ყაზახეთის ჩემპიონატის სტარტზე "კაისარმა" ორივე მატჩი 1:0 მოიგო და ორივე გოლი ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტანა, რომელსაც ინტერვიუ კლუბის საიტმა ჩამოართვა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დამატებული ელგუჯა ლობჯანიძე ძალიან მოგვეწონა. ჩვენ გავესაუბრეთ ფეხბურთელს, რომელმაც გუნდს 6 ქულა "აჩუქა"
- ელგუჯა, პირველ ორ ტურში გოლები გაიტანეთ. კარიერაში ასეთი წარმატებული თამაში გქონიათ?
- მართალი გითხრათ, ეს ჩემს კარიერაში პირველად მოხდა. ამ ორმა გოლმა გუნდს კარგი შედეგი მოუპოვა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება როდია. ყველა ჩემმა თანაგუნდელმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღო. გუნდური თამაშით მოვახერხე თავის გამოჩენა. - ჩემპიონატისთვის თურქეთში ორი მოსამზადებელი შეკრება გავიარეთ. ევროპის 8 გუნდთან საკონტროლო მატჩები ჩავატარეთ. დიდი გამოცდილება მივიღეთ. შრომამ შედეგი გამოიღო და პირველობის სტარზე ორი გამარჯვება ვიზეიმეთ. "ასტანასთან" სუპერთასზე დავმარცდით (0:1). ეს ყაზახეთში ყველაზე ძლიერი გუნდია. ისე, ჩვენ 3 ქულის აღება ყველა მეტოქესთან შეგვიძლია.
- "კაისარი" რომ საქართველოს ჩემპიონატზე მონაწილეობდეს, რა შედეგს მიაღწევდა?
- არ ვიცი ამჟამად საქართველოს ჩემპიონატი რა დონეზეა, მაგრამ სამეულში ვიქნებოდით.
- ადამიანი ოცნების გარეშე არ არსებობს. თქვენი ოცნება რომელ ჩემპიონატში ასპარეზობაა?
- იმაზე უნდა იოცნებო, რისი მიღწევაც შეგიძლია. მაგალითად, ვოცნებობ ინგლისში, იტალიაში ან ესპანეთში თამაშზე. ვფიქრობ, რუსეთის პრემიერლიგაში თამაშს შევძლებდი. თანაც, ამის მცირე გამოცდილება მაქვს.
- თქვენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხართ. აქვს საქართველოს ევროპირველობაზე გასვლის შანსი?
- ეს საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა, ვინაიდან ადრე ჩვენს ეროვნულ გუნდს ასეთი შანსი არ ჰქონია. თუ ბელარუსს ვძლიეთ, შემდეგ კი ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს შორის გამარჯვებულს, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. ჩვენი ქვეყნისთვის ეს დიდი პატივი იქნება.
- ჩვენ კალათბურთელ ლობჯანიძის შესახებ გვსმენია. თქვენი ვინ არის?
- ჩვენ სპორტული ოჯახი გვაქვს. ის ჩემი ძმაა. საქართველოში ცნობილი კალათბურთელია, დანიისა და თურქეთის ჩემპიონატებში თამაშობდა.
- გავიგეთ, ყაზახური ენა იცით. რამდენად მართალია?
- ვერ ვიტყვი, რომ ყაზახური კარგად ვიცი, თუმცა ყველაფერი მესმის. ქართულსა და ყაზახურში რამდენიმე საერთო სიტყვაა. ჩემის აზრით, ყაზახური ენის შესწავლა ჩემთვის რთული არ იქნება, თან თანაგუნდელი ნურუმჯან სალაიდინი მეხმარება.
- კორონავირუსის გამო ჩემპიონატი ერთი თვით შეჩერდა. ეს ფეხბურთელთა ფორმაზე არ იმოქმედებს?
- მე ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ჩემპიონატის განახლებისთვის მემზადები.