კორონავირუსის გამო ჩემპიონატები თითქმის ყველა ქვეყანაში შეჩერებულია. დღეს ბურთი მხოლოდ ჰაიტში, ნიკარაგუაში, პალესტინასა და ბელარუსში გაგორდა, სადაც პირველი ტური ჩატარდა.
გეგა დიასამიძისა და ლაშა შინდაგორიძის "შახტიორმა" სოლიგორსკის 4 200-იან "სტროიტელის" სტადიონზე, წვიმიან ამინდში ჟოდინოს "ტორპედო ბელაზს" უმასპინძლა და კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა.
ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, დიასამიძე შესვენებაზე შეცვალეს, შინდაგორიძემ კი შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანაც შეეძლო - 22-ე წუთზე მის მიერ შორიდან დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.