ამერიკულმა საიტმა lastwordonsoccer.com-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც შეეხებოდა "სან ხოსე ერსქვეიქსის" ბოლო 10-წლეულის საუკეთესო და ყველაზე ცუდ ნაკრებს და გასაკვირი არაა, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი საუკეთესოთა შორის დაასახელეს.
აი, რას წერს საიტი ქართველის შესახებ:
"მარცხენა ნახევარმცველი: ვალერი "ვაკო" ყაზაიშვილი
"ამ პოზიციაზე ფეხბურთელის განსაზღვრა ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო, თუმცა ვაკო "სან ხოსეს" მესამე საუკეთესო ბომბარდირია და ლენდონ დონოვანის შედეგამდე ბევრი არ უკლია. აღსანიშნავია, რომ ყაზაიშვილი უკანასკნელ 10-წლეულში "ერსქვეიქსის" საუკეთესო ლეგიონერი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მისი მისამართით იყო შეკითხვები და ისინი,
შესაძლოა, ახლაც არსებობდეს, ვაკო MLS-ის შარშანდელ სეზონში 2 თვის განმავლობაში ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო (თუ საუკეთესო არა).
ყაზაიშვილს ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია დარტყმა და გატანა. ის ძალიან "ცბიერი", შემოქმედებითი ფეხბურთელია და მეტოქისთვის საფრთხეს წარმოადგენს, როცა მარცხენა ფლანგიდან შეიწევს ხოლმე შუაში."
მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილმა MLS-ის განვლილ 2 ტურში 1 გოლის გატანა მოახერხა. აშშ-ის მთავარი საფეხბურთო ლიგა 14 ივნისს განახლდება და "სან ხოსე" გასვლაზე "კალი კლასიკოში" "ლოს ანჯელეს გალაქსის" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.