
ბელგია
ჟუპილერ ლიგა. ლუკა ზარანდიას (სათადარიგო) "ვარეგემი" სტუმრად "კორტრაიკთან" დამარცხდა - 0:2. გიორგი ქვილითაიას (73-ე წუთზე შევიდა და გიორგი ჩაკვეტაძის (ტრავმა) "გენტმა" კი შინ 2:0 "ბევერენს" მოუგო.
პროქსიმუს ლიგა. გიორგი ბერიძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "ლოკერენი" "ვესტერლოსთან" სტუმრად 0:2 დამარცხდა. ირაკლი ბუღრიძის (არ უთამაშია) "ბეერსხოტმა" შინ "ვირტონს" 2:1 მოუგო. ბექა ვაჩიბერაძის (არ უთამაშია) "ლომელმა" "ლუვენს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
პორტუგალია
თასი. გიორგი მაკარიძის (90 წუთი) "სეტუბალი" "აგუიაშს" ესტუმრა, 5:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შვეიცარია
სუპერლიგა. ლევან ხარაბაძის (არ უთამაშია) "ციურიხი" "ლუგანოს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ოთარ კაკაბაძის (90 წუთი) "ლუცერნმა" "სიონს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო.
ავსტრია
ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის (90 წუთი) "შტურმი" შინ ლიდერ "ზალცბურგს" 1:1 დაუზავდა.
2 ლიგა. ლევან ელოშვილის (მეორე ტაიმი ითამაშა) "კაპფენბერგმა" "გრაცერს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო.
პოლონეთი
ეკსტრაკლასა. ვატო არველაძის (სათადარიგო) "კორონა" შინ გიორგი მერებაშვილის (სათადარიგო) "პლოცკთან" დამარცხდა - 0:1. ვაკო გვილიას (მე-80 წუთზე შევიდა) "ლეგიამ" ვარშავაში "ლეხი" დაამარცხა - 2:1. დავით სხირტლაძის "არკამ" შინ გდანსკის "ლეხიასთან" 2:2 ითამაშა. მეორე გოლი სხირტლაძის საგოლე გადაცემის შემდეგ გავიდა. ქართველმა 90 წუთი ითამაშა.
დანია
სუპერლიგა. ლაშა პარუნაშვილის (90 წუთი) "ესბიერგი" "კოპენჰაგენს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.
საბერძნეთი
სუპერლიგა. ბაჩანა არაბულის (90 წუთი) "პანიონიოსმა" "ასტერასს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
თურქეთი
1 ლიგა. გიორგი არაბიძის (არ უთამაშია) "ადანასპორმა" "ისტანბულსპორს" უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა.
ჩეხეთი
1 ლიგა. ანდრო გიორგაძისა (არ უთამაშია) და ვახტანგ ჭანტურიშვილის (არ უთამაშია) "ზლინი" შინ "მლადა ბოლესლავთან" დამარცხდა - 0:2.
უნგრეთი
OTP ბანკ ლიგა. ბუდუ ზივზივაძის (90 წუთი) "მეზოკოვეშდი" შინ ლიდერ "მოლ ფეჰერვარს" დაუზავდა - 0:0. ლაშა დვალის (ტრავმა) "ფერენცვაროშმა" შინ 1:0 მოუგო "უიპეშტს".
რუმინეთი
ლიგა 1. ავთო ებრალიძის (90 წუთი) "ვოლუნტარი" სტუმრად "ჰერმანშტადტს" დაუზავდა - 0:0.
ფინეთი
იკონენლიგა. გიორგი ოსიტაშვილის (არ უთამაშია) ტპვ-მ ქართველის ყოფილ გუნდ კტპ-ს უმასპინძლა და 1:0 მოუგო.
კვიპროსი
I დივიზიონი. ირაკლი მაისურაძის (77-ე წუთზე შეცვალეს) "პარალიმნიმ" "ნეა სალამინას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" "ომონიას" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. ქართველთაგან სასტარტოში მხოლოდ გიორგი ლორია იყო, ნიკა კაჭარავა 87-ე წუთზე გამოჩნდა, ბუბა დაუშვილი სათადარიგო იყო, თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია.
მალტა
პრემიერლიგა. ირაკლი ძარიას (90 წუთი) "ვალეტა" "გუდჯას" ესტუმრა და 1:0 მოუგო.
რუსეთი
პრემიერლიგა. საბა კვირკველიას (სათადარიგო) "ლოკომოტივმა" გროზნოში "ახმატი" დაამარცხა - 2:0. ჯანო ანანიძის (სათადარიგო) "სპარტაკი" შინ 0:0 დაუზავდა ქართველთა "რუბინს", რომლის შემადგენლობაშიც სასტარტოში ზურიკო დავითაშვილი იყო, რომელიც 68-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ შეცვალა; ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია. ჯიმი ტაბიძის (90 წუთი) "უფამ" ცსკა-ს უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. 82-ე წუთზე მასპინძლებმა საჯარიმო მოაწოდეს, ტაბიძემ ბურთი თავით კროტოვს დაუგდო და "უფამ" მატჩში ქულა იხსნა.
გია გრიგალავას (არ უთამაშია) "არსენალმა" კი "სოჩის" უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა.
I დივიზიონი. ირაკლი კვეკვესკირის (არ უთამაშია) "სკა-ხაბაროვსკი" შინ "ტომსკს" დაუზავდა - 1:1.
უკრაინა
პრემიერლიგა. დავით ხოჭოლავას (განაცხადში არ ყოფილა) "შახტარმა" ხარკოვში "კოლოსი" 6:0 გაანადგურა. სანდრო კობახიძის (არ უთამაშია) "დნიპრო-1"-მა სტუმრად "მარიუპოლთან" ითამაშა და 0:1 წააგო.
ბელორუსი
ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას (არ უთამაშია) "ნემანმა" სტუმრად "სლავია" დაამარცხა - 1:0. აკაკი ხუბუტიას (90 წუთი) "ვიტებსკმაც" სტუმრად მოიგო, მინსკის "დინამო" 2:0 დაამარცხა. ლაშა შინდაგორიძის (79-ე წუთზე შევიდა) "შახტიორი" "დნიპროს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
ლატვია
ვირშლიგა. გიორგი მჭედლიშვილისა (90 წუთი, გააფრთხილეს) და გუგა ფალავანდიშვილის (მე-80 წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "ვენტსპილსმა" შინ ჩემპიონატის ლიდერ "რიგას" მოუგო - 2:1. თამაზ პერტიას "ვალმიერა" "ლიეპაიას" ესტუმრა და 3:2 მოუგო.
აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. ქართველთა "გაბალა" შინ "ყარაბაღს" დაუზავდა - 1:1. მერაბ გიგაურმა (გააფრთხილეს) და დავით ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშეს.
სომხეთი
პრემიერლიგა. ლევან მაჭარაშვილის (90 წუთი) "ლორი" "ალაშკერტს" ესტუმრა და 1:0 მოუგო.
ყაზახეთი
პრემიერლიგა. ჯაბა კანკავასა (90 წუთი) და ნიკა კვეკვესკირის (ტრავმა) "ტობოლმა" კახა ცხადაძის "ორდაბასის" უმასპინძლა და 1:2 წააგო. ცხადაძის გუნდი მე-4 ადგილზეა, "ტობოლი" მესამემდე დაქვეითდა.
"თუ პირველ 7-8 წუთს არ ჩავთვლით, როცა ამ მოედანს ვეგუებოდით, შედეგი სამართლიანია, ჩვენ მოგება დავიმსახურეთ", - განაცხადა ქართველმა მწვრთნელმა თამაშის შემდეგ.
ლაშა კასრაძისა (არ უთამაშია) და ელგუჯა ლობჯანიძის (90 წუთი) "თარაზმა" "შახტარს" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა.
უზბეკეთი
სუპერლიგა. 22-ე ტურში ლაშა თოთაძისა (90 წუთი, გააფრთხილეს) და მათე ვაწაძის (91-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "ყიზილქუმმა" სტუმრად "კოკანდს" 2:1 მოუგო და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა. ელგუჯა გრიგალაშვილის (90 წუთი) აგმკ-მ სტუმრად "ბუნიოდკორს" მოუგო - 2:0. სტუმრად მოიგო კახა მახარაძის (90 წუთი) "სოგდიანამაც", 1:0 "მეტალურგი" დაამარცხა. შოთა არველაძის "ფახთაქორმა" სტუმრად 4:1 მოუგო "დინამოს". ჯაბა ლიპარტიასა (90 წუთი) და ვილი ისიანის (არ უთამაშია) "ბუხორო" სტუმრად "ლოკომოტივთან" დამარცხდა - 0:2.
ირანი
სპარსეთის ყურის პრო ლიგა. კახა კაკაშვილის (90 წუთი) "ფარსმა" "სანატს" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა.