"გენტის" წამყვანმა თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა და დაახლოებით სამი თვე მოუწევს ბიულეტენზე ყოფნა. ამან, ბუნებრივია, გუნდის მწვრთნელი იეს ტორუპი დააფიქრა და მისი ალტერნატივის ძებნას შეუდგა. აი, რა განაცხადა ტორუპმა "მუსკრონთან" ნამატჩევს.
"რომანი გარკვეული დროის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება და ჩვენ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. გასულ შეხვედრაში ქვილითაია გამოვცადეთ. კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ იარემჩუკის დონის არ არის. ის სრულიად სხვა ტიპის ფორვარდია და სულ სხვანაირად მოგვიწევს თამაში.
გიორგი ბურთს კარგად იღებს, თუმცა სისწრაფით არ გამოირჩევა. დეპუატრესთან ტანდემში
ურიგოდ არ გამოიყურებოდა, საგოლე პასი გაუკეთა და ესეც მნიშვნელოვანია", - ციტირებს ტორუპს voetbalkrant.com-ი.
დანიელი სპეციალისტი გარკვეულ იმედებს აგრეთვე 20 წლის კოტდივუარელ ანდერსონ დიაგბოზე ამყარებს, რომელმაც ვარჯიშებზე სასტარტო სისწრაფით და გადაწყვეტილებების მყისიერად მიღების უნარით მოხიბლა, მაგრამ ჯერ მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის.