"სან ხოსე" MLS-ის პლეი-ოფში ისევ ვერ გავიდა, სეზონი დაასრულა, მისი ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი კი სანაკრებო მატჩებისთვის თბილისის "დინამოსთან" ერთად ემზადებიან. "დინამომ" ამის შესახებ ვიდეოც გაავრცელა.
მათ "საქართველოს პირველი არხის" გადაცემა "ტაიმ აუტში" ისაუბრეს.
ყაზაიშვილმა თქვა, რომ ამერიკაში ბევრი ფრენა უწევთ. საქართველოში ჩამოსვლისას 3-4 დღეში სათამაშოდ მზად უნდა იყვნენ, რადგან დროში განსხვავება 11 საათია, გადმორთვა ძნელია, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, ფორმაში იყვნენ.
მან აღნიშნა, რომ სეზონის დასაწყისში მწვრთნელ მატიას ალმეიდასთან პრობლემა ჰქონდათ, თუმცა შემდეგ დაილაპარაკეს და ყველაფერი მოგვარდა.
კაშიას მიაჩნია, რომ ირლანდიასთან 4 ქულის აღების შემთხვევაში, ევრო 2020-ზე გასვლის შესაძლებლობა შენარჩუნებული ექნებოდათ, თუმცა ევროპირველობაზე ერთა ლიგიდან გასვლის შანსი რეალურია და მომავალი ორი ამხანაგური მატჩი ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად უნდა გამოიყენონ.