აღარ ათამაშებენ მოსკოვის "ლოკომოტივში" საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველ საბა კვირკველიას, რომელიც წლების განმავლობაში გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო და ეს ადრე მიღებული ტრავმის ბრალი არ უნდა იყოს. აშკარაა, მიზეზი სხვაა, თუმცა ამას ჯერჯერობით არ ამჟღავნებენ.
რუსულმა გამოცემა "ბიზნესონლაინმა" დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირკველია "ლოკომოტივს" ზამთარში დატოვებს, რუსეთის ახალი ამბების ფედერალური სააგენტო (riafan.ru) კი აკონკრეტებს, თუ რომელ გუნდში შეიძლება გადავიდეს.
გამოცემის მტკიცებით, საბას სამსახურით მოსკოვის "დინამო" დაინტერესდა, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს. "დინამოს" მიაჩნია, რომ კვირკველიას გუნდის
დახმარება შეუძლია და რაც ყველაზე საინტერესოა, "ლოკო" მას 6.5 მილიონ ევროდ აფასებს.
ანუ გამოდის, "რკინიგზელები" მზად არიან, ქართველ ცენტრბეკს ამ თანხის სანაცვლოდ შეელიონ. მოდით, წინასწარ ნუ გამოვიტანთ დასკვნებს და მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. საბა ამჟამად "ლოკომოტივთან" ერთად სოჭშია შეკრებაზე (იხ. ფოტო).
ისე, "დინამო" "ლოკომოტივზე" გაცილებით სუსტი გუნდია, პრემიერლიგაში მე-11 ადგილზეა და პლეი-აუტის ზონას 1 ქულა აშორებს.